კვიპროსულმა Lions-Radio-მ, Sigmalive-მა და Newsit-მა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელეს: შესაძლოა, ლიმასოლის აელ-ის კოტდივუარელმა ფორვარდმა პატრიკ ვუომ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმოსო. ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 200000 დოლარია.
"თბილისურმა კლუბმა აელ-ს მიმართა წინადადებით, რამაც კვიპროსული მხარე დააკმაყოფილა. ჯერი ფეხბურთელზეა და დიდი ალბათობით, ეს ტრანსფერი განხორციელდება", - წერს Newsit-ი.
ფეხბურთელი 26 წლისაა და გასულ სეზონში კარგად წარმოაჩინა თავი: 24 მატჩში 11 გოლი გაიტანა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2011-2012 წლების სეზონშიც აელ-ში იყო და ასევე 24 შეხვედრაში 9 გოლი მიითვალა.
მანამდე კი ვუო გახლდათ კოტ დივუარის "საბე დე ბუნაში", შემდეგ პორტუგალიურმა "აკადემიკამ" იყიდა და ფეხბურთელმა 20 მატჩში 1 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც განათხოვრებული ჰყავდათ ასევე პორტუგალიურ გუნდებში: "პორტიმონენსეში", "სანტა კლარაში", "კოვილიაში". მოკლედ, ვუომ პორტუგალიაში ვერაფრით გამოიჩინა თავი, აელ-ში კი წამყვან მოთამაშედ იქცა.
პატრიკ ვუოს აელ-მა გასულ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა.