გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა, საფეხბურთო კლუბ თბილისის “დინამოს” გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
გთავაზობ განცხადების ტექსტს, რომელიც “დინამოს” “ფეისბუქის” გვერდზე დაიდო:
“ბოლო დროს, პრესაში გამოქვეყნებულმა პუბლიკაციებმა გადაგვაწყვეტინა ამ განცხადების გაკეთება. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი ოჯახი აგრძელებდა საფეხბურთო კლუბი “დინამოს” დაფინანსებას და მის განვითარებას. თუმცა, იმ ზეწოლის გამო, რომელიც ხორციელდებოდა წინა ხელისუფლების მიერ ჩვენი ოჯახისა და მის მფლობელობაში არსებულ აქტივებზე, “დინამოს” შემდგომი განვითარება დადგა კითხვის ქვეშ. ჩვენ ამონაწერებსაც კი ვერ ვიღებდით კლუბის შესახებ რეესტრიდან, რომ კლუბს მისცემოდა საშუალება თამაშებზე პრობლემების გარეშე გამგზავრებულიყო. ამიტომ, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გვეპოვა ინვესტორი, რომელიც შეძლებდა კლუბის გადარჩენას და განვითარებას. ჩვენ თვითონ მივმართეთ და ლონდონში შევხვდით ბატონ რომან ფიფიას და ვკითხეთ აინტერესებდა თუ არა "დინამოს" შემდეგი განვითარება, თუ კი ჩვენ მას უსასყიდლოდ გადავცემდით კლუბს. თანხმობის მიღებიდან მოკლე ხანში კლუბი გავასხვისეთ უსასყიდლოდ, ყოველანაირი ზეწოლის გარეშე ბატონი რომან ფიფიას მხრიდან. მეტიც, ჩვენ გვიხარია, რომ ის არ იშურებს ძალ-ღონესა და სახსრებს “დინამოს” განვითარებისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მას და ჩვენ საყვარელ “დინამოს”. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება ბოლოს მოუღებს სპეკულაციებს ჩვენს მიერ “დინამოს” გასხვისებასთან დაკავშირებით”