ჩეხ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ სპეციალური გამოკითხვა ჩაუტარებიათ, რომლის მიხედვითაც ცნობილ ჩეხებში 2011 წლის ყველაზე შეუფერებელ წყვილად ფეხბურთელი პაველ ნედვედი და მისი მეუღლე, ივანა მარცელი დაასახელეს. რასაკვირველია, პაველი და მისი ცოლი, ამ გამოკითხვასთან დაკავშირებულ სპეციალურ გალა-ღონისძიევაზე არ მისულან, თუმცა ეს ”აღიარება” დიდად რომ არ გაახარებდათ, ეს ცხადია.
უკვე 10 წელია, რაც პაველ ნედვედი და ივანა მარცელი ცოლ-ქმარი არიან. თანაცხოვრების მანძილზე ორი შვილი (გოგონა და ვაჟიშვილი) შეეძინათ და აღსანიშნავია, რომ ორივე შვილი მხოლოდ ივანამ, დაუხმარებლად გაზარდა. დაახლოებით ორი წლის წინ, პაველ ნედვედი გაოცებული ჰყვებოდა თავისი ცოლის შესახებ, რომელმაც ბავშვების გაზრდაში ყოველგვარ დახმარებაზე და ძიძებზე უარი თქვა და მთელი თავისი დრო და ენერგია პატარა ნედვედების გაზრდას შეალია.
ახლა ივანა და პაველი შვილებთან ერთად ძირითადად იტალიაში ცხოვრობენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც ჩეხეთში სამსართულიანი ფეშენებელური სახლი შეიძინეს და დასვენების პერიოდს ძირითადად ჩეხეთში ატარებენ. პაველ ნედვედის ოცნებაა, რომ მისმა შვილებმა არა რომელიმე იტალიური სასწავლებელი, არამედ პრაღის უნივერსიტეტი დაამთავრონ.