ლეგენდარულმა პაოლო როსიმ გერმანია-იტალიის ნახევარფინალის წინ “ტიფოზების” კითხვებს უპასუხა. 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფატორს დღევანდელი “სკუადრა აძურა” ძალიან მოსწონს და მიიჩნევს, რომ მთავარი, რაც პრანდელის გუნდმა უნდა გააკეთოს, გერმანელებს ბურთი არ უნდა აკონტროლებინოს.
- მოუგებს იტალია გერმანიას? და როგორი ტაქტიკა უნდა აირჩიოს პრანდელიმ?
- შანსები თანაბარია. გერმანელები ფიზიკურად უფრო მხნედ იქნებიან, რადგან მათ ჩვენზე ადრე ითამაშეს მეოთხედფინალში და თანაც, 90 წუთში მოახერხეს გამარჯვება. სამაგიეროდ, იტალიას ექსტრა-კლასის ფეხბურთელებით შეუძლია წარმატების მიღწევა. რაც მთავარია, იტალიამ უპირატესობა უნდა მოიპოვოს და გერმანელებს ბურთის კონტროლოს საშუალება არ უნდა მისცენ. პრანდელის გუნდმა მაქსიმუმალურად უნდა გამოიყენოს საგოლე მომენტები.
- მთლიანობაში როგორ შეაფასებთ იტალიელთა გამოსვლას?
- ამ ეტაპზე იტალია საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენი ნახევარდაცვა (პირლო, მარკიზიო, დე როსი, მონტოლივო) უძლიერესია ამ ევროპაზე. გერმანელებთან მატჩი ძალიან რთული იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებმა მათი დამარცხების გზები იციან. გერმანელებს არ უყვართ ჩვენთან თამაში, რადგან 1970 წლიდან მოყოლებული, ოფიციალურ მატჩებში მუდმივად ვამარცხებთ.
- თქვენი აზრით, დღევანდელი იტალია განსხვავდება იმ გუნდისგან, რომლებიც გასულ წლებში გვყავდა?
- იტალია ძლიერ ხასიათს ამტკიცებს, რაც ადრე ხშირად გვაკლდა. გუნდში ერთიანობაა. ასე იყო 1982 წელსაც.
- რას იტყვით ანდრეა პირლოს მიერ ინგლისთან შესრულებულ პენალტზე?
- პირლო უბრწყინვალესია და მას აქვს განსაკუთრებული თვითრწმენა, თორემ სხვაგვარად ასეთ პენალტს ვერ დაარტყამდა. ბევრი ფეხბურთელი ვერ გაბედავდა ამას. და როცა ბურთი კარში დავინახე, შვებით ამოვისუნთქე.
- ვინ არის დღეს საუკეთესო თავდამსხმელი მსოფლიოში?
- კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი.
- არ გენატრებათ ის დრო, როცა იტალიის ნაკრებში თამაშობდით?
- რა თქმა უნდა, მენატრება. ალბათ, ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ ნაკრებში გავატარე. სწორედ აქ ჩავატარე საუკეთესო მატჩები. როცა მთელი ქვეყანა ტაშს გიკრავს, ეს ორმაგ სიხარულს განიჭებს.
- თქვენი საყვარელი გოლი?
- ყველაზე მნიშვნელოვან გოლად 1982 წელს ბრაზილიასთან გატანილს ვთვლი. მანამდე გოლი ვერ გამქონდა და უცებ მომეხსნა ტვირთი, ჩემთვის სწორედ ბრაზილიასთან მატჩიდან დაიწყო ნამდვილი ჩემპიონატი.
- ყველაზე მეტად რომელი ნაკრების წინააღმდეგ გაგიჭირდათ?
- არგენტინასთან. მათ ზედიზედ სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე (1978, 1982, 1986) შევხვდით, აქედან ორჯერ მოვუგეთ და ერთხელ ფრედ ვითამაშეთ. მიუხედავად შედეგში უპირატესობისა, არგენტინა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდი და მთლიანობაში, რთული მეტოქე იყო.
- ვის მიიჩნევთ იტალიის საუკეთესო ფეხბურთელად 21-ე საუკუნეში?
- ფრანჩესკო ტოტის. ტექნიკა, ოსტატობა, ფიზიკური ძალა და სათამაშო ინტელექტი – ამ ყველაფერმა ტოტი “რომასა” და მთლიანად იტალიური ფეხბურთის სიმბოლოდ აქცია.
ილია ნანობაშვილი