მილანის "ინტერის" მაკედონიელ ფორვარდ გორან პანდევს, აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ფეხბურთის გულშემატკივრები დიდი ხანია კარგად იცნობენ. 26 წლის ფეხბურთელმა, კარიერის უდიდესი ნაწილი იტალიაში გაატარა და სახელიც საკუთარი შრომით მოიხვეჭა.
ცოტასღა თუ ახსოვს, რომ 17 წლის მოთამაშე მაკედონიის მოკრძალებული "ბელასიციდან", დიდ ფეხბურთს სწორედ "ინტერმა" აზიარა. მილანელებმა ბალკანელი, თავდაპირველად, "სპეციასა" და "ანკონაში" გაანათხოვრეს, სადაც ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტდა. 2004 წელს კი, მისი საკონტრაქტო უფლებები რომის "ლაციომ" გამოისყიდა და გორანის აღმასვლაც აქედან დაიწყო. ისე ჩანდა, რომ პანდევი რომს არც არასდროს დატოვებდა და ეს, თავადვე არაერთხელ უთქვამს, მაგრამ "ლაციოს" მაისურით ხუთწლიანი გარჯის შემდეგ, მასსა და კლუბის პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს შორის “შავმა კატამ” გაირბინა. ფეხბურთელმა კლუბის დატოვება განიზრახა, რადგანაც ის, ძალზედ დასუსტდა. კლუბმა მისი გაშვება არ ისურვა, სასჯელის სახით კი, პანდევი განაცხადს მიღმა აღმოჩნდა. სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩენილმა მაკედონიელმა სარჩელი აღძრა და განაჩენიც მისი სასარგებლო აღმოჩნდა.
ამრიგად, ეს იმას ნიშნავდა, რომ პანდევს მომავალი გუნდის თავისუფლად არჩევის საშუალება მიეცა. მასი გადაბირების სურვილს არაერთი კლუბი გამოთქვამდა, მათ შორის იტალიის სერია A-ს ყველა ლიდერი იყო, მაგრამ გორანმა უძლიერესი, "ინტერი" ირჩია, რომლის დამსახურებითაც, თავის დროზე, მაკედონიას თავი დააღწია. არჩევანმა მართლაც გაუმართლა. გასულ შემოდგომაზე, ის ინდივიდუალური ვარჯიშით ცდილობდა ფორმის შენარჩუნებას და მაშინ ძნელად თუ ივარაუდებდა, რომ სეზონის მიწურულს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს ითამაშებდა.
- როგორ ფიქრობთ, თქვენმა გუნდმა სერიოზულ წარმატებას უკვე მიაღწია?
- ჯერ, არა, რადგანაც ჩემპიონთა ლიგა გვაქვს მოსაგები, მაგრამ ვგრძნობ, რომ სერიოზული მიღწევა სულ მალე გვექნება. აქამდე, არასდროს მინახავს ერთად იმდენი ჟურნალისტი, რამდენიც ახლა ჩვენს ბაზაზეა.
- თუ გაქვთ გაცნობიერებული, რომ ფინალს უწიეთ, რაც "ინტერს" ამდენი წლის განმავლობაში არ ღირსებია?
- ალბათ, ჯერ, არა. ეს მეტად მგრძნობიარე მომენტია. ხშირად მისვამენ მსგავს კითხვას, მაგრამ, ადამიანმა თავად უნდა გამოცადოს ეს მდგომარეობა და მისთვის ყველაფერი გასაგები, მხოლოდ მას შემდეგ გახდება.
- პირადად თქვენ და მთლიანად გუნდი, რაიმე ზეწოლას თუ განიცდით?
- მატჩამდე დრო კიდევ დარჩა და მსგავსი შეგრძნება ჯერ არ მოსულა. მეორეს მხრივ, კარგად გვესმის, რომ ისტორიას ვქმნით. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ, "ინტერისა" და პირადად ჩვენს სახელებს, ისტორიაში დიდი ადგილი დაეთმობა.
- როდესაც "ინტერში" გადადიოდით, თუ გჯეროდათ, რომ სეზონი ასეთი წარმატებული გამოდგებოდა? ორი ჯილდო ხომ უკვე დაისაკუთრეთ (იტალიის ჩემპიონობა და თასი - რედ.).
- მაშინ მსგავსზე არაფერზე მიფიქრია, რადგანაც ძალზე რთულ სიტუაციაში ვიყავი. მხოლოდ ერთი რამ მსურდა - თამაში. მიხარია, რომ "ინტერში" კარგად მიმიღეს და დიდი სათამაშო დრო დამითმეს. უცბად დამავიწყდა ყველა ის პრობლემა, რომლებიც "ლაციოში" ყოფნისას მაწუხებდა.
- რამდენად რთულად გადაიტანეთ ის სიტუაცია, რომელიც რომში შეგექმნათ?
- თქვენ როგორ ფიქრობთ? ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავი. ვერ ვთამაშობდი და თავს ძალზე ცუდად ვგრძნობდი. ეს ექვსი თვე ყველაზე რთული იყო ჩემს კარიერაში. ვთქვი, რომ წასვლა მსურდა, მაგრამ ვერ გამიგეს, არ გამიშვეს და ხელოვნური დაბრკოლებები შემიქმნეს.
- მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.
- ულაპარაკოდ. ძალიან ძლიერ გუნდში მოვხვდი. ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად ბედნიერი ვიყავი. მადლობა სამწვრთნელო შტაბს და გულშემატკივრებს, რომლებიც მენდნენ და მხარში დამიდგნენ.
- სეზონის ბოლოს ტრავმამ შეგაწუხათ. "ბაიერნთან" თამაშს, სრულ მზადყოფნაში ხვდებით?
- საბედნიეროდ, ტრავმა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი. მოუთმენლად ველი ფინალში თამაშს.
- მეტოქე ხომ არ გაშინებთ?
- ასეთ დონეზე არავის არავისი ეშინია. ფინალში მხოლოდ უძლიერესი გუნდები თამაშობენ. "ბარსელონა" დავამარცხეთ და მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნში" ძლიერი მოთამაშეები მრავლად არიან, საკუთარი ძალების გვწამს. ამიტომ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენ დაგვრჩება.
ზურა ქსოვრელი