მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი მცველის, პეპეს მიმართ საფეხბურთო გულშემატკივარს განსხვავებული მიდგომა და თვალსაზრისი აქვს, მაგრამ ასეა თუ ისე, იგი უკვე 5 წელია, რაც სანტიაგო ბერნაბეუელთა შორის თამაშობს და ნდობას “ბლანკოსის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოც უცხადებს. “ხეტაფესთან” გაძევება (იმ ეპიზოდში პეპე მართლაც ცუდად მოიქცა) და მისგან გამოწვეული სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია რომ არა, პორტუგალიელი უკანახაზელი წლევანდელი პრიმერა დივიზიონის უკლებლივ თექვსმეტივე მატჩში მიიღებდა მონაწილეობას. 20 დეკემბერს კი, პეპე ესპანეთის “სამეფო თასის” შეხვედრა “პონფერადინას” წინააღმდეგ (“რეალმა” 5:1 მოიგო) კაპიტნის სამკლავურით ჩაატარა. საშობაო დღესასწაულის წინ პეპეს AS-ის კორესპონდენტი გაესაუბრა.
- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა მაყურებლებმა თქვენი სახელის სკანდირება დაიწყეს?
- სულის სიღრმემედე ავფორიაქდი. იმ გრძნობის სიტყვებით სრულად გადმოცემა წარმოუდგენელია. დიდი მადლობა ჩვენ ერთგულ ქომაგებს.
- “პონფერადინასთან” მატჩამდე თუ იცოდით, გულშემატკივრები ესოდენ რომ გაფასებენ?
- მათ თანადგომას ყოველთვის ვგრძნობდი. განსაკუთრებით იმ მომენტებსა და პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა. თუმცა, 20 დეკემბრის შეხვედრა განსაკუთრებულია. პირველად ჩაესმა ჩემ ყურს ტრიბუნებიდან წამოსული "პე-პე", "პე-პე". ამან კიდევ უფრო მეტი ძალა შემძინა და მადრიდის “რეალის” საკეთილდღეოდ არაფერს დავიშურებ.
- კაპიტნობაზე რას იტყვით?
- კიდევ ერთი ენით აუწერელი გრძნობა! ამასთან, უდიდესი პასუხისმგებლობა ვიგრძენი – მე ხომ სათამაშოდ მინდორზე პლანეტის საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვან გუნდს გავუძეხი. თავდაპირველად დავიბენი კიდეც. კიდევ კარგი, მატჩი მომენტალურად არ დაიწყო. ჯერ შეხვედრისწინა ტრადიციული მისალმების რიტუალი და ფოტოკორესპონდენტების სამუშაო გავიარეთ, რამაც ცოტათი ჩემი ვნებები ჩააცხრო.
- ასპარეზობის დასრულების შემდეგ, “პონფერადინას” რომელმა ფეხბურთელმა შემოგთავაზათ მაისურების გაცვლა?
- ჩემი საფეხბურთო ეკიპირების ზედა ნაწილი იურის მივეცი. ჩვენ ახლო ნათესავები ვართ – დედაჩემი და მამამისი ბიძაშვილები არიან.
- რას ისურვებდით ახალ, 2012 წელს?
- ჩემი საშობაო და საახალწლო ოცნებები მადრიდის “რეალს” უკავშირდება. უპირველესად, გუნდის ერთიანობასა და მოგებების გაგრძელებას ვისურვებდი. წინ გრძელი, მეტად მომქანცველი სატურნირო მარათონი გველის. დარწმუნებული ვარ, სეზონის დასარულს “რეალი” ხელცარიელი არ დარჩება.
- თქვენი უმთავრესი კონკურენტის, კატალონური “ბარსელონას” მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ თქვენ მისი გშურთ. რადგან ბრაზილიელი პლანეტის უძლიერეს გუნდში ასპარეზობს...
- პირადად ჩემთვის, შურის გრძნობა უცხოა. არც ჩემი რეალელი პარტნიორები უმზერენ ვინმეს შურის თვალით. მსოფლიოს საუკეთესო კლუბი მადრიდის “რეალია”, მისი სრულუფლებიანი წევრი ვარ და დაე, სხვებს შურდეთ ჩემი.
გოჩა კაჭარავა