2009 წელს პატრისია ამორიმი ბრაზილიური “ფლამენგოს” პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა. ადგილობრივმა საფეხბურთო საზოგადოებამ ეს სიახლე სიხარულით მიიღო, ფიქრობდნენ, რომ წარსულში პროფესიონალი მოცურავე, კლუბს ძველ დიდებას დაუბრუნებდა და მშობლიურ “მარაკანაზე” არაერთხელ იზეიმებდნენ გამარჯვებას. მაგრამ სინამდვილეში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. უკვე სამი სეზონია, გუნდს სერიოზული არაფერი მოუგია, ახლახან წასული ჟოელ სანტანა კი, ბოლო ორ წელიწადში მეხუთე განთავისუფლებული მწვრთნელი გახდა.
ეს ამორიმი ყარაჩოხელი ქალი ჩანს, ფეხბურთელები მას დიდ პატივს სცემენ და სხვადასხვა საღამოებზე ერთად ჩნდებიან. მაგალითად, მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი შემტევი ვაგნერ ლავი ამბობს: ასეთი კეთილი ქალბატონი ცხოვრებაში არ მინახავსო. თუმცა, პრეზიდენტს განსაკუთრებით ორი მოთამაშე უყვარდა – ადრიანო და “ნამეტნავად” - რონალდინიო, რომელიც ყველას გასაკვირად, ამ ზაფხულს “ატლეტიკო მინეიროში” წავიდა. “კიჭას” პრეზიდენტი აღმერთებდა და ყველაფერს პატიობდა – ვარჯიშებზე დაგვიანებას, საშინელ ხასიათს, არცთუ სტაბილურ თამაშს. ისინი საკმაოდ ახლოს ურთიერთობდნენ, კარნავალებზეც ერთად დადიოდნენ.…პატრისია თითქმის არ აცდენს გუნდის ვარჯიშებს და ერთხელაც, როცა რონალდინიო და მწვრთნელი ლუშემბურგუ ერთმანეთს წაეკიდნენ, ამორიმმა ფეხბურთელის მხარი დაიჭირა და მწვრთნელთან კონტრაქტი გაწყვიტა.
“ფლამენგოს” ქომაგებს, რბილად რომ ვთქვათ, არ მოსწონთ ამორიმი, ზოგი კი ზიზღს საჯაროდ გამოხატავს. მას დღემდე ვერ პატიობენ ანდრადეს განთავისუფლებას, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული მწვრთნელი იყო კლუბის ისტორიაში. ამორიმის თქმით, მწვრთნელი გუნდში არსებული “სისტემური კრიზისის” გამო გაათავისუფლეს, თუმცა ამას უარესი სკანდალები მოჰყვა: გააგდეს დირექტორი მარკოს ბრაზა, ლეგენდარული ზიკო კლუბის იმიჯის საკუთარი თავისთვის მორგებაში დაადანაშაულეს, მეკარე ბრუნო ცოლის მკვლელობისთვის ციხეში ჩასვეს, ხოლო ადრიანოს ნარკოდილერებთან კავშირი დაუდგინეს.
“ფლამენგოს” ვარჯიშებზე ხშირად ნახავთ პლაკატებს ლოზუნგით – “დაგვიბრუნეთ ჩვენი გუნდი!” ფანები უკვე ხუმრობენ, ამორიმის დევიზია – ყოველ ნახევარ წელიწადში ახალი მწვრთნელიო. მართლაც, ყველაზე დიდხანს (ერთ წელიწადს) ლუშემბურგუმ “გაძლო.” 2010 წლიდან დღემდე ამორიმმა 5 მწვრთნელი გამოცვალა – ანდრადე, როჟერიო ლოურენსო, სილასი, ვანდერლეი ლუშემბურგუ და ჟოელ სანტანა. ორიოდ კვირის წინათ მთავარ მწვრთნელად 50 წლის დორივალ ჟუნიორი დანიშნეს. ნეტავ, რამდენ ხანს გაატანს...
ლუშემბურგუს დროს გუნდი რიო დე ჟანეიროს სხვა წარმომადგენლებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა, შტატის ჩემპიონიც გახდა და ლიბერტადორესის თასის გათამაშებაზეც მოხვდა. მაგრამ ქალბატონის რისხვას ვერც ეს პატიოსანი კაცი გადაურჩა. მიზეზი? რონალდინიოს გამოხდომები ვერ მოითმინა, რომელიც ხშირად აცდენდა ვარჯიშებს და ნასვამი ცხადდებოდა საწვრთნელ ბანაკში. მორიმმა ვარსკვლავის გაშვებას მწვრთნელის დათხოვნა არჩია.
ახლა “ფლამენგო” ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა და 16 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ატლეტიკო მინეიროს”. მწვრთნელების ხშირი ცვლა კი, არცთუ მდიდარი კლუბის ბიუჯეტს სასიკვდილოდ ურტყამს. მაგალითად, ლუშემბურგუმ კონტრაქტის გაწყვეტისთვის საკომპენსაციოდ 1,6 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო სანტანამ - 800 ათასი.
მოკლედ, ეს ყველაფერი, მართლაც ბრაზილიურ სერიალებს ჰგავს
მოამზადა სოლომონ გულისაშვილმა