უმაღლესი ლიგის ბინადართაგან, “სამტრედია” იმითაც გამოირჩევა, რომ მისი გენერალური სპონსორობა არცერთმა კერძო სტრუქტურამ არ ისურვა. იყო საშიშროება, რომ ზამთრის არდადეგებზე გასული გუნდი მიმდინარე ჩემპიონატის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. ამას დაერთო მთავარი მწვრთნელის, გელა სანაიას და ძირითადი ბირთვის 10-მდე ფეხბურთელის წასვლა. თუმცა, გამოჩნდა საშუალება და სამტრედიელებს ეროვნული მასშტაბის უმაღლესი დონის ფეხბურთი შეუნარჩუნეს.
კლუბის მართვას ახალი მენეჯმენტი განაგრძობს. 4-კაციანმა კავშირმა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 30 წლის ირაკლი ახობაძე დანიშნა. იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და სამტრედიის საკრებულოს წევრია.
“მსოფლიო სპორტი” “სამტრედიას” პრეზიდენტს ტელეფონით დაუკავშირდა და იმერულ კლუბში ბოლო პერიოდში მომხდარ სიახლეებზე ესაუბრა.
ირაკლი ახობაძე: მანამდე დაფუძნებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, კავშირი - საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” - რამდენიმე წევრმა დატოვა, ახალმა შემადგენლობამ კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დამნიშნა. სულ 4 წევრი ვართ ამ კავშირში - რამაზ თევზაძე, ავთანდილ თადუმაძე, ვალერიან გეგეშიძე და მე.
- მათგან, ვალერიან გეგეშიძეს ფეხბურთთან ყველაზე ახლო კავშირი ჰქონდა - ვეტერანი ფეხბურთელია.
- დიახ. რაც შეეხება რამაზ თევზაძეს, იგი გუნდის გულშემატკივართა წარმომადგენელია, რომელმაც კავშირის დაფუძნებაშიც მიიღო უშუალო მონაწილეობა, ხოლო ავთანდილ თადუმაძე რაიონის გამგებლის მოადგილეა.
- დაფინანსების რა წყარო აქვს კავშირს?
- მთლიანად შემოწირულობებით და საქველმოქმედო ფონდების დახმარებით შეიქმნა ჩვენი ბიუჯეტი. მოზიდული თანხები ისეა გაწერილი, რომ მაისის ჩათვლით რაზე რა თანხა დაიხარჯება, ახლავე ცნობილია. თუ მაისამდე დამატებით კიდევ შემოვიდა რამე, ის ისევ გუნდის კეთილდღეობას მოხმარდება.
- მაინც ვის გამოჰყოფდით მათგან, ვინც გუნდს დახმარების ხელი გაუწოდა?
- ყველაზე მეტად სახელმწიფო რწმუნებული ლაშა მაქაცარია დაგვეხმარა. მის გარდა, მხარში ამოგვიდგნენ გულშემატკივრები, სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი ჯიბის ფული დადეს “სამტრედიას” უმაღლეს ლიგაში დასატოვებლად.
- როგორ ფიქრობთ, ამ სახალხო შემოწირულობებით შეძლებთ ადგილის შენარჩუნებას უძლიერესთა შორის?
- როგორ გითხრათ - ესაა ძალიან მიზერული თანხები, ჩვენთან ხელფასები დაბალი იქნება, პრემიებზე უარის თქმა მოგვიწევს. ჩვენი ბიუჯეტი ჯერჯერობით სხვა საშუალებას არ იძლევა. ჩვენ მენეჯმენტისთვის კი არ მოგვითხოვია ფული - რა თანხაც გვაქვს, მას მოვარგეთ კლუბის მენეჯმენტი. კლუბში პერსონალი მინიმუმამდეა დაყვანილი, ფეხბურთელების ხელფასიც მინიმალურია, ასევე მინიმალურია ხელფასიანი ფეხბურთელების რაოდენობა.
- იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი მინიმუმამდეა დაყვანილი, გუნდს უმაღლეს ლიგაში მოასპარეზეთაგან, ალბათ, ყველაზე მეტად ემუქრება გავარდნის საშიშროება?
- რატომ? ფეხბურთელების კონტინგენტი ისეთია, ყველას რაღაც აქვს დასამტკიცებელი. გუნდის ჩამოყალიბების პრინციპი ასეთი იყო - გვყავს ფეხბურთელების 3 კატეგორია: გამოცდილი სამტრედიელები, რომლებსაც გუნდთან უწინარესად პატრიოტული გრძნობა აკავშირებთ; სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც მიზეზთა გამო უკეთეს გუნდებში ვერ დაიმკვიდრეს თავი და ახლა დასამტკიცებელი აქვთ, რომ იქ დარჩენის ღირსნი იყვნენ; დუბლშემადგენლობის პერსპექტიული ბიჭები, რომლებსაც მიზნად აქვთ, გაისადაც ითამაშონ “სამტრედიასთან” ერთად უმაღლესი ლიგა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გვჯერა, რომ ჩვენი გუნდი ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.
- ძირითადად რომელ გუნდებთან მოგიწევთ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა?
- ჩვენსავით გაჭირვებულები არიან ფოთის “კოლხეთი”, ზუგდიდის “ბაია”. ვიბრძოლებთ და სპორტული პრინციპებიდან გამომდინარე რას შევძლებთ, მაისში გამოჩნდება. მაგალითისთვის, ფოთში მე-19 ტურის თამაშში, ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ ბიჭებმა მაინც ვაჟკაცურად იბრძოლეს.
- ბოლო ტურში, თქვენსავით ცხრილის ბოლოში მყოფ ცხინვალის “სპარტაკთან” უნდა გეთამაშათ, მაგრამ უამინდობის გამო მატჩი არ ჩატარდა. თქვენნაირი სირთულეების მქონე გუნდისთვის, გორში ტყუილად ჩასვლა-ჩამოსვლა დიდი ფუფუნებაა.
- როგორც ვიცი, ფედერაციაში, მატჩის კომისართან ერთად შედგება აქტი, რომელშიც ჩაიწერება, თუ რა მიზეზით გადაიდო თამაში. მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ შემდგომი ქმედების ვარიანტებს. ალბათ, გადაწყვეტენ - მასპინძელი გუნდის მიზეზით გადაიდო თუ ფორსმაჟორი იქნა დაფიქსირებული.
- ჩვენი ინფორმაციით, აქტში ფორსმაჟორი ჩაიწერა.
- ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუ ასე ჩაწერეს, მაშინ “სამტრედია” გაწეული ხარჯის ანაზღაურებას ვერ მოითხოვს. ფაქტი ისაა, რომ ორივე გუნდი ჩასული ვიყავით შეხვედრის ადგილზე.
- ფედერაციიდან შეგატყობინათ ვინმემ, რომ გორში მინდვრის საფარის საფეხბურთოდ უვარგისობის გამო არ წასულიყავით?
- ჩვენთვის ამ თემაზე არავის დაურეკავს, თორემ ან საერთოდ არ წამოვიდოდით, ან გზიდან მოვბრუნდებოდით.
- ისე, ასეთი კურიოზები როგორღაც მარტო “სამტრედიას” დასჩემდა. 2009 წლის ზაფხულში, გუნდი “ვიტ ჯორჯიასთან” მატჩზე ჩავიდა, მაგრამ იმიტომ მოუწია უკან გამობრუნება, რომ თურმე მეტოქეს პროფლიგაში საწევრო თანხა არ ჰქონდა გადახდილი. თუმცა, კლუბის მაშინდელი სიტუაციის ახლანდელთან შედარებაც არ შეიძლება.
- გეთანხმებით, სამწუხაროდ, მაშინაც ჩვენი გუნდი დარჩა დაზარალებული. რომ იტყვიან, გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო.
- შეგიძლიათ მათი ვინაობის დასახელება, ვინც “სამტრედიას” დაეხმარა?
- ჩვენთან ყველაფერი გამჭვირვალეა. პირველსავე საშინაო მატჩზე, სტადიონზე გამოცხადდება იმ ორგანიზაციების თუ კერძო პირების ვინაობა, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდა და გუნდს უმაღლეს ლიგაში თამაშის გაგრძელების საშუალება მისცა.
ფრიდონ კერვალიშვილი