ინტერვიუები

16:24 | 17.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო კანავარო: “ფორვარდები “ნაპოლის” აბონემენტების გაყიდვაში ეხმარებიან, მცველები კი სკუდეტოს მოპოვებაში”

“ნაპოლის” კაპიტან პაოლო კანავაროს Corriere della Sera-ს კორესპონდენტმა ჩამოართვა ინტერვიუ. ავტორიტეტული გამოცემის კორესპონდენტმა და სამხრეთიტალიელთა უკანახაზელმა სან პაოლოელთა დღევანდელ მდგომარეობასა და გუნდის სამომავლო პერსპექტივაზეც ისაუბრეს, ამასთან, ფაბიო კანავაროს ძმას რამდენიმე პირადი სახის კითხვაზეც მოუწია პასუხის გაცემა.


- “პარმასთან” დასანანი მარცხი იწვნიეთ. მოგების შემთხვევაში ხომ “ნაპოლი” ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა...
- ამის მიუხედავად, უკვე დავამტკიცეთ, რომ მენტალიტეტი შეგვეცვალა და გრანდებთან ტოლ-სწორად თამაშის უნარი შეგვწევს. ჩემი სიტყვების დასადასტურებლად “მილანსა” და “ინტერთან” ჩატარებული მატჩების გახსენებაც კმარა. ორივე მილანურ გრანდს 3-3 გოლი გავუტანეთ, თანაც “ნერაძური” “სან სიროზე” დიდი ანგარიშით დავამარცხეთ. გულშემატკივარს დანამდვილებით ვერ დავპირდები, რომ სკუდეტოს აუცილებლად მოვიგებთ, მაგრამ პირველობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. გუნდში მოთამაშე ნებისმიერ ფეხბურთელს ჩვენი გუნდი ძალიან უყვარს, მე კი “ნაპოლისთან” განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მე ხომ ნეაპოლში დავიბადე და ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ რას ნიშნავს “სან პაოლოზე” ასპარეზობა. ამავდროულად, მშობლიური გუნდის კაპიტნობა ურთულესი მისიაა, თუმცა ამავდროულად ფრიად სასიამოვნოც.
- ადრე საფეხბურთო სამყარო მხოლოდ ფაბიო კანავაროს იცნობდა, სადღეისოდ კი, მას თქვენი ცოტათი შურს კიდეც...
- ბავშვობაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში გახლდით. მე ფაბიოს მადარებდნენ და დიდწილად მის ჩრდილქვეშ ვიყავი. არადა, ჩვენი სათამაშო სტილი ერთმანეთისგან განსხვავებულია. ფაბიო პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო, ისეთივე დონის, როგორებიც პაოლო მალდინი და ალესანდრო ნესტაა. უფროს ძმასთან ფეხბურთზე არასდროს ვსაუბრობ, თუმცა, გამოგიტყდებით და ხანდახან ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. ფაბიოს თვისებებიდან ყველაზე მეტად მისი მოთმენის უნარი მომწონს.
- როგორ ეგუებიან ერთმანეთს აურელიო დე ლაურენტისი და ვალტერ მაცარი? “ნაპოლის” მეპატრონესა და მთავარ მწვრთნელს ხომ რადიკალურად განსხვავებული ხასიათი აქვთ...
- თქვენ წარმოიდგინეთ, მე და კრისტინასაც განსხვავებული ხასიათი გვაქვს, მაგრამ მყარი და მეგობრული ოჯახი შევქმენით. იქნებ “ნაპოლის” ძლიერებაც პრეზიდენტისა და დამრიგებლის განსხვავებულობითაა განპირობებული.
- თქვენი გუნდის დახასიათებისას გულშემატკივრები უპირველესად ჰამშიკის, ლავესისა და კავანის ტრიოს ახსენებენ, არადა, “ნაპოლის” ძლიერებას უკანახაზელებიც განსაზღვრავენ...
- ფორვარდები გუნდს აბონემენტების გაყიდვაში ეხმარებიან, მცველები კი სკუდეტოს მოპოვებაში.  
- რადგან მიზნად სკუდეტოს დაუფლება გაქვთ განზრახული, კონკურენტებად რომელ კლუბებს მიიჩნევთ?
- უპირველესად, ტურინის “იუვენტუსს”, რომელიც ევროთასებზე არ ასპარეზობს და სეზონის მსვლელობისას სულის მოთქმის საშუალება ექნება. ნაადრევად ნუ ჩამოვწერთ “მილანსა” და “ინტერს”. ოღონდ, “ნერაძურიმ” ეტო’ოს გაშვებით ბევრი დაკარგა. პირადად მე, ყველაზე მეტად “ლაციოს” თამაში მომწონს. რომაელების შესაძლებლობებს ხშირად არასათანადოდ აფასებენ.
- “რომაზე” რას გვეტყოდით?
- ლუის ენრიკემ ბევრი რამ შეცვალა და გუნდს დასალაგებლად გარკვეული დრო დასჭირდება. ბევრი შეუძლია “უდინეზესაც”. ფრიულები ტაქტიკურად გამართულად თამაშობენ და ენთუზიაზმით უდგებიან საქმეს. ყურადღებამისაქცევია “ფიორენტინაც”. ისე კი, წლევანდელ სერია A-ში სუსტი გუნდი არაა, რის გამოც, დაბალანსებული და საასპარეზოდ ურთულესი ჩემპიონატი მივიღეთ.
- სამშაბათს ბრწყინვალე ფორმაში მყოფ მიუნხენის “ბაიერნთან” საჩემპიონთალიგო დაპირისპირება გელით. აურელიო დე ლაურენტისი აცხადებს, რომ ბავარიელთა ძლევა შეგიძლიათ. ეთანხმებით კლუბის პრეზიდენტის თვალსაზრისს?
- “მანჩესტერ სიტისა” და “ვილიარეალთან” კარგად ვითამაშეთ, ახლა კი გადამწყვეტი მომენტი დაგვიდგა. მიუნხენელებს ძალიან ძლიერი და გამოცდილი გუნდი ჰყავთ. გაითვალისწინეთ, რომ გერმანულ ბუნდესლიგაში “ბაიერნს” ერთადერთი ბურთი აქვს გაშვებული. ჩემპიონთა ლიგაზე სრული მონდომებით ვითამაშებთ, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავივიწყებთ სერია A-ს.
- თქვენი პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ “ნაპოლისთვის” გაცილებით უფრო მეტად პრესტიჟული საერთაშორისო არენაზე გამოსვლაა...
- ჩემპიონთა ლიგას თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს, მაგრამ სჯობს ჯერ სკუდეტოს დავუმიზნოთ. ისე კი, უმჯობესი იქნება, თუკი ორივე ტურნირს მოვიგებთ.
- ყველაზე მეტად რომელი ფორვარდის განეიტრალება გიჭირთ?
- შემიძლია დაუფიქრებლად გიპასუხოთ – ლეო მესის. მას შემდეგ, რაც “მანჩესტერ სიტის” დავუპირისპირდით, ედინ ჯეკოს ძლიერებაში დავრწმუნდი. ბოსნიელი თავდამსხმელი ფიზიკურად ძლიერია და სწრაფი. იგი ჭეშმარიტად თანამედროვე შემტევია. ვარჯიშების დროს ედინსონ კავანის განეიტრალება მიწევს ხოლმე და მოხარული ვარ, ურუგვაელი ჩვენთან, “ნაპოლიში” რომ თამაშობს და არა სხვა გუნდში.
- მოდით, მტკივნეულ თემას შევეხოთ. ჩეზარე პრანდელი არ შეგხმიანებიათ?
- რადგან “სკუადრა აძურაში” არ მიხმობს, რატომ უნდა დამირეკოს...

გოჩა კაჭარავა
 

0.116488