ფეხბურთი

20:10 | 12.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პარასკევიდან ეროვნული ისევ გახურდება

სანაკრებო პაუზის შემდეგ, პარასკევს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდება. V ტურის ყველა მატჩი ერთ დღეს გაიმართება.

მერანი (მარტვილი) – ჩიხურა (საჩხერე)

13 სექტემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

მსაჯები: ო. ხეცაძე, გ. ჩიგოგიძე, ზ. ასკაროღლი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

ისე მოხდა, რომ მარტვილელებს ბოლო დროს ლიდერებთან უწევთ ბურთაობა. წინა ტურში, “ვიტ ჯორჯიასთან,” სტუმრად 0:3 დამარცხდნენ და პარასკევს ახლანდელ ლიდერ საჩხერის “ჩიხურას” “დაუხვდებიან.” ბოლო სიტყვა ბრჭყალებში იმიტომ დავწერეთ, რომ ჭყონდიდელები ნომინალურ მასპინძლებად კი ითვლებიან, მაგრამ საკუთარი სტადიონი ჯერაც მოუწესრიგებელი აქვთ და ზემოიმერლებს სამტრედიაში დაუხვდებიან. სოსო ფრუიძის გუნდს კი ჩემპიონატში ჩინებული სტარტი გამოუვიდა და ამჯერადაც გასამარჯვებლად გავა მინდორზე. ისინი ამტკიცებენ, შარშანდელი წარმატებული სეზონი შემთხვევითი არ ყოფილა.

სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

13 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 16:00

დისკვალიფიცირებულები: გიორგი კახელიშვილი (“სიონი”);  გურამ ადამაძე (“ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. ბერულავა, ი. მაჩიტაძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

“მერანის” დღეშია “სიონიც.” ვერც ბოლნისელები თამაშობენ საკუთარ სარბიელზე და იძულებულნი არიან, მოწინააღმდეგეებს ვაკეში, “მიხეილ მესხზე” დაუხვდნენ. გიორგი კიკნაძის შეგირდებს სეზონი ურიგოდ არ დაუწყიათ, თუმცა გასულ ტურში განმუხურში “ზუგდიდთან” დამარცხდნენ და ცხრილის შუაში ჩაინაცვლეს. მათი “სტუმარი” ვეტერინარები კი წლეულს ფერზე მოვიდნენ, ლიდერ “ჩიხურას” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან და აუცილებლად მოგებას შეეცდებიან.

 

მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი)

13 სექტემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 16:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი გავაშელიშვილი (“მეტალურგი”)

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ლ. ვარამიშვილი, კ. ტეფნაძე, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

რუსთაველებმა სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოიყენეს და დროის ამ მონაკვეთში აზერბაიჯანული ზაქათალის “სიმურგს” ამხანაგურად გაეჯიბრნენ (1:1). მათმა დამრიგებელმა, გელა სანაიამ თითქმის ყველა თავის ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. ამასობაში, რუსთავური კლუბის პრესსამსახურმა საინტერესო სიახლე გვაცნობა: „მეტალურგის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პირველ წრეში „ფოლადის“ სტადიონზე გასამართ შეხვედრებზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება.. ეროვნული ჩემპიონატის უახლოეს ოთხ საშინაო მატჩზე ყველა გულშემატკივარი სტადიონზე შესვლას უფასოდ შეძლებს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ სეზონში გუნდი ქვედა ექვსეულში მოხვდა, რის გამოც სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. ახალი სეზონის დაწყებამდე კი გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. წლეულს „მეტალურგი“ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას გეგმავს, რაშიც გულშემატკივართა როლი ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

“სპარტაკი” კი უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გუნდია, ვისაც დღემდე ქულაც ვერ მოუპოვებია. მათი შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს ცოტა უცნაურიცაა, მაგრამ ვნახოთ, ეგებ რუსთავური მატჩიდან დაიწყონ აღმასვლა.

 

დინამო (თბილისი) – ზუგდიდი

13 სექტემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ი. უკლება, ლ. თოდრია, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

დინამოელთათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. ერთი რომ, წინა ტურში “გურიასთან” მოულოდნელი დამარცხების შემდეგ (1:2), საკუთარი მაყურებლის თვალწინ რეაბილიტაციას შეეცდებიან, მეორეც, “ტოტენჰემთან” შეხვედრის შემდეგ (ჯამში 0:8) გუნდში რაღაც აირია, ზოგი წამყვანი ფეხბურთელი მეორე გუნდში გადაიყვანეს, ზოგიც “ტრავმის გამო” ან უბრალოდ არ ათამშეს. იმედია სანაკრებო პაუზას გამოიყენებდნენ და ჩემპიონი მალე კვლავაც ცხრილის ზედა ნაწილში იქნება.

ზუგდიდელებს კი პრობლემები არ ელევათ. მიზეზი ისევ უფულობაა. ქალაქის მერიას როგორც შეუძლია ეხმარება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კიდევ ერთი ფაქტი: რამდენიმე დღის წინათ გუნდის ფანკლუბმა - “აბრაგებმა,” მუნიციპალიტეტის გამბეობას ავტობუსის გამოყოფა სთხოვეს, რათა თბილისში მატჩზე წასულიყვნენ, მაგრამ გამგეობამ უარი უთხრა. “აბრაგები” შეურაცხყოფილნი დარჩნენ ასეთი პასუხით და თავის ფეისბუქის გვერდზე საკმაოდ მწვავე განცხადებებიც დაწერეს. თუმცა, როგორც შევიტყეთ, კლუბის ხელმძღვანელობა საკუთარი ხარჯებით აპირებს მათ თბილისში წაყვანას. სხვა მხრივ, “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ გუნდს კიდევ ერთი ეგვიპტელი ახალწვეული 31 წლის ჯამალ ჰამზა შეუერთდა, რომელსაც, შესაძლოა, დებიუტი სწორედ თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ ჰქონდეს. ამირ აზმი მოჰამედმა კი პირველად წინა ტურში ითამაშა “სიონის” წინააღმდეგ.

 

ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი)

13 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკა ფირცხალავა (“ტორპედო”); არნაუ ჩუენსუ (“გურია”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, დ. ჩიგოგიძე, ზ. ფიფია, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

ახალგაზრდა ქუთათურები შინ წინა ტურის გმირებს, ლანჩხუთელ ფეხბურთელებს უმასპინძლებენ. მოგეხსენებათ, რუსთავის „მეტალურგთან“ ქუთაისში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, „ტორპედომ“ ზედიზედ 2 გასვლითი მატჩი მოიგო - „ზესტაფონთან“(3:2) და „სპარტაკთან“(1:0). გუნდის ესპანელ თავკაცს ეროვნულ ჩემპიონატში ქუთაისელთა სტარტის შეფასება და მომავალ მატჩზე კომენტარი კლუბის ოფიციალურმა გვერდმა სთხოვა:

ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „თავიდან, ცხინვალის „სპარტაკთან“ გამართულ შეხვედრაზე ვთქვათ, რომელიც დადებითი შედეგით დავასრულეთ და მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ. უნდა ავღნიშნო, რომ ამ თამაშში ბოლომდე არ დამაკმაყოფილა ჩემი ფეხბურთელების შეტევაში მოქმედებებმა, მაგრამ ჩვენ საკუთარი კარი მშრალად შევინახეთ, დაცვაშიც ნორმალურად ვითამაშეთ და აქედან გამომდინარე, გამარჯვებასაც მივაღწიეთ, რაც, ცხადია, ლოგიკური იყო. არ ვიყავით მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ, მიმაჩნია, რომ „სპარტაკზე“ კარგი გუნდი ვართ.

რაც შეეხება მთლიანად სტარტს, კმაყოფილი ვარ, რომ ახალმა დაკომპლექტებულმა გუნდმა მოახერხა და 9 შესაძლებელი ქულიდან 7 აიღო. იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ თანდათან უნდა გავაუმჯობესოთ თამაში, თუმცა მთავარი შედეგია და სწორედ განვლილ სამ ტურში ნაჩვენები შედეგები კიდევ უფრო მეტად მაძლევს იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ გუნდი უფრო გაიზრდება და განვითარდება.

ვიცი, რომ ჩვენი მომდევნო მეტოქე - ლანჩხუთის „გურია“ ერთ-ერთი ტრადიციული საფეხბურთო კლუბია საქართველოში. მიმდინარე ჩემპიონატში ამ გუნდმა ორივე საშინაო თამაში მოიგო, თანაც, ბოლოს თბილისის „დინამოს“ სძლია(2:1), ამიტომ, უდავოდ, ანგარიშგასაწევი ძალაა. სამწუხაროდ, „ტორპედო“ მომავალ მატჩს დანაკლისებით ხვდება, იცით, რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, პლუს დისკვალიფიცირებულია ნიკა ფირცხალავაც. მოგვიანებით შემოგვიერთდებიან 21-წლამდე ნაკრებში მყოფი ფეხბურთელებიც. ამრიგად, თამაშამდე 2 დღით ადრე ჩამოყალიბებულები არ ვართ თუ რა შემადგენლობით შევხვდებით მეტოქეს. ჩვენ იმ გზაზე მივდივართ, რომელიც თავიდან ავირჩიეთ, ახლა კი უახლოესი მიზანი „გურიასთან“ მოგებაა“.

 

 

ზესტაფონი – დილა (გორი)

13 სექტემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებულები: ვახტანგ ჭანტურიშვილი (“ზესტაფონი”); გიორგი დევდარიანი (“დილას” მთავარი მწვრთნელი)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ბ. ნინუა, ა. ნონიკაშვილი, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

 ახალი დამრიგებლის - სერბი რატკო დოსტანიჩის ხელმძღვანელობით ყვირილასპირელებმა პირველ ტურში თბილისის “დინამოს” წინააღმდეგ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ შემდეგ, თუ საქართველოს თასის 1/16 ფინალში დაბალლიგელ “სულორთან” მოგებას (5:0) არ ჩავთვლით, საქმეები მთალად კარგად არ წაუვიდათ. 4 მატჩის შემდეგ მათ მხოლოდ 1 ქულა აქვთ და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე დგანან. ამიტომ საკუთარი მაყურებლის გახარებას შეეცდებიან. თანაც მეტოქედ ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი - “დილა” ჰყავთ და ამით მოტივაციაც იზრდება. გორელებს კი საქართველოს ნაკრებ გუნდებში წასული ფეხბურთელები დაუბრუნდნენ, შეგახსენებთ, რომ პირველ ნაკრებში თემურ ქეცბაიას ნუკრი რევიშვილი, გულვერდ თომაშვილი, გრიგოლ დოლიძე და ირაკლი მოდებაძე ჰყავდა გამოძახებული, ახალგაზრდულში კი ალექსადნდრე ჩივაძემ გიორგი გაგნიძე და მამუკა კობახიძე იახლა.

“დილამ” წინა ტურში შინ დამაჯერებლად დაამარცხა “მეტალურგი” (3:0), ცხრილში “ვიტ ჯორჯიასთან” და “ტორპედოსთან” 2-4 ადგილებს იყოფს და ზესტაფონში სათამაშოდ სერიოზული განწყობით მიემგზავრება.   

 

1 ჩიხურა            
4 3 0 1 8:4 9
2 ვიტ ჯორჯია             
4 2 1 1 6:2 7
3 დილა              
3 2 1 0 6:2 7
4 ტორპედო         
3 2 1 0 5:3 7
5 სიონი          
4 2 0 2 6:4 6
6 მერანი                    
4 2 0 2 4:5 6
7 გურია             
4 2 0 2 3:6 5
8 მეტალურგი       
4 1 2 1 4:6 5
9 დინამო           
3 1 1 1 4:4 4
10 ზუგდიდი         
4 1 1 2 3:6 4
11 ზესტაფონი        
4 0 1 3 3:6 1
12 სპარტაკი         
3 0 0 3 1:5 0

 

მეგოლეები:

3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.120861