ფეხბურთი

15:17 | 3.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პასტორე-კავანი-მჭედლიძე

პსჟ-“ჩელსი”, მსაჯის მიერ დამატებული წუთები, მასპინძელთა ნახევარმცველ ხავიერ პასტორეს ბრწყინვალე ინდივიდუალური გარღვევისა და ახლო კუთხეში დარტყმის შემდეგ გოლი გააქვს, პარიზელები 3:1 ამარცხებენ “ჩელსის” და წყვილის ფავორიტები ხდებიან. პასტორე ამაოდ არ გვიხსენებია – დრო იყო, არგენტინელი ქართველი ლევან მჭედლიძის თანაგუნდელი გახლდათ.  

ყველაფერი ავანსის შესაბამისად რომ წარმართულიყო, წარმოიდგინეთ, რა დონის თავდამსხმელი უნდა გვყოლოდა დღეს ქართველებს. “პალერმოს” პრეზიდენტმა დიდი ზარ-ზეიმით გამოაცხადა მჭედლიძის შეძენის შესახებ და სხვათა შორის, ლევანი უფრო დიდ თანხად იყიდეს, ვიდრე ურუგვაელი ედინსონ კავანი – სუპერფორვარდი, რომელიც ასევე პსჟ-ში თამაშობს. 

აი, ფაქტები:  

კავანი - 2007 წლის იანვარში ურუგვაული “დანუბიოდან” 4,5 მილიონ ევროდ.

მჭედლიძე - 2008 წლის ზაფხულში, “ემპოლიდან” 6,2 მილიონ ევროდ. 

პასტორე - 2009 წლის ზაფხულს არგენტინული “ტალიერესიდან” 8 მილიონ ევროდ.

თავიდან თითქოს ყველაფერი იდეალურად დაიწყო, “იუვენტუსთან” ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა, აი, შემდეგ კი, როგორც ხშირად ემართებათ ქართველ ფეხბურთელებს: დაიწყო ტრავმები, ტრავმების შემდეგ რეაბილიტაციები, დიდი დროის გაცდენა, მწვრთნელთან (დელიო როსისთან) უთანხმოება. ახლა უკვე აზრი აღარ აქვს წარსულში ქექვას – ფაქტია, მჭედლიძეს მცირე დრო ეძლეოდა “პალერმოში”, მოხდა უთანხმოება და ქართველი სიცილიის კლუბიდან წამოვიდა. დაიმსხვრა ავანსებიც. ის დღევანდელივით “პალერმო” როდი იყო, სერია A-ში მუდმივად ცხრილის ზედა ნაწილში ჩანდა და ცოტა აკლდებოდა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ადგილამდე.

კავანი-პასტორე-მჭედლიძე: ისინი ერთად იყვნენ, სამივეზე დაახლოებით თანაბრად გაიცემოდა ავანსები, მაგრამ ორი მათგანის სახელი ქუხს, მესამის კი – ვეღარ. ველოდებით, ჯერ 24 წლისაა და ვინ იცის, ეყოს გამძლეობა და მოთმინება.

0.136066