ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ მომავალი ამხანაგური თამაშებისათვის ტრავმირებული ფრედის ნაცვლად ალეშანდრუ პატო გამოიძახა.
“ფლუმინენსეს” ფორვარდმა ბარძაყის დაზიანება ბრაზილიის ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩში, “სანტოსის” წინააღმდეგ თამაშისას მიიღო. გამოკვლევამ ცხადყო, რომ ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ფრედის აღდგენას მინიმუმ ორი თვე დაჭირდება.
ამრიგად, სკოლარის სხვა გზა აღარ დარჩა და შემცვლელად “კორინთიანსის” თავდამსხმელი პატო მოძებნა, რომელმაც კვირის მატჩში “ფლამენგოს” კარში ორი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 2 სექტემბერს ფეხბურთელის დაბადების დღეა და ნაკრებში გამოძახებაზე მისი რეაქცია ასეთი იყო:
“უკეთეს საჩუქარს ვერც კი ვინატრებდი! ახლახანს გავიგე, რომ კიდევ ერთხელ მომეცემა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მაისურის ჩაცმის შესაძლებლობა და საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშით საშუალება. ბრაზილიის ღირსების დაცვა უდიდეს სიამაყეს მგვრის. მადლობა ყველას, ვინც მხარში მედგა”.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ორ ამხანაგურ თამაშს გამართავს და 7 სექტემბერს ავსტრალიას უმასპინძლებს, ხოლო 10 სექტემბერს ბოსტონში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.