გულშემატკივრის სვეტი

13:23 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პენსიონერ ფანთა კლუბი”

ეს კლუბი ერთი შეხედვით თავიდანვე პალანიკის “მებრძოლთა კლუბს” მოგაგონებდათ, რადგან ჭეშმარიტად სექტანტური განწყობები სუფევდა და ხალხიც ერთობ გადარეული და მრავალდაღდასმული იყო. თუმცა, თუ კარგად დააკვირდებოდით, მიხდებოდით, რომ “პენსიონერ ფანთა კლუბი” სხვა არაფერი იყო თუ არა ადგილი, სადაც სისხლისა და ემოციებისგან დაცლილი ადამიანები დარდით იხსენებდნენ ახალგაზრდობას.

 ამ კლუბში მოსახვედრად უპირველეს ყოვლისა კლუბის რომელიმე წევრის რეკომენდაცია იყო საჭირო და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავდნენ შენთან კონტაქტის საჭიროებასა და აუცილებლობას. ერთ, ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს იკრიბებოდნენ და საუბარს ყოველთვის ინგლისის საფეხბურთო ნაკრების საიდუმლო ფანკლუბის ყოფილი ლიდერი იწყებდა. ბატონ ჯონს სახე და ტანი ნაირგვარი ჭრილობებით გქონდა აჭრლებული და სიარულისას ორივე ფეხით კოჭლობდა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქში იყო ინგლისის ნაკრებს გაყოლილი და შესაბამისად ნაჩხუბარიც. თუმცა, ყველაზე მწარედ, გლაზგოში სტუმრობა ახსოვდა, როდესაც ადგილობრივმა ნაგიჟრებმა მისტერ ჯონის ავტორირტეტი და სიგიჟე არად ჩააგდეს და ლამის ყველა ძვალი გადაუმტვრიეს.

 მისტერ ჯონის მოადგილე და მარჯვენა ხელი იყო, ფრანგული “ლიონის” საიდუმლო ფანკლუბის ასევე ყოფილი ლიდერი - მიშელი. მიშელი იყო დიდთავა, ჭაღარა მოხუცი, რომელიც დღენიადაგ იგინებოდა და სულ მცირე მიზეზი სჭირდებოდა წყობიდან გამოსასვლელად. რამდენჯერმე ჩხუბი კლუბშიც კი წამოიწყო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მრავალ ნაგიჟართა შორის ამ სიბერეში ჩხუბს აზრი უკვე აღარ ჰქონდა. სულაც არ იყო აუცილებელი, სული სწორედ იმ ადგილას დაელია, რომელიც ყველაზე მეტად უყვარდა.

 საუბრობდნენ ყველაფერზე: ფეხბურთზე, თანამედროვე ფანობაზე, საიდუმლო ფანკლუბების ახალგაზრდა წევრებზე და მათ ლიდერებზე, სხვადასხვა ქვეყნის საგულშემატკივრო ტრადიციებზე და რასაკვირველია იხსენებდნენ ძველ, ხშირად საშინელ ამბებს. საკუთარი ამბების მოყოლა ყველაზე კარგად იტალიის ნაკრების ყოფილ ფანს, ლუიჯის გამოსდიოდა, რომელსაც მეტსახელად “ენაგრძელიც” კი შეარქვეს. ”რა დამავიწყებს დიდებულ 1982 წელს ჩემო ძმანო” – სულ ასე იწყებდა თავის მონოლოგებს სენიორ ლუიჯი. ”ბრაზილიასთან მატჩის დროს, იქაურმა ინჩასებმა ჩვენი სამი თუ ოთხი ტიფოზი ჩაიგდეს ხელში და ისე უჟაჟუნებდნენ – თქვენი მოწონებული. მაგრამ არც ჩვენ ვიყავით ურიგო ბიჭები. ბრაზილიელებს წრე დავარტყით და სანამ რაიმეს მოისაზრებდნენ, კარგა მაგრად მივცხეთ. ეს მხოლოდ შურისძიება არ იყო. ეს იყო მათი დარწმუნება იმაში, რომ იტალიელი ტიფოზის ცემა ადვილად არავის შერჩება.”  

 “პენსიონერ ფანთა კლუბში” ისეთი ადამიანებიც იყვნენ გაწევრიანებულები, რომლებსაც ადრე ერთმანეთთან ეჩხუბათ. მაგალითად, ჰოლანდიური კლუბების - “აიაქსისა” და “ფეიენოორდის” ფანების აწყოფილი ლიდერები ერთმანეთს როგორც იტყვიან “მოხარშულს იცნობდნენ” და საკუთარი დაპირისპირების ამბებსაც ხშირად იხსენებდნენ. როგორც ამსტერდამული გუნდის ქომაგთა ყოფილი წინამძღოლი იხსენებდა, ერთხელ როტერდამში გამართული მატჩის დროს, როდესაც “აიაქსი” იმარჯვებდა, იგი მიხვდა, რომ სტადიონიდან საღსალამათად გასვლა გაუჭირდებოდა და ეშმაკურ ხერხს მიმართა. სტადონზე მჯდომი უცნობი ქალისაგან პარიკი ინათხოვრა და ასე. ქალად გადაცმული გამოიპარა სტადიონიდან, რომლის ჭიშკართან “ფეიენოორდის” გამწარებული გულშემატკივრები “პატრულირებდნენ.”

 მიუხედავად იმისა, რომ მოხუცი ფანების უმეტესობას სხვადასხვა დაავადებები სჭირდათ და მუდმივად მკურნალობდნენ, კლუბის წევრები თვეში ერთხელ მაინც შლიდნენ დიდ სუფრას და გვარიანად გამოთრობასაც ახერხდებდნენ. ცუდი ის იყო, რომ კლუბის წევრები წლიდან-წლამდე აკლდებოდათ, მაგრამ მათი რიგები ახალი წევრებითაც გამუდმებულად ივსებოდა. გამოუსწორებელ და მჩქეფარე ენერგიის მქონე მოხუცებს ამქვეყნად რა დალევს...

 

 

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.111578
სარეკლამო ადგილი - 99
X x X