ძიუდო

16:45 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პაპინაშვილი და შავდათუაშვილი ოქროს მიუახლოვდნენ

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ამირან პაპინაშვილსა (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილს (73 კგ) პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირის – გრან პრის ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვება აშორებთ. შალვა ქარდავა (66 კგ) და ზებედა რეხვიაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს მიუახლოვდნენ.

ბუდაპეშტში მიმდინარე შეჯიბრებაზე მეორე ნომრად განთესილმა პაპინაშვილმა ფინალის გზაზე პოლონელი გრჟეგორჟ ვიესზორეკი, უკრაინის ნაკრების წევრი გევორქ გევორქიანი, ყაზახი იერკებულან კოსაიევი და მონღოლი ამარტუვშინ დაშდავაა იპონ-იპონ ჩამოიშორა. ფინალში კი უმსუბუქესი წონის ლიდერსა და შესაბამისად, ტურნირის უმთავრეს ფავორიტს, მსოფლიოს იაპონელ ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს დაეჭიდება.

შავდათუაშვილმა ტურნირი მეთექვსმეტედფინალში აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჟოვის ძლევით გახსნა. შემდეგ უნგრელი გიულა პალი, ფრანგი პიერ დუპრა და მონღოლი ცაგაანბაატარ ჰაშბაატარიც ჩამოიცილა. საჩემპიონო ბრძოლაში კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრ ვიქტორ სკვორტოვს შეხვდება.

სწორედ სკვორტოვმა დააკარგვინა ოქრო-ვერცხლისთვის ჭიდაობის გაგრძელების შანსი რეხვიაშვილს. ეს ნახევარფინალში მოხდა, საიდანაც ქართველი ძიუდოისტი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო და ბრინჯაოს მედლისთვის ფრანგ პიერ დუპრას დაუპირისპირდება.

ქარდავა დამამშვიდებელ ეტაპზე მეოთხედფინალიდან გადავიდა, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიასთან წაგებით. პოდიუმზე ასასვლელად კი აზერბაიჯანელი ნიჯატ შიხალიზადას დამარცხება სჭირდება.

დღესვე უნგრულ ტატამზე საქართველოს ნაკრების კიდევ ორი წევრი გავიდა, მაგრამ... ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 კგ) და მინდია ლილუაშვილმა (66 კგ) მეოთხედფინალამდე მიღწევა ვერ შეძლეს და სამივე სინჯის მედლის მოპოვების შანსი უმალ დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება.

0.119045