საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი პაპუნაშვილმა და დავით დარციმელიამ ისლანდიასთან 1:0 მოგებული მატჩის შემდეგ, უეფას ოფიციალურ საიტთან ისაუბრეს. პაპუნაშვილის ძლიერმა დარტყმებმა არაერთხელ დაურღვია სიმშვიდე ისლანდიელთა მეკარეს, დარციმელიამ კი, 74-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
- როგორი დილა იყო გუშინდელი საოცარი საღამოს შემდეგ?
- დარციმელია: თითქოს, ჩვეულებრივი. უბრალოდ, გაღვიძებისას სასიამოვნო იყო იმის გაცნობიერება, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავედით.
- პაპუნაშვილი: საღამოდან მოყოლებული, დადებითი ემოციებით ვართ. მთელმა გუნდმა მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინა, რათა ქართველი ხალხი გაეხარებინა.
- ბურთი კარგა ხანს არ შედიოდა ისლანდიელთა კარში. ეს თქვენს თავდაჯერებაზე არ მოქმედებდა?
- პაპუნაშვილი: რაღაც მომენტში მართლაც ეჭვი შემეპარა ჩვენს გამარჯვებაში, თუმცა მეტოქის გატეხვა მაინც მოვახერხეთ. მადლობა ღმერთს, გავიტანეთ და ყველაფერი კარგად დასრულდა. დარციმელია: როცა შეცვლაზე შევედი, ვიცოდი, რომ გერმანია 2:0-ს უგებდა საფრანგეთს. ასე რომ, დამატებითი პასუხისმგებლობა ავიღე. ვიცოდი, რომ გოლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. ალბათ, ამიტომაც ვერ დავფარე ემოციები გოლის შემდეგ.
- შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელმა გოლი ისე გაიტანა, რომ გამიზნულად კარში არ დაურტყამს. იყო თუ არა ეს გარკვეულწილად გამართლება?
- დარციმელია: - რა თქმა უნდა, ძალიან გამიმართლა. მე ხომ არც დამირტყამს, უბრალოდ, ბურთს ფეხით მივწვდი და მიმართულებაც შეეცვალა.
- პაპუნაშვილი: ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ალბათ, ამიტომაც გაგვიმართლა ბოლოს. მინდა, ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო ვაჟკაცობისთვის, სამშობლოს სიყვარული გამოავლინეს. ისლანდიას სწრაფად თამაში შეუძლია, მეტქეს თავისუფლების უზღუდავს და ორმაგად მოხარული ვარ, რომ ასეთ ძლიერ მეტოქეს მოვუგეთ.
- რამდენად დიდია მწვრთნელის როლი იმაში, რომ გუნდმა მაღალ დონეზე ითამაშა?
- პაპუნაშვილი: ვასილ მაისურაძე ორი წლის განმავლობაში მუშაობს ჩვენთან. მან გიგანტური მოცულობის სამუშაო ჩაატარა. მადლობას ვუხდი მას და მთლიანად სამწვრთნელო შტაბს. ვფიქრობ, დარციმელიას შემოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მის მიერ გატანილ გოლში აისახა.
- რას ელით ჰოლანდიასთან მატჩში?
- დარციმელია: ჰოლანდია ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს ისეთ გრანდებთან თამაშის გამოცდილება, როგორებიც ესპანეთი, ინგლისი, გერმანია და საფრანგეთი არიან. ჩვენს ნაკრებში ყველა აღნიშნავს, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია.
- რომელ ცნობილ ფეხბურთელს შეადარებდით საკუთარ თავს?
- დარციმელია: კაკა მომწონს.
- პაპუნაშვილი: ვერ ვიტყვი, რომ რამით ვგავარ, მაგრამ ნეიმარის თამაში მომწონს.
ილია ნანობაშვილი