ძიუდო

15:16 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი ფინალშია, რეხვიაშვილი – რეპეშაჟის ფინალში

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა (60 კგ) მოსკოვში დღეს დაწყებულ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე - “დიდ სლემზე” სამი მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი მოგება აშორებს.

ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის უმსუბუქესი წევრი ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი და შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც ჰოლანდიელი ხეროენ მუურენი იპონით დაამარცხა. იპონითვე გასცდა აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევს. ნახევარფინალში კი სომეხ ჰოვანეს დავთიანს ვაზარ-იუკო აკმარა.

73 კილოგრამში მოჭიდავე ზებედა რეხვიაშვილი კი რეპეშაჟის ფინალშია. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მან მეოთხედფინალში, ბელგიელ დირკ ვან ტიჩელტთან შეხვედრის შემდეგ დაკარგა, მსაჯის მიერ მიღებული საეჭვო გადაწყვეტილების გამო. ამ ბრძოლამდე რეხვიაშვილმა რუსეთის ნაკრების წევრი მურატ კოძოკოვი ვაზარით დაამარცხა, ხოლო ბრაზილიელი მარსელო კონტინი – იპონით.

დამამშვიდებელი ეტაპის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ამერიკელ ნიკლას დელპოპოლოს ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე.

ამირან პაპინაშვილი ფინალში ბრაზილიელ ფელიპე კიტადაის დაეჭიდება. ზებედა რეხვიაშვილის მეტოქე კი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში მონღოლი ცაგაანბაატარ ხაშბაატარი იქნება.

დღესვე “დიდ სლემზე” შალვა ქარდავამ და ტრისტან ფეიქრიშვილმაც იჭიდავეს (ორივე 66 კგ), მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

ფინალური ბლოკი 17:00-ზე დაიწყება.

0.11523