“ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ წინასასეზონო მატჩებში გაბრიელ ობერტანის თამაში გამოარჩია. ბოლო პერიოდში ობერტანს გუნდის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად მუდმივი ტრავმიანობა უშლიდა ხელს. ახლა კი, ეს პრობლემა წარსულს ჩაბარდა და ახალ სეზონს ფრანგი კარგ ფორმაში ხვდება.
მისი კარგი თამაში პარდიუს არ გამოჰპარვია და SkySkports–თან საუბრისას, წინასასეზონო მატჩებიდან სწორედ ობერტანი გამოარჩია და განაცხადა, რომ გაბრიელზე მომავალ სეზონში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული:
“ძალიან მესიამოვნა, როდესაც გულშემატკივრებმა გაბრიელის გვარის სკანდირება დაიწყეს. ზაფხულში იგი თავდაუზოგავად შრომობდა და შედეგმაც არ დაახანა – ის ამხანაგურ მატჩებში გამორჩეული იყო. თუ ასეთ ფორმას შეინარჩუნებს, იგი ჩვენი გუნდისთვის ახალი დამრტყმელი ძალა იქნება, რადგან მანამდე ობერტანს ტრავმები უშლიდა ხელს.” – განაცხადა პარდიუმ.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონი ობერტანს თითქმის სრულად გაუცდა და მან მხოლოდ სამ თამაშში შეძლო მონაწილეობის მიღება.
ლევან გოგოტიშვილი