ინტერვიუები

19:39 | 18.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: “ფეხბურთით უნდა დატკბე”

ამა წლის 7 იანვარს, ციურიხში გამართულ პრესკონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ გაახმოვანა ის, რასაც ბევრი ელოდა - ის მზადაა სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს. ძალიან მალე აქედან, მიუნხენის “ბაიერნთან” კონტრაქტის გაფორმებამდე, FIFA-ს ოფიციალურმა საიტმა კატალონიელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც გერმანული გრანდი ნახსენები საერთოდ არაა, მაგრამ, ვფიქრობთ, ეს ინტერვიუ მაინც საინტერესო იქნება...
- თქვენ დაესწარით “ოქროს ბურთის” საზეიმო დაჯილდოვებას, მიუხედავად იმისა, რომ აგერ უკვე ნახევარი წელიწადია შვებულებაში იმყოფებით. რას ფიქრობთ ამ ღონისძიებაზე?
- არავინ ხდება მწვრთნელი მხოლოდ იმის გამო, რომ მსგავს ღონისძიებებზე იაროს, მაგრამ აქ მოწვევა ჩემთვის დიდი პატივია. ამაყი ვარ იმით, რომ ზედიზედ მესამე წელიწადია ციურიხში ვიმყოფები. მაგრამ ამან არ უნდა გაფიქრებინოს, რომ ეს სამუდამოდ გაქვს დამსახურებული და სხვებზე უკეთესი ხარ. მერგო წილად ბედნიერება, გამეწვრთნა ძალიან ძლიერი გუნდი და აქ მოხვედრის შანსიც ამით მივიღე.
- როდესაც “ბარსელონას” ტოვებდით განაცხადეთ, რომ თავს გამოფიტულად გრძნობთ. მას შემდეგ შეგრძნებები შეიცვალა?
- ყველაფერი რიგზეა. დადგა დრო, როდესაც მივხვდი, რომ დასვენება საკმარისია. ჩემმა ოჯახმა იმაზე მეტი ყურადღება დაიმსახურა, ვიდრე მას ბოლო წლების განმავლობაში ვუთმობდი. ახლა ნამდვილ თავგადასავალში ვართ და სულ სხვაგვარად ვცხოვრობთ. მაგრამ ჯერ მხოლოდ 41 წლის ვარ და ყველაფერი წინაა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და წლეულს სამუშაოს დავუბრუნდები.
- თქვენ ნიუ-იორკში ცხოვრება გადაწყვიტეთ, სადაც ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა სულაც არაა. ეს თამაშისგან დასვენების საშუალებაა?
- როდესაც მოთამაშე ხარ, ფეხბურთზე ფიქრს არასდროს ეშვები. რაც შეეხება მწვრთნელს... აშშ არასაფეხბურთო ქვეყანაა. ნიუ-იორკშიც წინა პლანზე სხვა სპორტის სახეობებია. აქ 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ყველას თავისი საზრუნავი აქვს. ჩვენც ასე ვართ: ვცდილობთ გავერკვეთ რა როგორაა, დავტკბეთ ბევრი რამით, რაც ამ პერიოდმა შემოგვთავაზა.
- ანუ, ახლა თავისუფლად სეირნობთ ქუჩაში?
- ეს ბარსელონაშიც შემეძლო. ყოველთვის ვახერხებდი ქუჩაში ისე გასეირნებას, რომ გარშემო ხალხის მასა არ შემომეკრიბა. რა თქმა უნდა, ნიუ-იორკში უფრო მარტივია შეუმჩნევლად დარჩენა.
- ყველაზე მეტად რა არ გყოფნით საფეხბურთო ცხოვრებიდან?
- თავად თამაშთან დაკავშირებით მოვიწყინე. ძალიან დამაკლდა მეტოქე გუნდების თამაშის შესწავლა, ფიქრი იმისა, თუ როგორ დავამარცხო ისინი, რა შემადგენლობა დავაყენო, რა მოვიმოქმედო გამარჯვებისთვის. ეს ერთადერთი მიზეზია იმისა, რისთვისაც ფეხბურთში ვარ. თუ არა ეს, სხვა დანარჩენი არაფერში მჭირდება და მის გარეშეც მშვენივრად ვიცხოვრებ, უფრო მეტიც - ცხოვრება ბევრად უკეთესი იქნებოდა. ფეხბურთი და თამაში კი, მორევივით მითრევს.
- როგორი პროექტი მიგიზიდავდათ? რა უნდა შემოგთავაზონ, რომ დაბრუნდეთ?
- როგორც ნებისმიერ სხვა მწვრთნელს, მეც მსურს, რომ ჩემზე მოთხოვნა იყოს. ეს ბანალური და გასაგებია. რა წარმატებებსაც არ უნდა მიაღწიო წარსულში, შენი მიზანი არ იცვლება. იგრძნო თავი საჭიროდ, უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში. ფეხბურთშიც ზუსტად ასეა. გსურს, რომ კლუბებმა შენთვის იბრძოლონ, წარმოაჩინონ, რომ მათვის აუცილებელი ხარ. ადრეც ვთქვი, როდესაც “ბარსელონაში” ვიწყებდი მუშაობას, სულაც არ ვფიქრობდი, რომ მაისში ტიტულს ავიღებდი. მსურდა სასიამოვნოდ გამეტარებინა დრო და ფეხბურთელებისთვის გამარჯვებისკენ სწრაფვა შთამეგონებინა. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ თამაშით სიამოვნება მიიღო.
- “ბარსელონაში” მუშაობის შედეგად, თქვენი მომავალი კლუბის თამასა საკმაოდ მაღლა ასწიეთ. ზეწოლას არ განიცდით?
- ვგრძნობ და ეს ძალიან კარგია. მირჩევნია მათ გავუმკლავდე, ეს დიდებული გამოცდილებაა, უკეთესია, ვიდრე გამარჯვებების გაგრძელება იქ, სადაც ყველაფერი მოიგე. როდესაც “ბარსელონაში” დავიწყე მუშაობა, ადამიანთა უმრავლესობას ჩემი გუნდის სათავეში ხილვა არ სურდა. ახლა, იმის დამსახურებით, რასაც მივაღწიეთ, ჩემით მრავალი კლუბია დაინტერესებული. ასეთი ამ ცხოვრებაში ხშირად ხდება და მისი გაკონტროლება შეუძლებელია. ყველაფერს ერთობლივად მივაღწიეთ და მადლობელი ვარ უამრავი ადამიანის, რომლებთან ერთადაც ეს ყველაფერი გადავიტანე. რაც არ უნდა ითქვას, ეს გამოცდილება ჩემია და ის მუდამ ჩემთან დარჩება.
- უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთი ჭორი გაჩნდა თქვენს სამწვრთნელო საქმიანობასთან დაკავშირებით. თქვენ სახელს უკავშირებენ არაერთ კლუბს, ასევე არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებსაც კი. მსგავსი ხმები ნიუ-იორკამდეც მოდის?
- ადრე ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ახლა, კომპიუტერის და ინტერნეტის პირობებში, სურვილის შემთხვევაში, ყველა სიახლის საქმის კურსში იქნები. არ მაქვს მხედველობაში მხოლოდ ხმები, ვგულისხმობ ყველაფერ იმას, რაც მსოფლიოში ხდება. ამ პერიოდში ინფორმაციას ვერ შეაკავებ.
- თქვენი აზრი მსგავს სპეკულაციებზე...
- სიმართლე გითხრათ, მეცოდებიან ის მწვრთნელები, რომლებიც იმ კლუბში მუშაობენ, რომლებსაც თითქოსდა მე ვუნდივარ. არ ვისურვებდი მსგავსის გადატანას. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. არის შემთხვევები, როდესაც შეთავაზებას იმის გამო კი არ იღებ, რომ კარგი მწვრთნელი ხარ, არამედ იმიტომ რომ ბევრი ჯილდო მოიგე. “ბარსელონასთან” ერთად ბევრი მოვიგე და მოთხოვნადი ვარ. მაგრამ როდესაც ყველაფერი იწყებოდა, სულ რამდენიმე ადამიანს სჯეროდა ჩემი და ჩემი წარმატებების. სხვები მათ აზრს არ იზიარებდნენ.
- ნაკრების გაწვრთნას თუ დათანხმდებოდით?
- ვფიქრობ, ეროვნული გუნდის მწვრთნელი იმ ქვეყნის შვილი უნდა იყოს, რომელსაც წარმოადგენს. არა მგონია, ეს საქმე რომელიმე ადგილობრივ მწვრთნელზე უკეთ გამომივიდეს. ამასთან, ეროვნულ გუნდს პრესაც გაცილებით მეტ ყურადღებას აქცევს. ნაკრების მწვრთნელი და მოთამაშეები ერთმანეთს იშვიათად ნახულობენ და აქ მნიშვნელოვანია პრესასთან განსაკუთრებული ურთიერთობის დალაგება.
ხშირ შემთხვევაში, ნაკრების მწვრთნელს ერთან აიგივებენ, ის ქვეყანას წარმოადგენს და როგორც კი პრობლემები ჩნდება, უცხოელს მეტ პრეტენზიას უყენებენ. ბევრად უკეთესია, თუკი გუნდს წვრთნის ადამიანი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს, პატრიოტია და კარგად იცის ამ ქვეყნის მაცხოვრებელთა ხასიათი.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ მთავარი სტრატეგები თავად ფეხბურთელები არიან. ამის გათვალისწინებით, შეიძლება კიდევ ერთი ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც “ბარსელონასავით” ითამაშებს?
- “ბარსელონას” თამაშის უმთავრესი პრინციპი ძალიან მარტივი იყო - ბურთთან მუშაობა და ყველაფრის მასთან ერთად გაკეთება. ნებისმიერი მოთამაშე, პატარა სოფელში თუ დიდ ქალაქში ფეხბურთის სასარგებლოდ არჩევანს იმიტომ აკეთებს, რომ ურტყამს ბურთს და მას ეს მოსწონს. ჩვენი ტაქტიკაც მარტივი იყო, ვაკონტროლებდით ბურთს და მოწინააღმდეგეს მის წართმევას ვთავაზობდით. ვაკეთებდით რაც შეიძლება ბევრ გადაცემას და მიზანი გოლის გატანა იყო. ასეთი საფეხბურთო ფილოსოფია ჩემმა წინამორბედებმა გადმომცეს და მეც მის გამოყენებას ვეცადე. არ ვიცი, რა პრინციპებზეა ახლანდელი “ბარსელონას” ფილოსოფია დამყარებული, მაგრამ ვუყურებ მათ თამაშებს და ვფიქრობ, რომ არაფერი შეცვლილა.
როდესაც ახალ გუნდში იწყებ მწვრთნელობას, უნდა გწამდეს საკუთარი იდეების. მომავალში მე სწორედ იმ იდეების გამტარებელი ვიქნები, რომლებსაც “ბარსელონაში” ფეხბურთელად და მწვრთნელად მივყვებოდი: შეუტიე რაც შეიძლება კარგად, აკონტროლე ბურთი და გადაეცი ის მას, ვისაც შენი მსგავსი ფორმა აცვია.
- ალბათ, კმაყოფილი ხართ იმით, თუ როგორ თამაშობს “ბარსელონა” ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით.
- რა თქმა უნდა. ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეიძლებოდა მიმეღო - ის, რომ გუნდს ყველაფერი ძველებურად აქვს. როდესაც ყველაფერს სწორად აკეთებ და შენი წასვლის შემდეგ არაფერი იცვლება, ეს სიამაყის საბაბს გაძლევს. როგორც ჩანს, გუნდში ჩემი კვალი დავტოვე.
- რამდენად რთულად გადაიტანეთ ის სიახლე, რომ ვილანოვას კვლავ გაუჩნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები?
- ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ ვიცი, რომ ის ძლიერი ადამიანია და კარგი ექიმების ხელშია. კლუბის მას დაიცავს - ოჯახი მუდამ ახლოსაა. მწამს, ის ბოლომდე იბრძოლებს და სირთულეებს გადალახავს.
- ესპანეთის ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ ნახევარი გზაა გავლილი და “ბარსელონა” დამაჯერებლად უსწრებს “რეალს”. საჩემპიონო რბოლა დასრულებულად შეგვიძლია ჩავთვალოთ?
- ძალიან ბევრი რამ უნდა მოხდეს არასათანადოდ, რომ “ბარსელონამ” ტიტული დათმოს. ვფიქრობ, ის ჩემპიონი გახდება, სხვაობა ძალიან დიდია. საქმე ის არაა, რომ “რეალს” არ შეუძლია ყველა დარჩენილი თამაშის მოგება, უბრალოდ, “ბარსელონა” არ წააგებს ამდენ თამაშს. მისი ფეხბურთელები მიეჩვივნენ წარმატებებს. ვფიქრობ, ამ გათამაშების გამარჯვებული უკვე  ცნობილია.
- ცნობილია, რომ თქვენ მარსელო ბიელსას ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი ხართ. ერთხელ მას დედამიწაზე საუკეთესო უწოდეთ. რას იტყვით ახლა, როდესაც “ბილბაოს” სეზონი ჩაუვარდა?
- რთულია შეფასების გაკეთება როდესაც შორს ხარს, მაგრამ ვფიქრობ, მან ბევრი გააკეთა კლუბისთვის, რომელმაც გასულ სეზონში სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, ჩემი კატალონიური კარიერის განმავლობაში კი, მათთან ერთ-ერთი საუკეთესო თამაშები გვქონდა.
გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაკარგა, ვარსკვლავების შეძენა კი, ვერ მოახერხა, შეზღუდული რესურსებია. თუ კონკრეტულად ჩემი აზრი გაინტერესებთ, ბიელსასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ მას ახლა უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე ადრე. მისი რეპუტაცია ჩემში სულაც არ შელახულა. მას არ ეშინია პრობლემების, თამამია და არასდროს არაფერს მალავს. მე მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ და ვსწავლობ. ვფიქრობ, რომ ის არა მარტო ესპანური, არამედ მსოფლიო ფეხბურთის საჩუქარია.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.122609