ლონდონურ “ჩელსის”, პრემიერლიგის საწყის 12 ტურში 9 მოგება ჰქონდა და 28 ქულით დამაჯერებლად ლიდერობდა გათამაშების ცხრილს. 2010 წლის 14 ნოემბერს კი, “არისტოკრატები” საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზე” “სანდერლენდთან” 0:3 დამარცხდნენ და მას შემდეგ, დაღმასვლა დაეწყოთ. კარლო ანჩელოტის გუნდმა, მიჯრით 6 შეხვედრაში ვერ მოახერხა მოგება და სადღეისოდ “ჩელსი”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “სიტისა” და “არსენალის” შემდეგ, მეოთხეა. დასავლეთლონდონელთა ჩეხმა მეკარემ, პეტერ ჩეხმა, Guardian-ის კორესპონდენტთან საუბრისას დაადასტურა, რომ მის გუნდს, პირველობისთვის ბრძოლის შანსი ჯერ კიდევ აქვს, ოპტიმიზმის საფუძველს კი, ბოლო დროს საფეხბურთო ასოციაციის თასსა და პრემიერლიგაში დამაჯერებლად მოგებული მატჩები აძლევს.
- ეთანხმებით გულშემატკივართა და სპეციალისტთა თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ “ჩელსის” ბოლო მატჩებში, კრიზისის დაძლევის გზა გამოჩნდა?
- “ბლექბერნ როვერსის” დამარცხებით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. განსაკუთრებით, ფსიქოლოგიური ასპექტით. რამდენიმე დღის წინ, სათასო პაექრობაში “იპსვიჩ თაუნსაც” დამაჯერებლად ვძლიეთ. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ ამ შეხვედრებში, დაცვამ პრაქტიკულად, უშეცდომოთ ითამაშა, რაც უწინდელ ასპარეზობებში ვერ ხერხდებოდა. ცხადია, თამაშის სტაბილიზირება თავისთავად არ მოსულა. უკანასკნელ პერიოდში მონდომებით ვმუშაობდით სათამაშო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და პირველი სასიკეთო ძვრაც სახეზეა. მაგრამ ისიც ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადავდგით კრიზისიდან გამოსასვლელ გზაზე.
- უახლოეს პერიოდში რაზე გმართებთ ყურადღების გამახვილება?
- ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე, თამაში კვირაში ერთხელ მოგვიწევს, ამიტომაც, ანჩელოტი შედარებით მეტად გვტვირთავს. ვფიქრობ, ეს, სათანადო ეფექტს, სეზონის დასკვნით და ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილში გამოიღებს. თებერვლის ბოლოდან მეტად მჭიდრო სათამაშო გრაფიკი გვექნება და წარმატებული გამოსვლის ფუნდამენტი ახლა უნდა ჩავყაროთ.
- როგორ გგონიათ, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ჩელსის”, ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი, კვლავინდებურად შერჩენილი აქვს?
- რასაკვირველია. ჯერ ერთი, ჩამორჩენა არც ისე დიდია და მეორეც, დააკვირდით, ლიდერები რამდენ ქულას კარგავენ. თუკი, ზედიზედ რამდენიმე შეხვედრის მოგება მოვახერხეთ, “ჩელსი” საჩემპიონო რბოლას დაუბრუნდება.
- ხომ არ თვლით, რომ “ჩელსის” ასპარეზობაზე, უარყოფითი გავლენა მოახდინა გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელების, მიხაელ ბალაკისა და რიკარდუ კარვალიუს წასვლამ?
- გასულ შემოდგომაზე თამაშს თამაშზე რომ ვიგებდით, გერმანელი და პორტუგალიელი არავის გახსენებია. შემდეგ უიღბლო პერიოდი დაგვიდგა და მხოლოდ მაშინ დაიწყეს საუბარი ანჩელოტის მიერ გადადგმულ არასწორ საკადრო ნაბიჯებზე. შარშანდელთან შედარებით, უფრო სუსტი შემადგენლობა არ გვყავს, უკუსვლა კი, სულაც არაა იმის ბრალი, ბალაკი და კარვალიუ “სტემფორდ ბრიჯზე” რომ არ არიან. ჩვენი შედარებითი წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ტრავმიანობაა. გაიხსენეთ, ავადმყოფობის გამო, მარტო ფრენკ ლამპარდმა რამდენი შეხვედრა გამოტოვა. სწორედ იმ პერიოდში დავკარგეთ ყველაზე მეტი ქულა.
- კარლო ანჩელოტი “ჩელსის” კრიზისიდან გამოყვანას მოახერხებს?
- იტალიელ სპეციალისტს უზარმაზარი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს. ანჩელოტი “მილანთან” ერთად, ბევრჯერ ჩავარდნილა რთულ მდგომარეობაში, მაგრამ ოპტიმალური გამოსავალი ყოველთვის სწრაფად უპოვნია. დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც ასე მოხდება და სინიორ კარლოსთან ერთად, გულშემატკივრის გახარებას კვლავაც შევძლებთ.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ