გულშემატკივრის სვეტი

12:10 | 17.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

პეპი თუ ალექსი?

”მანჩესტერი” თუ “ბარსელონა”? პეპი თუ ალექსი? გამოცდილება თუ ტალანტი? ინგლისი თუ ესპანეთი?... კიდევ მრავალი შემაპირისპირებელი რამის თქმა შეიძლება 28 მაისს, ლონდონში გასამართ ფინალზე, სადაც ჩემპიონთა ლიგის უდავოდ ორი საუკეთესო გუნდი შეხვდება ერთმანეთს და თუკი ადამიანი არცერთი გუნდის თავგადაკლული ქომაგი არ ხარ, ეს მატჩი ერთგვარად გაორებულ გრძნობას აუცილებლად დაგიტოვებს. კამათიც კი ”მკრეხელობად” მიმაჩნია იმაზე, რომ იმსახურებს თუ არა პეპი, ჩავი, მესი, პედრო, ინიესტა და კომპანია ჩემპიონთა ლიგის თასის კიდევ ერთხელ აღმართვას და ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს იმის სათქმელად, რომ კატალონიელებზე თასი არამი იქნება. მაგრამ შეხედეთ ბებერ ”ფერგის” და მის ბიჭებს... ვისზე ნაკლები გუნდია ”მანჩესტერი”? გუნდი, რომელსაც სეზონის წინ, ალბათ, ბევრი ვერ დალანდავდა ფინალში გასულს, მაგრამ გიგზის, რუნის, ნანის, ჩიჩარიტოს და სხვა ”მანკუნიანელების” გარჯის შემდეგ, ამ გუნდმა ფინალს დამსახურებულად უწია და ფინალში რას იზამს მრავლისმნახველი ფერგიუსონი, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის. ჩემი ერთი”მანჩესტერის” ქომაგი მეგობრის დაკვირვებით, ალექს ფერგიუსონი, გაგიკვირდებათ და, ილია ჭავჭავაძეს ჰგავს. სერ ალექსი როგორც განმანათლებელი, ალექსი, როგორც მუდამ თანამედროვე და მუდამ სიახლის მაძიებელი...
რა მოხდება ლონდონის ფინალში, ეს არავინ იცის და მხოლოდ არაფრისმომცემი ლაყბობა იქნება დარწმუნებით იმის მტკიცება, რომ თასს რომელიმე კონკრეტული გუნდი აიღებს. იმის თქმა კი, ნამდვილად შეგვიძლია, რომ როდესაც ფინალი ინგლისის დედაქალაქში იმართება, იქ საფეხბურთო ზეიმი და მშვენიერი გარემო განაღდებულია! ამასწინათ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ლონდონში გამართვასთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მეტად საგულისხმო სიტყვები თქვა: ”რუსეთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. ჩვენ კი, მხოლოდ ევროტურნირების ფინალების მასპინძლობით უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს, რა თქმა უნდა, უსამართლობაა და სასაცილოა, მაგრამ 28 მაისის შემდეგ, იმედი მაქვს, ფიფას ხელმძღვანელები კიდევ ერთხელ მიხვდებიან, თუ რომელი ქალაქი და ქვეყანა იმსახურებდა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობას. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს უკვე ვეღარ გამოასწორებს”, – ამბობს გულნატკენი ბრიტანელი საფეხბურთო ფუნქციონერი. მისი გულისტკენის მიზეზი დღესავით ნათელია და სწორედ ამიტომაც, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ აღნიშნული ფინალის კარგად ორგანიზებისთვის ინგლისელები ძალას არ დაზოგავენ. სხვა თუ არაფერი, ფიფასათვის მათ ნიშნი აქვთ მოსაგები. ეს ბრიტანული ფეხბურთის ბოსების მხრიდან განაწყენებული (აქაოდა, რუსებმა მუნდიალის მასპინძლობის უფლება ცხვირწინ როგორ აგაცალესო) ქომაგების თვალში მცირედი რეაბილიტაციის საშუალება ნამდილად შეიძლება გახდეს. ამას გარდა, ინგლისელთა განსაკუთრებულ მოტივაციას ისიც ზრდის, რომ ფინალში მათი ქვეყნის გუნდიცაა გასული და მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, ლონდონს ”იუნაიტედისათვის” ”მშობლიური ქალაქი” უწოდო, ერთი ციცქნა ინგლისი სულაც არაა იმხელა ქვეყანა, რომ ბრიტანეთის ყველა ქალაქში გაფანტულმა ”მანჩესტერის” ქომაგებმა თავი ლონდონში ვერ მოიყარონ და ომახიანი  “გლორი მან იუნაიტედ” ვერ დააგუგუნონ.
ახლა კი ისევ ”ბარსას” დავუბრუნდეთ... ფინალი კი ინგლისში იმართება, მაგრამ ვითომ ეს ფაქტორი განსაკუთრებული დაბრკოლება გახდება კატალონიელებისათვის?! თუკი წელს რომელიმე გუნდზე შეგვიძლია ვთქვათ, ”ქვა-ქვაზე აღარ დატოვესო” - ეს სწორედ ”ბარსელონაა”. ძნელად წარმოსადგენია, გვარდიოლას ბიჭებმა ”უემბლიზე” ჯიგარი რომ არ დადონ. ბოლო დღეებში ხშირად ვისმენთ ნაკლებად გონივრულ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ”ბარსას” გამარჯვებები უკვე ყელში აქვს ამოსული და მათი მოტივაცია ამ ფინალზე ინგლისელებზე მკვეთრად დაბალი იქნება. ამის მიზეზად ისიც მოჰყავთ, რომ შარშან კატალონიური გუნდის ფეხბურთელებისთვის ზე-წარმატებული იყო. ”ბარსას” ესპანელმა ფეხბურთელებმა, 2010 წელს ქვეყნის ჩემპიონობის გარდა, ხომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვეს. არგენტინელი ლეო მესი კი, საერთოდ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ვითომ, გახდება მათთვის ეს მრავალტიტულიანობა ფინალში ნაკლები მონდომების მიზეზი? ეს ძნელად წარმოსადგენია, რადგან როდესაც პეპ გვარდიოლა ხარ და მინდორზე ასეთი საოცარი ბიჭები დაგირბიან, გიჟი უნდა იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გუნდი საბრძოლველად არ ”ამოქოქო”. მოკლედ, სულ მალე ყველანი კიდევ ერთი დიდებული ფინალის მომსწრენი გავხდებით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი, მაინც ისაა, რომ 28 მაისს, ლონდონური ფინალის მთავარმა მონაწილემ – ნამდვილმა ფეხბურთმა გაიმარჯვოს!

 

ლევან სეფისკვერაძე
  

0.128557