ინტერვიუები

14:59 | 18.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: “ქედს ვიხრი “ჩელსის” წამყვანი მოთამაშეების წინაშე”

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის კატალონური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა “ჩელსისთან” ურთულეს სანახევარფინალო დაპირისპირებას ელის და ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბრისას ახალი სეზონიდან “სტაემფორდ ბრიჯზე” გადასვლის შესაძლებლობას უარყოფს.


- თქვენი აზრით, რა შეიცვალა “ჩელსიში” 2009 წლიდან მოყოლებული, როდესაც ლონდონელები 2 მატჩის ჯამში, 2 ფრით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დაამარცხეთ?
- მას შემდეგ 3 წელიწადი გავიდა და ცხადია, “ჩელსი” გარკვეულწილად შეიცვალა. ამ ხნის განმავლობაში გუნდმა რამდენიმე მწვრთნელი გამოიცვალა, თუმცა, ძირითადი შემადგენლობა შეინარჩუნა. და რაც მთავარია, “ლონდონელმა არისტოკრატებმა” კლუბის ღირებულებები შეინარჩუნეს. ქედს ვიხრი “ჩელსის” წამყვანი მოთამაშეებისადმი. ისინი კარგა ხნის განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე ასპარეზობენ, არაერთხელ გასულან ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ სტადიაზე და წარმატებით გამოდიან ინგლისის პრემიერლიგაშიც. რა დამავიწყებს 2009 წლის მატჩებს. ჩვენთვის “ჩელსისთან” დუელი უმძიმესი გამოდგა. “კამპ ნოუზე” ჩატარებულ პირველ შეხვედრაში დასავლეთლონდონელები თავს მეტად უნარიანად იცავდნენ, განმეორებით პაექრობაში კი კონტრშეტევების წყალობით უამრავი თავსატეხი გაგვიჩინეს. მდგომარეობა მას შემდეგ უფრო გაგვირთულდა, რაც მსაჯმა მოთამაშე გაგვიგდო და დასკვნითი 30 წუთის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში დავრჩით. საბედნიეროდ, ანდრეს ინიესტას გოლმა გვიხსნა. დღევანდელი “ჩელსი” მთლიანობაში ძალიან ძლიერი გუნდია. მართალია, გუნდის საშინაო ასპარეზზე მაინცა და მაინც სტაბილური თამაშით არ გამოირჩევა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში სოლიდურად და ლაღად ასპარეზობს. ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე განსაკუთრებით საშიში საკუთარ “სტემფორდ ბრიჯზეა” – “ჩელსიმ” საკუთარ სარბიელზე ხუთივე საჩემპიონთალიგო პაექრობა მოიგო.
- ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წარმატების მიღწევა ნებისმიერი გუნდისთვის მეტად პრინციპულია, თუმცა, “ჩელსის” სხვა, დამატებითი მოტივაციაც ამოძრავებს. ლონდონელებს 2009 წლის ნახევარფინალისთვის რევანში აქვთ ასაღები...
- “ჩელსი” უპირველესად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად იბრძოლებს და არა რევანშის ასაღებად. მით უმეტეს, მაშინ ინგლისელებს არც ბარსელონაში წაუგიათ და არც ლონდონში. რაც იყო, იყო – ეს უკვე წარსულია. ურთულესი მატჩისთვის ვემზადებით. ცოტა გუნდს შეუძლია ისეთი მწვავე დასწრაფი კონტრიერიშების წარმოება, როგორც ამას “ჩელსი” ახერხებს.
- ბრიტანულ პრესაში გაიჟღერა ცნობამ იმის თაობაზე, რომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიხილოთ...
- ახლა ამ თემის განხილვის მეტად არასათანადო მომენტია. მე “ბარსელონას” დამრიგებელი ვარ, “ჩელსის” კი სათავეში რობერტო დი მატეო უდგას, რომელმაც “არისტოკრატებთან” ერთად ფანტასტიკურ შედეგს მიაღწია. საერთოდაც, ჩემ “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლას საფუძვლად რეალური არაფერი უდევს. ამჟამად ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაზე ვარ მთლიანად კონცენტრირებული და მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობ, როგორ მოვამზადო გუნდი ურთულესი პაექრობისთვის.
- ესპანური და ინგლისური ფეხბურთი რომ შეადაროთ ერთმანეთს, უპირატესობას რომელს მიანიჭებდით?
- აბსტრაქტულად რომ ვიმსჯელოთ, ტრანსლაციათა გაყიდვების რეიტინგითა და გულშემატკივრობის დონით, უპირატესობა ბრიტანულ ფეხბურთს უნდა მივანიჭოთ, მაგრამ თამაშის ხარისხითა და ევროთასებზე მიღწეული შედეგის მიხედვით, ესპანური ფეხბურთი ინგლისურს სჯობს.

 
გოჩა კაჭარავა
 

0.115015