საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ სეზონის პირველ საერთაშორისო ინდივიდუალურ ტურნირზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. 8-9 თებერვალს პარიზი ტრადიციულ გრან სლემს უმასპინძლებს და მასზე ქართული გუნდი 14 სპორტსმენით გამოვა. თითოეულ წონით კატეგორიაში ორი ქართველი იჭიდავებს.
უზნაძის გადაწყვეტილებით, ნაკრები ფრანგულ ტატამზე თითქმის საუკეთესო შემადგენლობით გავა. სახელოვან ძიუდოისტთაგან განაცხადს მიღმა მხოლოდ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დარჩა, რომელიც ახალ წონით კატეგორიაში – 73 კილოგრამში გადავიდა და სეზონს დიუსელდორფის გრან სლემით (21-23 თებერვალი) გახსნის.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მასმედიას საფრანგეთში წასაყვან ძიუდოისტთა სია დღეს, ვაკის სამბოს სასახლეში გამართულ ვარჯიშზე გააცნო. პარიზში გამგზავრებამდე ძიუდოისტები სწორედ სამბოს დარბაზში მოემზადებიან. დიღომში მდებარე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის მთავარ დარბაზში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს ნაკრები
60კგ - ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ - შალვა ქარდავა და გიორგი ქალდანი
73კგ – ზებედა რეხვიაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი
81კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი
90კგ - ვარლამ ლიპარტელიანი და ბექა ღვინიაშვილი
100კგ - ალექსანდრე მსხალაძე და ნოდარ მეტრეველი
+100კგ - ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი