ინტერვიუები

20:51 | 6.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ შმაიხელი: “მეკარეებიდან ნოიერს გამოვარჩევ, რომელიც გარეგნობითაც მგავს”

“ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მამაჩემი პოლონელია, ამიტომაც ევროპის ჩემპიონატს მოუთმენლად ველი. ჩემპიონატი ხომ უკრაინასა და პოლონეთში ტარდება. ამასთან, დანიური ლუდის, Carlsberg-ის ელჩი ვარ, მატჩებს დავესწრები და გულშემატკივართა შორის კონკურსისას ჟიურის თავმჯდომარე ვიქნები”, – ეს, ლეგენდარული პეტერ შმაიხელის სიტყვებია.
90-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე (შესაძლოა, “ერთ-ერთი” ზედმეტიცაა) ამჟამად 48 წლისაა. აქვე, შმაიხელის ინტერვიუ რუსულ Sportbox-თან, რომელშიც საუბარი, მეტწილად, ევრო-2012-ს ეხება:
- რატომ, მაინცდამაინც Carlsberg-ი?
- დანიაში საფეხბურთო მეურნეობა ყოველთვის ისეთი ვერ იყო, როგორიც ახლაა. 80-იან წლებში, როცა კარიერას ვიწყებდი, მოყვარულები ვიყავით და უმაღლესი ლიგის ზოგიერთ კლუბსაც კი არ ჰქონდა სრული პროფესიონალური სტატუსი. მუშაობა მიწევდა ფეიქრად, დამლაგებლად, გამყიდველად, მშენებლად… 24 წლის ვიყავი, როცა პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე კლუბთან. Carlsberg-ი ამ პერიოდში მუდმივად ეხმარებოდა ფეხბურთს და არა მარტო დანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში დიდი წვლილი შეიტანა სპორტის ამ სახეობის განვითარებაში.
- თავად ხშირად სვამთ ლუდს?
- ხდება ხოლმე. თუმცა, ინტერვიუს დროს ნამდვილად არა...
- ევრო-2012-ზე თქვენი პროგნოზი?
- ჩემი ფავორიტი გერმანიაა. ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ. ამასწინათ, ყველა მატჩის შედეგი “ვიწინასწარმეტყველე”, ჩემთვის შევადგინე მთელი ბადე და გაირკვა, რომ ფინალში გერმანია ჰოლანდიას დაამარცხებს.
- ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ, ვის თვლით?
- შესაძლოა, ბევრი გავაკვირვო, მაგრამ მანუელ ნოიერს გამოვარჩევ. იკერ კასილიასს ფანტასტიკური კარიერა აქვს, რაც უკვე დაამტკიცა და ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ნოიერი კი ახალგაზრდა და პერსპექტიულია, თითქოს გარეგნობითაც მგავს. ბევრს ეგონა, რომ “ბაიერნში” გაუჭირდებოდა, თუმცა საკმაოდ სწრაფად გაიარა ადაპტაცია. ვფიქრობ, ევრო-2012 ნოიერის ჩემპიონატი გახდება. ისე, ძალიან მინდოდა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასულიყო, მაგრამ სამშობლოში დარჩენა ამჯობინა.
- მეკარეები რომ არ ჩავთვალოთ, ვინ გახდება ევრო-2012-ის მთავარი ვარსკვლავი?
- კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელებმა შესარჩევი ციკლი არცთუ დამაჯერებლად განვლეს, თუმცა გადამწყვეტ მატჩებში ყოველთვის უკეთ თამაშობენ. რონალდუ კი ფანტასტიკურ  სეზონს ატარებს “რეალში” და უკრაინა-პოლონეთშიც უნდა გაიბრწყინოს.  
- რადგან “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი ახსენეთ და თქვენც ამ კლუბის ლეგენდა ხართ, ალექს ფერგიუსონზეც გვითხარით. ის საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც კი ოდესმე გიმუშავით?  
- ფერგიუსონს გუნდის სათამაშოდ განწყობის ფანტასტიკური ნიჭი აქვს. ხანდახან ის უბრალოდ შემოდიოდა გასახდელში, ამბობდა, რომ ჩვენი ბოლომდე სჯეროდა და გადიოდა. ამას სულ 15 წამი სჭირდებოდა. სიტუაციის მიხედვით მოქმედებდა. მაგალითად, ზოგჯერ ნახევარი საათის განმავლობაში არჩევდა მეტოქის მოქმედებებს. ფერგიუსონი ყოველთვის ბევრს ნერვიულობდა, როცა მოკრძალებულ გუნდს ვხვდებოდით. ვიცი, რომ არ შეცვლილა და დღესაც ასეა. “ლივერპულის” წინააღმდეგ ფეხბურთელებისთვის განწყობის შესაქმნელად, მას, ალბათ, ერთი წუთიც არ დასჭირდება. ამასთან, სერ ალექსი წინასწარ გრძნობს საფრთხეს და ხშირად, მატჩის დაწყებამდე წინასწარმეტყველებს, თუ რა მოხდება.   

 

ილია ნანობაშვილი   
 

 

0.110294