ინტერვიუები

16:05 | 2.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: “შესაძლებლობების გამოვლენის დრო დაგვიდგა”

ინგლისის “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი მარცხენა მცველი ამბობს, რომ გუნდს სეზონის უმნიშვნელოვანესი დრო დაუდგა. სწორედ ახლა უნდა გამოჩნდეს ის, თუ რა შეუძლია გუნდს და პირადად მას.
31 წლის მოთამაშე კმაყოფილია როგორც საკუთარი, ასევე გუნდის და ეროვნული ნაკრების მიერ ნაჩვენები შედეგით. მიმდინარე სეზონის შეფასებასთან ერთად, მან Manutd.com-თან ინტერვიუში ანდერსონთან დადებული სანაძლეოც გაიხსენა.
- დატვირთული კალენდრის გათვალისწინებით, რომელიც სეზონის ბოლომდე გაგრძელდება, როგორ ფიქრობთ, თქვენი გუნდისთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი სტადია დაიწყო?
- რა თქმა უნდა, მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი დრო დაგვიდგა. დიდი მატჩების დრო დგება და აუცილებელია საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ვფიქრობ, ამის გაკეთება უკვე დავიწყეთ და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შევინარჩუნოთ. წინ კიდევ არაერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის და მათში უნდა ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.
- სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე “ჩელსი” რჩება, მაგრამ ლიდერებს შორის ქულათა სხვაობა არც ისე დიდია...
- ეს არცაა გასაკვირი, რადგან პრემიერლიგა რთული ჩემპიონატია. წელს დაძაბულობა კიდევ უფრო დიდი იქნება და ჩემპიონობისთვის არა მხოლოდ “მანჩესტერ სიტი” და “იუნაიტედი”, არამედ “ჩელსიც” იბრძოლებს. კარგად მისდით საქმეები “ტოტენჰემს” და “არსენალსაც”. ვფიქრობ, სეზონის შუა პერიოდიდან საკუთარ შედეგს “ლივერპულიც” გააუმჯობესებს. პრემიერლიგაში თამაში ადვილი არაა და სწორედ ამიტომ სურთ ფეხბურთელებს აქ გამოსვლა.
- ამჟამინდელი “მანჩესტერ იუნაიტედი” ყველა ძლიერია იმ გუნდებს შორს რომელიც თქვენ გახსოვთ? სერ ალექს ფერგიუსონს ხომ თითქმის ორი თანაბარძალოვანი შემადგენლობა ჰყავს?
- დიახ, იმ ფეხბურთელებით, რომლებიც ფერგიუსონს ჰყავს, ნამდვილად შეიკრიბება ორი სრულფასოვანი გუნდი. ყველა პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა, რაც მოთამაშეებს ვარჯიშებზე სრულად დახარჯვას აიძულებს. ყველას კარგად გვესმის, რომ თუ ასე არ მოვიქცევით, მომდევნო თამაშისთვის სათადარიგოთა სკამზე აღმოვჩნდებით. ეს “მანჩესტერ იუნაიტედია” და მსგავსი კონკურენცია ყველასთვის კარგია, ის საკუთარი შესაძლებლობების ყოველდღიურად წარმოჩინებას გაიძულებს.
- საკუთარი ფორმით თუ ხართ კმაყოფილი?
- ამ სეზონში კი. “მანჩესტერ იუნაიტედთან” და ეროვნულ გუნდთან ერთად კარგი შედეგები ვაჩვენე და ამით ბედნიერი ვარ. მსურს, რომ ვითამაშო, ფორმა შევინარჩუნო, კარგად გავისარჯო დაცვაში და გოლებიც გავიტანო.
- რას გვეტყვით ანდერსონთან დადებულ სანაძლეოზე? ის ამბობს, რომ რაღაც საჩუქრებს დაჰპირდით, თუ 12 გოლს გაიტანს...
- (იცინის). დიახ, ეს სიმართლეა. თუ ანდერსონი 12 გოლს გაიტანს, მე მისთვის დიდი საჩუქრის გაკეთება მომიწევს. მახარებს მისი წარმატება და სწორედ ამიტომ, გუნდის საკეთილდღეოდ შევთავაზე ეს სანაძლეო. თუ ის 11 გოლს გაიტანს და ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, მოხარული ვიქნები, მაგრამ მხოლოდ 12 გოლზე მომიწევს მისთვის საჩუქრის გაკეთება.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა

0.114983