ფინეთის ნაკრების მწვრთნელმა მიქსუ პაატელაინენმა მოახლოებულ შესარჩევ მატჩებზე ისაუბრა. “ჭოტები” (ნაკრების მეტსახელი) 6 სექტემბერს ესპანეთს უმასპინძლებენ, ხოლო 10-ში “მიხეილ მესხზე” საქართველოსთან ითამაშებენ. საქართველო-ფინეთი ის მატჩია, რომელიც ფაქტობრივად გადაწყვეტს, თუ რომელი გუნდი გავა ჯგუფში მესამე ადგილზე.
ფინეთმა წლეულს ამხანაგურ-შესარჩევიანად სამი მატჩი მოიგო და ესპანეთს გასვლაზე ფრედ ეთამაშა. საქართველოსთან მატჩზე კი პაატელაინენმა ეს თქვა:
“ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის არ მიუღწევია, თუმცა ინდივიდუალურად თუ ავიღებთ, საქართველოს ნამდვილად კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ისინი საკმაოდ კარგად თამაშობენ შინ და ესპანეთთან მხოლოდ 0:1 წააგეს. იმ შეხვედრაში ქართველებს მომენტებიც ჰქონდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთან რთული მატჩი გვექნება”.
შეხსენებისთვის, ფინეთი-საქართველო შარშან 1:1 დასრულდა. ქართველები იგებდნენ და კაცნაკლულმა მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა.