“ლაციოს” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი რომაულ გუნდს სასამართლოში უჩივლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბოსნიელი სპეციალისტი დაკავებული თანამდებობიდან სათანადო კომპენსაციის გარეშე გაათავისუფლეს.
“ლაციომ” პეტკოვიჩი დღეს დაითხოვა და მის ნაცვლად ედოარდო რეია დანიშნა. რომაელთა განცხადებაში ნათქვამია, რომ პეტკოვიჩმა კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა ბოროტად გამოიყენა და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებები ფარულად აწარმოა. თანამშრომლობის გაწყვეტის ოფიციალურ მიზეზად სწორედ ეს სახელდება.
პეტკოვიჩის ადვოკატის, პაკო დ’ონოფრიოს თქმით, ბოსნიელი “ლაციოს” წინააღმდეგ სარჩელის აღძვრას გეგმავს: “ლაციოს” განცხადება უნიკალურია, რადგან არაა მითითება იმ წესზე, რომელიც პეტკოვიჩმა დაარღვია. არ არსებობს წესი, რომელიც მწვრთნელს, კონტრაქტის მოქმედების მიწურულს, სხვასთან მოლაპარაკებების წარმოებას უკრძალავდა.” – ციტირებს პეტკოვიჩის წარმომადგენლის სიტყვებს Sky Sport Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, “ლაციო” პეტკოვიჩს 100 ათას ევროს სთავაზობდა. ეს მაშინ, როდესაც, კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით, ბოსნიელს 600 ათასი ევრო უნდა მიეღო.