მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმა კიდევ 2 მედალი გაინაღდეს. ერთ-ერთი არაოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 68 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლევან ნახუცრიშვილი ფინალში გავიდა, ხოლო 57 კილოგრამში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა მესამე ადგილი დაიკავა.
ფინალისტთა და ბრინჯაოს პრიზიორთა გარდა ინფორმაცია არც ერთი სპორტსმენის გამოსვლის შესახებ არ გავრცელებულა და რადგან დანარჩენი ორი ქართველი მედალოსანთა სიაში არაა მოხსენიებული, უცნობია, თუ რა ეტაპზე დამარცხდნენ. 82 კილოგრამში საქართველოს სახელით ნიკოლოზ კუციამ იჭიდავა, 100-ში – მირიან პავლიაშვილმა.
ფინალური შეხვედრები საღამოს გაიმართება და ნახუცრიშვილის მეტოქე რუსი დენის დავიდოვი იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე