საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა ქუთაისში, „დინამოს“ სტადიონზე გამართული ტურნირი შვიდკაცა რაგბში, რომელშიც 1999 წელს დაბადებულ ჭაბუკთა 8 გუნდი მონაწილეობდა და ისინი, ქუთაისის გარდა, საჩხერეს, თერჯოლას და წყალტუბოს წარმოადგენდნენ.
თავიდან თამაშები ორ ქვეჯგუფში ჩატარდა. შემდეგ პირველადგილოსნებმა ფინალი გაითამაშეს, ხოლო მეორეადგილოსნებმა - მე-3 საპრიზო ადგილი. აღსანიშნავია, რომ ტურნირისადმი ინტერესი საქართველოს 15 წლამდე მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა ზვიად ცუხიშვილმა და მისმა თანაშემწემ გიორგი ენუქიძემაც გამოიჩინეს. პატარა ბორჯღალოსანთა დამრიგებლები განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თამაშებს და, ცხადია, სანაკრებო კანდიდატების გვარებსაც ინიშნავდნენ.
კოკისპირულმა წვიმამ ვერაფერი დააკლო ტურნირის სანახაობრივ მხარეს. პირიქით, ატალახებულ მოედანზე ბიჭები გაორკეცებული ჟინით ერკინებოდნენ ერთმანეთს. მოხდა ისე, რომ გადამწყვეტი შეხვედრები მხოლოდ ქუთაისელთა მონაწილეობით ჩატარდა. მე-3 ადგილისთვის სარაგბო სკოლის გუნდმა 15:10 მოუგო „ბაგრატის“ მე-2 გუნდს. ასეთივე ანგარიში დაფიქსირდა ფინალში, სადაც „ბაგრატმა“ პირველი გუნდით „აიას“ დამარცხება შეძლო.
„ნამდვილად არ მოველოდი, რომ ასე კარგად მომზადებულ გუნდებს ვიხილავდი. ჩანს, მწვრთნელები სერიოზულად მუშაობენ. ბევრი ნიჭიერი ჭაბუკი ვნახე. მინდა, მათ კიდევ დავაკვირდე და ამისთვის, გამორჩეულ გუნდებს უახლოეს დროში თბილისში მოვიწვევთ ტურნირზე“, - განაცხადა „მსოფლიო სპორტთან“ საუბრისას ზვიად ცუხიშვილმა.