Pep… ინგლისური pepper-ის (პილპილი) შვილია... ამერიკელებს ამ სიტყვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ - როცა ნერვები ღალატობთ, ცოლი ისტერიკაშია ანაც საქმეები მთლად კარგად ვერ მისდით, ამბობენ - Pep…
პირდაპირ და სიტყვასიტყვით სულის სიმხნევეს ნიშნავს, მაგრამ ბოლომდე რომ ჩაეძიო - გამაგრდი! ესეც გაივლის! არ დანებდე! - დაახლოებით ამგვარი მოწოდებაა.
გვარდიოლას მეტსახელმა გამახსენა ეს სიტყვა და ვფიქრობ, მართლა მაგარი დამთხვევაა - ხოსეპ ანუ პეპ გვარდიოლა მართლა ფეხბურთის საშველი და საფეხბურთო სულის სიმხნევე მგონია.
პათეტიკაა? ყველას აქვს ამგვარად ფიქრის უფლება, მაგრამ მე ჩემსას ვეცდები - როგორიც უნდა იყოს ეს მცდელობა, გვარდიოლას ამით რამე თუ მიემატება, თორემ არაფერი დააკლდება...
მასზე ამბობენ, რომ გამზადებული გუნდი ჩაიბარა, რომ რა პრობლემაა მწვრთნელობა, როცა გყავს ხავი-მესი-ინიესტა, რომ „კამპ ნოუზე“ ჯერაც კრუიფის აჩრდილი დააბიჯებს...
არცერთი ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებული არაა - „ბარსელონა“ არსებობდა გვარდიოლამდეც და იარსებებს გვარდიოლას მერეც, მაგრამ...
რაღა თავად ვამტკიცო, იბრაჰიმოვიჩს მოვიშველიებ - როცა გვარდიოლა ლაპარაკობს, „ბარსას“ გასახდელში სრული სიჩუმეა და ხავი, მესი და ინიესტაც პატარა ბიჭებივით პირში მისჩერებიანო...
კიდევ უფრო დიდი ავტორიტეტი, ლიონელ მესი: „ბარსელონასთვის“ გვარდიოლა გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მე-ო...
დავუშვათ, მესი თავმდაბლობს, იბრაც?! გამორიცხულია! და რა გამოდის? მარტივი ლოგიკა - მიუხედავად მცირე სტაჟისა და მწვრთნელისთვის ახალგაზრდული ასაკისა, პეპ გვარდიოლა-მწვრთნელი უკვე შედგა და ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს მწვრთნელთაგანად დარჩება...
საკამათო არაა რომ მას დახვდა კარგი, რაიკაარდის ფორმაციის „ბარსელონა“, მაგრამ მართლა რომ არაფერი შეეცვალა, მხოლოდ რაიკაარდის არია გადაემღერებინა, ხავი-მესი-ინიესტას იმედზე ყოფილიყო და კრუიფის ჩრდილში წამოწოლილიყო, მაქსიმუმ ორიოდ სეზონში ახალგაზრდა პენსიონერად იქცეოდა.
რაც შეეხება საფეხბურთო ისტორიას, მისთვის პეპი დიდი კაპიტანი, მაგრამ საშუალო მწვრთნელი იქნებოდა და... მორჩა.
სინამდვილეში კი მისი ფორმაციის „ბარსელონა“ არის ყველასგან განსხვავებული, სრულიად ახალი სიტყვა ფეხბურთში - იმას, რასაც გვარდიოლას ფორმაციის „ბარსელონა“ აკეთებს, არ გაუკეთებია არც მოურინიოს, არც ფერგიუსონის, არც ვენგერის, არც ბენიტესის, არც ლიპის, არც კაპელოს არცერთ გუნდს.
ეს სტილსა და ტაქტიკაზე მეტად გამოგონებაა!
პირველი, რაც გვარდიოლამ გუნდში მისვლისას გააკეთა, ისაა, რომ „ბარსელონას“ ტოტალურად პრესინგზე თამაში დააწყებინა. ყურადღება მივაქციოთ, რამდენ ხანს აგორებინებენ მეტოქეს ბურთს კატალონიელები...
მაქსიმუმ სამი-ხუთი წამი და ბურთი ისევ „ბარსას“ აქვს. ყველაფერი კი კოლექტიური ართმევით ხორციელდება - ტოტალური პრესინგით მინდვრის ნებისმიერ მონაკვეთზე.
მსგავსი რამ რაიკაარდის დროსაც შეიმჩნეოდა, ოღონდ „აიაქსში“ - „კამპ ნოუზეც“ ათამაშა გუნდი ამგვარად ჰოლანდიელმა, მაგრამ მხოლოდ ეპიზოდებში, სიტუაციიდან გამომდინარე... როგორც ჩანს, მან ვერ მოახერხა, ბოლომდე ჩასწვდომოდა მინდორზე ტოტალური პრესინგის დიდებულებას.
მეორე, რაც ამ მართლაც ნიჭიერმა ესპანელმა გააკეთა, სისტემაში მეხუთე მცველის პოზიციის გაჩენაა - როცა მეკარესთან ყველაზე ახლოს მოთამაშე პიკე ან მასკერანო ამოდიან წინ, მეორე ცენტრალური და ორი განაპირა მცველის გასწვრივ და უკან იხევს უკანა საყრდენი ბუსკეტსი. სწორედ გვარდიოლას ამ, ერთი შეხედვით, უბრალო საფეხბურთო ნიუანსშია იმ საიდუმლოს გასაღები, რომ მსოფლიოს ყველაზე შემტევი, ბურთის კონტროლიორი გუნდი ყველაზე ცოტა გოლს უშვებს.
კიდევ ერთი სიახლე: გვარდიოლას ფორმაციის „ბარსელონა“ ცდილობს ნაკლებად შეუტიოს ფლანგებიდან. ვამბობ ამას და სულაც არ ვაკნინებ ალვეშის, ვილიას, პედროს, ადრიანოს, კუენკას, ტეიოს მცდელობებს, რომლებსაც ისინი ხან ერთ, ხან მეორე ფრთაზე აწარმოებენ, მაგრამ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა - უბრალოდ გვარდიოლას ფორმაციის „ბარსელონას“ პრიორიტეტი ცენტრი და ცენტრიდან შეტევებია.
აქ პროცესი შემდეგნაირად ვითარდება: კატალონური გუნდი ძირითადად ცენტრიდან ახორციელებს შეტევას და მისეული „კოტრიალათი“ ანუ რამდენიმე „მოსამზადებელი გადაცემით“ აიძულებს მეტოქე ფეხბურთელებს განლაგდეს მინდვრის შუაგულში, საჯარიმო მოედნის სიახლოვეს. და იმ დროს, როცა სტილი „პასი-პასი-პასი“ თითქოს მონოტონური, მოსაბეზრებელი ხდება, მესი, ხავი, ინიესტა ან ფაბრეგასი ერთი ფილიგრანული გადაცემით მეტოქის მთელ დაცვას „მოჭრიან“ და გოლი თითქმის გარდაუვალია.
რაც შეეხება გოლის გამტანებს ამ შემთხვევაში, საჯარიმოს კუთხიდან ზემოხსენებული ოთხეულის გარდა, ალვეში, ვილია, ადრიანო, სანჩესი, პედრო, კუენკა, ტელიო შეიჭრებიან ხოლმე და პანტაპუნტითაც გააქვთ ბურთები.
სისტემა და ჩანაფიქრი იმდენად გამართულია, აბიდალიც კი ახეირა და „რეალს’ გაუტანა.
პეპის კიდევ ერთი გენიალური ჩანაფიქრი - „ასხლეტილ“ ბურთებზე თამაში.
აქ კალათბურთის მოშველიების გარეშე არაფერი გამოვა - რადგანაც გვარდიოლას ფორმაციის „ბარსელონა“ ფეხბურთს სწორედაც რომ საკალათბურთო პრინციპით უდგება და „ასხლეტილ“ (რუსულად - отскок, ინგლისურად - rebound) ბურთებზე ნადირობს.
ნებისმიერი მატჩი „ბარსელონას“ მონაწილეობით ამის ნათელი დასტურია და სიტუაციის მონახაზს, ანაც კალათბურთთან პარალელს რაც შეეხება, ინებეთ...
ყურადღება უნდა მიექცეს, თუ როდის იძლევიან პასს კატალონელები - მხოლოდ იმ დროს, როცა მეტოქე ახლოს მივა კონკრეტულ მოთამაშესთან. როგორც კი ბურთს „მოიშორებს“, უბურთო ფეხბურთელი ცარიელ პოზიციას ეძებს და ელოდება, როცა პარტნიორი პასს გააკეთებს მისი ან სხვების მიმართულებით.
სწორედ აქ მუშაობს კალათბურთის პრინციპი - მოთამაშე ბურთს იშორებს და პასს აკეთებს მხოლოდ იმ მომენტში, როცა მეტოქე მასთან ძალიან ახლოს მივა და ამის მერე თავად იხსნება, რათა თანაგუნდელისაგან გადაცემა მიიღოს - ასე უახლოვდებიან ისინი საჯარიმოს და მერე კი მესი ან სხვა ვინმე „ტყორცნის კალათისკენ“.
რაც შეეხება „ასხლეტილ“ ბურთს - გავიხსენოთ, რამდენი და როგორი სისწრაფით მირბიან ბარსელონელები მეტოქის კარისკენ, როცა რომელიმე მათგანი ბურთს კარში დაარტყამს ანაც საჯარიმოს ცარიელ, შედარებით ხალვათ წერტილში ჩააგდებს.
ამ დროს მექანიკურად არაფერი ხდება - კატალონიელები ბურთის შესაძლო უკან გამოვარდნის შემთხვევაში მეტოქეს არ უყურებენ, ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად ახლოს იყვნენ ბურთთან, რათა დაამატონ, ფეხი ან თავი წაჰკრან - უცქირო მეტოქეს ან იფიქრო მისი გადაადგილების მიხედვით, დროის და შესაბამისად სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას ნიშნავს. ეს იგივე იქნებოდა, კალათში ბურთის სროლის შემდეგ, კალათბურთელი მის მოსახსნელად კი არ წასულიყო ან მეტოქისთვის „ტანი ჩაედგა“კი არ ჩაედგა, არამედ მოქინააღმდეგე ეთვალიერებინა ან მის მოქმედებას დალოდებოდა.
„ბარსაში“ სხვაგვარადაა - ფეხბურთელები მირბიან „მოსახსნელად“ და მხოლოდ ბურთის ფეხში მოგდების მერე, სიტუაციიდან გამომდინარე წყვეტენ, რა გააკეთონ და როგორ...
გვარდიოლას მანქანა მძლავრად და თანაბრად მუშაობს - სისტემა იმდენად დახვეწილია, თითქმის უმტკივნეულოდ იტანს შემადგენლობაში ფეხბურთელების ცვლას. იყო ჩავარდნებიც, მაგალითად ადრე „ერკულესთან“ და ამ სეზონში „ოსასუნასთან“, მაგრამ ეს თითქმის არაფერს ცვლის...
როგორ გგონიათ, რისი ბრალია კატალონიურ კლუბში ამდენი ახალგაზრდა ვარსკვლავის გამოჩენა?
ყველაფერი 15 წლის წინ დაიწყო - „ბარსელონაში“ და „ვილიარეალში“. კლუბებმა უარი თქვეს ვარჯიშებისას მექანიკურ პროცესზე - კარში დარტყმის, ბურთის გაჩერების, პასის გადაცემის სწავლებაზე და მიიჩნიეს, რომ მთავარია, ბავშვს ანალიზის, აზროვნების, მინდვრის ხედვის უნარი განუვითარო.
ზემოხსენებულ რაღაცებს კი თავად ისწავლის - ბურთთან ურთიერთობის პროცესში.
ასეთმა მიდგომამ მშვენიერი შედეგი გამოიღო და „ბარსელონასა“ და „ვილიარეალის“ მაშინდელ წამოწყებას ახლა ძალიან ბევრი გუნდი იზიარებს.
გვარდიოლას მთელი ხიბლი კი ისაა რომ მან საბოლოოდ შეასხა ხორცი ბიზნეს-გეგმას და ჩანაფიქრის „დაქოქვიდან“ ათიოდე წელიწადში კატალონიას უმაგალითო ტიტულთ და ვარსკვლავთცვენა მოუწყო.
კონსტანტინე გოგიშვილი