ინტერვიუები

10:01 | 10.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

პაულ ბრაიტნერი: "ყველას ვაფრთხილებ -ერიდეთ "ბორდოს"

გერმანიის ნაკრების, მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილ ნახევარმცველს პაულ ბრაიტნერს ფეხბურთის მოყვარულთა წინაშე წარდგენა არ ესაჭიროება, ამიტომაც მისი რეგალიებისა და დამსახურების ჩამოთვლასაც არ მოვყვებით, მხოლოდ ერთს შეგახსენებთ, 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონ ბრაიტნერს ორი მუნდიალის ფინალში (1974, 1982) აქვს გოლი გატანილი. ამჟამად იგი “ბაიერნში” სკაუტთა სამსახურში მოღვაწეობს, რადიოსადგურ “დოიჩე ველეში” საფეხბურთო კომენტატორად მუშაობს და ამავე საინფორმაციო საშუა-ლების კორესპონდენტს ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა. საუბარი კი, ცხადია, “ბაიერნის” გუშინწინდელი გმირობის ტოლფასი მოგებით დაიწყო.

- ჰერ ბრაიტნერ, გილოცავთ ტურინში მოგებას. რას უნდა ველოდეთ “ბაიერნისგან” ფლეი-ოფში?
- ძალიან ამაღლებულ ხასიათზე გახლავართ და ჯერჯერობით,  არ მიფიქრია იმ პერსპექტივაზე, რომელიც ჩვენს გუნდს მომავალი წლის თებერვლიდან ელის. ერთი რამ კი უდავოა – “ბაიერნს” ტურინში იმიტომ არ მოუგია, მერვედფინალი რომ წააგოს. დაველოდოთ კენჭისყრას, ყველა მეტოქე უაღრესად სერიოზულია, მაგრამ საგანგებოდ მაინც “ბორდოს” გამოვარჩევდი. ჟირონდელებთან ერთ ჯგუფში ვიყავით და ბორდოელთა რეალური ძალა საკუთარ ზურგზე ვიწვნიეთ. მათ საკუთარ მინდორზეც მოგვიგეს და მიუნხენშიც. სამაგიეროდ, ფლეი-ოფში რომ მოვხვდით, გარკვეუწილად ლორან ბლანის გუნდის დამსახურებაა. წინა ტურში მათ ხომ “იუვენტუსს” მოუგეს. ყველას ვაფრთხილებ – ერიდეთ “ბორდოს”.
- პრესის ფურცლებიდან არ წყდე¬ბა ინფორმაციის ნაკადი, რომელიც კლუბში არსებულ წყალქვეშა დინებებზე ამახვილებს ყურადღებას. გუნდში მართლაც პრობლემებია დახვავებული?
- იმედია, ახლა მაინც ჩაწყნარდება მდგომარეობა. გაზეთები ათას სი-სულელეს წერენ. ნამდვილად არ ვიცი, რას ეფუძნება ეს ჰაერიდან მოტანილი ამბები. ამ დროს არც გუნდსა და არც კლუბში დაძაბული ვითარება არაა. ისე კი, ჟურნალისტებისაც მშვენივრად მესმის. “ბაიერნი” დიდი გუნდია და როდესაც თვეების განმავლობაში გუნდში რეპორტიორთათვის საკბილო სენსაციური რამ არაფერი ხდება, ისინი თავად იგონებენ ვითომცდა დამაინტრიგებელ ცნობებს, ხოლო თუ მცირე გაუგებრობას მოჰკრეს ყური, ამ ფაქტს ისე გააზვიადებენ, ბარონ მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა. ასე რომ, შეჩ¬ვეულნი ვართ იმ ისტორიებით ცხოვ¬რებას, რომელთაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონდათ.
- “ბაიერნის” სატრანსფერო პოლიტიკაში ცვლილებები თუა მოსალოდნელი? მაგალითს “არსენალისგან” ხომ არ აიღებთ? ჩრდილოლონდონური გუნდის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 25 წელს არ აღემატება...

- არა. “არსენალი” ერთბაშად 10-15 ფეხბურთელს ყიდულობს ხოლმე. ჩვენ ასეთი საფინანსო რესურსი არ გაგვაჩნია. ლონდონელებს ჩვენგან განსხვავებული გზა აქვს არჩეული.
- დირექტორატის მუშაობას დადებითად აფასებთ?
- ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღეთ. დარწმუნებული ვარ, მიუნხენის “ბაიერნი” მალე კონტინენტის უძლიერეს კლუბებს შორის დაიმკვიდრებს ადგილს.
- რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკაში მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა ჩატარდა. როგორ გგონიათ, გაუმართლა გერმანიის ნაკრებს?
- ჩემია აზრით, გაუმართლა – უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო. ისიც კარგია, პირველი შეხვედრის ჩატარება ავსტრალიასთან რომ გვიწევს. ობიექტურად თუ ვიტყვით, “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლები სერბებსაც ჩამოუვარდებიან და განელებსაც. არ მესიამოვნა, სერბიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწედ ბორა მილუტინოვიჩი რომ დაინიშნა. იგი ძალიან გამოც-დილი და ცბიერი სპეციალისტია, მუნდიალებზე გუნდის გაწვრთნის კოლოსალური გამოცდილება აქვს დაგროვილი. სერბია მეტად რთულად დასაძლევი ოპონენტია. არ დაგავიწყდეთ, ბალკანელებმა საკვალიფიკაციო ციკლის ჯგუფში ფრანგებს და რუმინელებს რომ გაუსწრეს. საშიშია განაც. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მუნდიალი ხომ აფრიკის კონტინენტზე ჩატარდება. კარგი იქნება, თუკი ავსტრალიას და განას მოვუგებთ, სერბებს კი დავუზავდებით.
- ბუნდესგუნდს გამარჯვების პრეტენდენტად მიიჩნევთ?
- გერმანია ნებისმიერი ტურნირის მოგების რეალური კანდიდატია და გამონაკლისი არც მომავალი ზაფხულის მსოფლიოს ჩემპიონატია.
- იოაჰიმ ლიოვის გუნდის უპირველეს კონკურენტად რომელ ნაკრებს თვლით?
- ამ კითხვაზე ორიგინალურ პასუხს ვერ გაგცემთ – ბრაზილიას და ესპანეთს. ბევრს ველი ინგლისისგანაც. ფაბიო კაპელომ ნისლიან ალბიონზე უზარმაზარი მოცულობის სასარგებლო მუშაობა გასწია და სადღეისოდ, ინგლისის ნაკრები სტაბილურად თამაშობს. ჩემი აზრით, კაპელოს გუნდი სამხრეთ აფრიკის ტურნირზე შორს წავა.

გოჩა კაჭარავა


 

0.129499