აი, უკანასკნელი აღმართიც დამთავრდება და სკოლაც გამოჩნდება. ძველი, ხის სკოლა, სადაც ერთადერთი მოსწავლე, მეშვიდეკლასელი სანდრო სწავლობს. სანდროს მთელი სოფელი, რუსეთთან ომის შემდეგ, კარგა ხანია ქალაქშია გახიზნული. მთის სოფელში ცხოვრება ომის გარეშეც ძნელია. მხოლოდ 12 წლის სანდროს მშობლებმა და კიდევ სამმა ოჯახმა ვერ შეძლო საკუთარი სახლის მიტოვება.
მთელ სოფელში სანდრო ერთადერთი ბავშვია და როდესაც ის 12 კლასს დაასრულებს, ალბათ, სკოლაც დაიხურება. მიდის სანდრო სკოლაში, ატალახებულ გზაზე და შეჰყურებს უზარმაზარ მთებს, რომელიც მის სოფელს გარშემო აკრავს. გუშინაც და იმის წინაც ასე იყო. მარტო მიდიოდა სკოლაში, უყურებდა მთებს და გული ეწურებოდა. სანდრო მარტოა, სულ მარტო. მისი უკანასკნელი მეგობარი, 3 წლის წინათ, ბარში წაიყვანეს მშობლებმა და დარჩა ასე, მოწყენილი და გულმოკლული.
როგორც იქნა, სკოლაც გამოჩნდა. სანდროს სამივე მასწავლებელი ერთადერთ მოსწავლეზე ადრე მისულა სკოლაში. ქალბატონი ნათელა სანდროს ქართულ ენას, გეოგრაფიას, ბიოლოგიასა და ისტორიას ასწავლის. ვასო პაპა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ფიზკულტურის მასწავლებლობასთან ერთად, სკოლის დირექტორობასაც ითავსებს. თამარა ბებო კი, დამლაგებელთან ერთად, ხატვისა და მუსიკის მასწავლებელიცაა.
სანდრო სკოლის კარებში მდგარ, მის მომლოდინე მასწავლებლებს ესალმება, შედის შეშის ღუმელით შემთბარ კლასში და იღლიაში ამოჩრილი ცელოფნის პარკიდან წიგნებს ალაგებს. პირველი, ქართულის გაკვეთილი აქვს, შემდეგ გეოგრაფია და მუსიკა. ბოლოს კი, ვასო პაპამ მათემატიკის, ფიზიკისა და სპორტის გაკვეთილი უნდა ჩაუტაროს. გაკვეთილებზე წუთები უხალისოდ გადის. მასწავლებლებიც მეშვიდეკლასელი მოსწავლესავით მოწყენილი და დანაღვლიანებული, ბუტბუტით ხსნიან გაკვეთილებს და ასე, ვაი-ვაგლახით მიიზლაზნება წუთები და საათები. ბოლოს სპორტის გაკვეთილია, რომელსაც სანდრო და მისი მასწავლებელი ვასო პაპა, ძველებურად ”ფიზკულტურად” მოიხსენიებენ.
სკოლის დარბაზი 7 წლის წინათ მეწყერმა დაანგრია. ამიტომ, სანდროსა და მის მასწავლებელს, იქვე, სკოლასთან ახლოს, სანდროსავე ხელით გათიბულ მინდორზე უწევთ წასვლა. მინდვრის თავში და ბოლოში საფეხბურთო მოედნის იმიტაციის შესაქმნელად ხის ძელებია ჩარჭობილი. დღეს პრაქტიკული სწავლება აქვთ. ვასო პაპა მინდვრის შუაში მიდის, სანდროს ჭუჭყიან, ხელით დაკემსილ ბურთს აძლევს და მინდვრის ცენტრიდან ხის ცარიელ ”კარებში” ბურთის დარტყმას სთხოვს. სანდროც არტყამს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... სანდრო ამ დავალებას უხალისოდ, მაგრამ დაკვირვებით ასრულებს და მისი დარტყმულების უმეტესობა ძელებს შიგნით მიფრინავს. შემდეგ, მასწავლებელი ბებრული ნაბიჯებით სკოლის შენობაში ბრუნდება და ხის პატარა ოთახიდან მძლეოსნობის ბირთვები გამოაქვს. ბირთვები ჟანგიანი და ძველია, თუმცა, დაკვირვებული თვალი ჯერ კიდევ ამოიკითხავს რუსულ ასოებს მათზე, რომლებიც ამ სპორტული ინვენტარის ფასს – ორ მანეთსა და 25 კაპიკს აღნიშნავს. სანდრომ უკვე იცის, რაც უნდა გააკეთოს. იღებს ბირთვებს, ათამაშებს ხელში და მთელი ძალ-ღონით შორს, კაკლის ხეებისაკენ ისვრის. ვასო პაპას მოსწონს მოსწავლის შედეგები და არწმუნებს, რომ ბირთვის ტყორცნა ძალიან კარგად გამოსდის და თუ ამ საქმეს ხელს სერიოზულად მოჰკიდებს, შეიძლება სპორტსმენიც კი დადგეს. მასწავლებლის სიტყვებზე სანდროს გულში ეცინება, რადგან მან და მთელმა მისმა პატარა სოფელმა იცის, რომ სანდროს მძლეოსნობა ვერ მოხერხდება, რადგან მის მშობლებს ჯერ ბარში წასასავლელად საჭირო ფული არ გააჩნიათ. ხოლო თუ ქალაქამდე ვერ ჩააღწია, სოფელში, აბა, ვის გაუკვირდება მის მიერ შორს და მარჯვედ ნასროლი ბირთვები?!
სპორტის გაკვეთილის შემდეგ, ვასო პაპა და სანდრო სკოლაში ბრუნდებიან. ნათელა მასწავლებელი და თამარა ბებო უკვე სახლებში წასულან. ვასო პაპა მოსწავლეს სკამს სთავაზობს. თვითონაც ჯდება, მაგიდის უჯრიდან იღებს გაზეთის მომცრო შეკრულას და მაგიდაზევე შლის. მასწავლებლისა და მოსწავლის მთელს სადილს 3 მოხარშული კვერცხი, შემოდგომის ბოლოს სასწაულად შემორჩენილი 2 პომიდორი, ნივრის მწნილი და პური წარმოადგენს. თუმცა, ზოგჯერ არის პერიოდი, როდესაც ასეთი ღარიბული საჭმელიც კი არ აქვთ. ვასო პაპა და პატარა სანდრო ჩუმად ილუკმებიან. სანდრო მაგიდაზე გაშლილი ძველი გაზეთის ჯერ ისევ დაუსვრელ ფურცელს დასცქერის. გაზეთის ფურცელზე, გადასახტომად მომზადებული ახალგაზრდა კაცის ფოტოა გამოსახული. “იცი, ეს კაცი ვინ არის? ეს ჩვენი ყველაზე კარგი მძლეოსანი იყო. გაგიგია ვიქტორ სანეევი?“ – ეუბნება მასწავლებელი გაზეთზე თავდახრილ მოსწავლეს. სანდრომ არ იცის, ვინ არის ვიქტორ სანეევი. არ იცის და არც სმენია მასზე, მაგრამ შესცქერის ძველმოდურ სპორტულ შორტებსა და მაისურებში გამოწყობილი კაცის ფოტოს და იცის, რომ მასწავლებელიც სწორედ იმას ფიქრობს, რაზეც ის. სანდრო ბირთვს ძალიან კარგად ისვრის, მაგრამ სანდროს მშობლებს, სამწუხაროდ, ქალაქში წასასვლელი ფული ჯერ კიდევ არა აქვთ მოგროვილი..
ლევან სეფისკვერაძე