ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ იტალიურ გამოცემა “კორიერე დელა სერასთან” ინტერვიუში “სკუადრა აძურას” და “მილანის” გამოსვლა შეაფასა, ასევე ახსნა, თუ რატომ არ არის ფეხბურთში დასაქმებული.
- პაოლო, იტალიის ნაკრებში 126 მატჩი გაქვთ ჩატარებული, ხოლო “მილანში” – 902. საინტერესოა თქვენი აზრი ამჟამინდელ “სკუადრა აძურაზე”...
- საკმაოდ კარგად თამაშობს. გამარჯვებების ციკლის შემდეგ, როგორც წესი, მომავალი ბუნდოვანია ხოლმე. თუმცა, პრანდელიმ საუცხოო შედეგებს მიაღწია. ძალიან გამაკვირვა ესპანეთთან გამარჯვებამ, მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოში ჩატარებული შეხვედრა ამხანაგური იყო. ეს მნიშვნელოვანი სიგნალია, რადგან შემთხვევით არავინ იგებს. ახლა ძალიან მაინტერესებს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ევროპის ჩემპიონატზე ხილვა. იქ თავი პიროვნებებად უნდა წარმოაჩინონ.
- პრანდელიმ მოედნის ცენტრში აქცენტი ტექნიკურ ფეხბურთელებზე გააკეთა...
- პირლო და დე როსი ნამდვილი ლიდერები არიან და ხელს მათ გვერდით მყოფი ფეხბურთელების დაოსტატებასაც უწყობენ. ლიდერი ისაა, ვისაც სულ სურს, რომ ბურთი ჰქონდეს და საჭირო მომენტში სათანადო გადაწყვეტილებას იღებს.
- პირლო “იუვენტუსშია”. “მილანის” გადაწყვეტილება თქვენთვის გასაგებია?
- ჩემი აზრით, ეს უფრო ეკონომიკური საკითხია.
- თუმცა, ჩვენ ხომ ჩვეულებრივ მოთამაშეზე არ ვსაუბრობთ...
- მართალია. უბრალოდ, ცხოვრება სხვადასხვა მომენტებისგან შედგება. “მილანის” გულშემატკივრების სამწუხაროდ, ამჟამად მათ უფასო შენაძენების მომენტი უდგათ.
- ბალოტელისა და კასანოსთვის ნაკრების ნდობა შეიძლება?
- ორივე მათგანი საკუთარი ბედის პატრონია. კასანოსთვის “მილანი” ბოლო შესაძლებლობაა, რომ დიდი ფეხბურთელი გახდეს. ბალოტელიზე ბევრი საუბარი მომისმენია და ჩემი აზრით, მისი საქმეების შეფასების დრო დადგა. არა მგონია, რომ ადამიანისთვის და ფეხბურთელისთვის თავი მეორეხარისხოვანი რამ იყოს.
- ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში იტალიის ნაკრებმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. დაცვის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელების გვარების წაკითხვისას სიხარულით ხტუნვა ნამდვილად არ მოგინდება...
- დიდი პატივი უნდა ვცეთ მათ, ვინც ამ შედეგს მიაღწია. პრანდელი აქცენტს კოლექტიურ დაცვაზე აკეთებს. პიკეს გამოკლებით, “ბარსელონას” დაცვის ხაზში მსოფლიოს საუკეთესო მცველები არ არიან შეკრებილი. შეტევით ყველა უტევს, ხოლო მათთვის გოლის გატანა ძნელია.
- ამით რის თქმა გსურთ?
- დღესდღეობით, დაცვით ფაზას სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ინგლისის ჩემპიონატში ზოგჯერ ისეთ რამეს ვხედავ ხოლმე, რომ მაჟრჟოლებს. ამჟამად, განაპირა მცველებს იმით აფასებენ, თუ რისი შექმნა შეუძლიათ შეტევაში. დიაგონალებს არავინ იყენებს. თავის დასაცავად სირბილი ძნელია. შეტევაში თამაში გაცილებით საინტერესოა. მინდა გითხრათ, რომ ეს ფენომენი იტალიასაც შეეხო. თუმცა, ჩვენთან ისეთ შეცდომებს ჯერ არ უშვებენ, როგორც საზღვარგარეთ.
- პრანდელის ფორმაციის გუნდს იტალიის რომელ ნაკრებს შეადარებდით?
- ვიჩინის ნაკრებს, რომელიც 1988 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაშობდა. ეს ახალგაზრდა გუნდი იყო, რომელმაც 1982 წლის ნაკრები შეცვალა. ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს საკუთარი ნიჭი ჯერ კიდევ უნდა გამოევლინა. იმ დროისთვის ნაკრებში მხოლოდ სამი შეხვედრა მქონდა ნათამაშები. ამ იტალიას თავისი გზის გაკვალვა ენთუზიაზმით შეუძლია. საჭიროა, კასანო და ბალოტელი სხვა სისწრაფეებზე გადაერთონ – ამ გუნდზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ.
- ცოტა ხნის წინ, იტალიის ჩემპიონატში “იუვენტუსმა” “მილანი” “გაარღვია”. “ბიანკონერია” იმაზე ძლიერი, ვიდრე გვეგონა, თუ “მილანია” სუსტი?
- “მილანს” საუკეთესო დრო არ უდგას, მაგრამ “იუვენტუსმა” ყველაფერი გააკეთა, რათა მისი პრობლემები გაეშიშვლებინა. “მილანი” ჩემთვის ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელიც “სკუდეტოსთვის” ბრძოლას აგრძელებს. გატუზო, ამბროზინი, ზეედორფი პიროვნებები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ასაკის გამო გარკვეული შეზღუდვები უკვე არსებობს.
- ე.ი. “მილანის” კრიზისი მოვლენათა შემთხვევითი დამთხვევაა?
- “მილანის” კრიზისი ტრავმებით არის გამოწვეული. გაიხსენეთ “მილანის” მიერ პეკინში ჩატარებული მეორე ტაიმი და შარშანდელი “მილანი”. “ინტერმა” უკვე შეიცვალა მწვრთნელი და საუკეთესო ფეხბურთელიც დაკარგა. “მილანში” სხვა სიტუაციია.
- მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტად რომელმა გუნდმა გაგაოცათ?
- “ნაპოლიმ”. გუნდმა “მანჩესტერ სიტისთან” სტუმრად საუცხოო მატჩი ჩაატარა, შინ “ვილიარეალს” მოუგო, “მილანსა” და “ინტერს” 3-3 გოლი გაუტანა.
- პაოლო, ფეხბურთის მიღმა თქვენი ხილვა ღვთის გმობას ჰგავს. შეიძლება ითქვას, “შაბათობის” წელიწადი გაატარეთ...
- ასეთი “შაბათობის” წელიწადი უკვე ორია. მოდით, ახლა გეტყვით, რომ საუცხოოდ ვცხოვრობ და ყველაფერი მაქვს. თუმცა, არ ვმალავ, რომ მსურს, ფეხბურთს და კერძოდ, გუნდს, სადაც 25 წელიწადი ვითამაშე, რაღაც მივცე.
- მაშინ, პრობლემა რაში მდგომარეობს?
- კლუბის პრეზიდენტი ბერლუსკონი “მილანში” ჩემს დაბრუნებაზე საუბრობდა, ასევე მისი ქალიშვილი ბარბარაც, მაგრამ...
- მაგრამ?
- რეალური წინადადებები ნულია. თითქოს, არა როგორც რესურსს, არამედ პრობლემად განმიხილავენ. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ ჩემთვის ადგილის მოძებნა რთულია. ცხადია, მესმის, რომ ვიღაც შეიძლება იმის მსხვერპლი გახდეს, რაც იყო და ჩემთვის არცთუ მეორეხარისხოვანი როლი გამოიძებნოს. ჩემი აზრით, ამჟამად ფეხბურთში პროფესიონალიზმი ყველაფერში არ ვლინდება. პირიქით, ძალიან ბევრია ზედაპირულიც. არა მგონია, საგანგებო სამწვრთნელო მომზადების გარეშე რაიმე გავაფუჭო. მე მაქვს გამოცდილება, რომელიც მოედანზე თამაშით მივიღე.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა