რუსეთის თასის ეტაპის ეგიდით მოსკოვში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირზე, ქართველმა ნაზი პაიკიძემ (2411) პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს ჩამოშორდა. პაიკიძემ შავი ფიგურებით რუს მარინა რომანკოსთან (2389) წააგო და 4.5 ქულით მე-10 ადგილამდე დაქვეითდა. ქართველი მოჭადრაკე მე-7 ტურში თეთრებით კიდევ ერთ რუს ეკატერინა სმირნოვას (2031) დაუპირისპირდება. ამ დროისთვის, ლიდერებს - ეკატერინა ატალიკს (თურქეთი, 2481), ქიან ჰუანგსა (ჩინეთი, 2389) და ხსენებულ რომანკოს 5.5-5.5 ქულა გააჩნიათ.
სამაგიეროდ, ქართველი უდგას სათავეში მოსკოვშივე მიმდინარე სტუდენტ გოგონათა პირველობას. ნინო ბაციაშვილმა (2462) თეთრი ფიგურებით რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2333) დაამარცხა და 4.5 ქულა მოაგროვა.
პაიკიძე ბელორუს ნასტასია ზიაზულკინასა (2290) და პოლონელ კარინა შჩეპკოვსკა-ჰოროვსკას (2377) დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს. მე-7 ტურში ნაზი შავებით სწორედ ზიაზულკინას გაეჯიბრება.
მოსკოვური ტურნირები 9 ტურად მიმდინარეობს და 5 თებერვალს დასრულდება.