ინტერვიუები

18:42 | 22.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: “რეალს” ჩემპიონობას ვულოცავ”

გუშინდელი “ელ კლასიკოში” დამარცხების შემდეგ “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კარგ გუნება-განწყობაზე ნამდვილად არ გახლდათ, ამიტომაც ნამატჩევს ჟურნალისტებმა იგი “დაინდეს” და ორიოდე კითხვა დაუსვეს.

- ცხელ გულზე, რა კომენტარს გაუკეთებთ მორიგ “ელ კლასიკოს”?
- უპირველესად, მადრიდის “რეალს” ჩემპიონობას ვულოცავ. კასტილიელებმა დაადასტურეს, რომ მთელი სეზონის განმავლობაში დამსახურებულად ლიდერობდნენ პრიმერა დივიზიონის გათამაშების ცხრილს. “ბარსელონას” რაც შეეხება, მაისის მიწურულამდე გუნდში არაფერს შევცვლი. ჩვენი ფეხბურთელები გადატვირთული გრაფიკის გამო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა, მათ გამოცდას ღირსეულად გაუძლეს. კონკრეტულად მატჩს რაც შეეხება, მოწინააღმდეგის კონტრშეტევებით თამაშს ვაკონტროლებდით. “რეალს” ჩვენ კართან სახიფათო სიტუაციების შექმნის შესაძლებლობა მინიმუმამდე შევუზღუდეთ, მაგრამ უნდა ვაღიარო, ასპარეზობის მიწურულს მოურინიოს გუნდმა მოუმატა და საწადელსაც მიაღწია.
- სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი შეხვედრის ჩატარება გელით. “ელ კლასიკოში” განცდილი მარცხი “ჩელსისთან” დაპირისპირებისას “ბარსელონაზე” უარყოფითად ხომ არ იმოქმედებს?
- “რეალთან” მატჩში ერთგული გულშემატკივრები გავაწბილეთ. მათ ბოდიშს ვუხდი და იმედია, ისინი გაგებით მოეკიდებიან “ბარსას” წაგებას. ამის იმედი ნამდვილად მაქვს. მითუმეტეს, ბოლო 4 წელიწადია, ჩვენი მოთამაშეები ძალ-ღონეს არ იშურებენ ერთგული ქომაგების გასახარებლად. ყოველმხრივ შევეცდებით, “ჩელსისთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ “კამპ ნოუს” აუდიტორიას სიხარული დავუბრუნოთ.

მოამზადა გოჩა კაჭარავამ

 

0.117802