ინტერვიუები

10:34 | 26.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

პაატა მერებაშვილი დიდ ნაკრებს ქუთაისიდან შეუტევს

ბოლო წლებში, ქართულ ძიუდოში 60 კილოგრამი ერთ-ერთ ყველაზე დაბალკონკურენტულ წონით კატეგორიად მიიჩნეოდა. ტიტულოვან ნესტორ ხერგიანს სათანადო კონკურენციას ვერავინ უწევდა და სტაბილური საერთაშორისო წარმატებებითაც ვერავინ დაიკვეხნიდა. 5-6 დეკემბერს ქუთაისი საქართველოს 2009 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ხერგიანი ჩვეულზე ერთი წონით მაღლა - 66 კილოგრამში მოირგებს კიმონოს. 60-ს კი, წლევანდელი შედეგების გათვალისწინებით, ახალი ფავორიტი გამოუჩნდა. პაატა მერებაშვილის შანსზე ძიუდოს სამყაროში განსაკუთრებული აქტივობით ბოლო თვეებში ალაპარაკდნენ. 19 წლის ძიუდოისტი სექტემბერში თავის ასაკში გახდა ევროპის ჩემპიონი, ახლახან კი 23-წლამდელებში, ჯერ საქართველოში გაპირველდა, შემდეგ - ევროპაში. მორიგი სამიზნე ძირითადი ნაკრების შემადგენლობაა. გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესოშედეგიანი ქართველი ძიუდოისტი “მსოფლიო სპორტს” გუშინ ესაუბრა.
პაატა მერებაშვილი: ვარჯიში 7 წლის ასაკში, გორის სპორტულ სკოლაში დავიწყე და უკვე მე-12 წელია, ქართლოს პავლიაშვილთან ვვარჯიშობ.
- რატომ აირჩიე ძიუდო?
- გადამწყვეტი როლი ბაბუამ შეასრულა. მას უნდოდა, რომ ძიუდოისტი გავმხდარიყავი.
- პირველი გამარჯვება, რომელმაც ძალიან გაგახარა...
- ჭაბუკებს შორის საქართველოს ჩემპიონობა. იმ წარმატებით საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში მოვხვდი და ევროპის ჩემპიონატზე გამოვედი. მართალია, პირველ ცდაზე უმედლოდ დავრჩი, მაგრამ საქართველოს პირველობის ოქროს მედლის ზედიზედ მეორედ მოპოვების შემდეგ, ევროპული ბრინჯაოს აღებაც მოვახერხე. მერე ახალგაზრდებში გადავედი და ამ ასაკობრივ ჯგუფშიც ორჯერ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ევროპირველობაზე კი, წარმატებისთვის ისევ ორი ცდა დამჭირდა.
- შარშანდელ ევროპირველობაზე სამეულს მიღმა დარჩი. წლეულს მიზანი ჩემპიონობა იყო თუ ნებისმიერი სინჯის მედლის მოპოვება?
- ჩემპიონობას ველოდი, უკეთეს ფორმაშიც ვიყავი და რაც მთავარია, უკვე გამოცდილებაც მეტი მქონდა.
- გაჩემპიონებიდან ერთი თვის შემდეგ უკვე მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავე, მაგრამ წარუმატებლად. რისი ბრალი იყო?
- ალბათ, ყველაზე მეტად იმის, რომ საჭიდაოდ ვერ განვეწყვე. არ ვიცი, რატომ დამემართა, მაგრამ ფაქტია, მხოლოდ ერთი შეხვედრა მოვიგე.
- მსოფლიოს პირველობა ახალი წესებით ჩატარდა. ესეც ხომ არ იყო მარცხის მიზეზი?
- ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. პირიქით, ახალი წესებით ჭიდაობა უფრო მიადვილდება, რადგან ფეხებში შესვლა აიკრძალა.
- ახლახან 23-წლამდელთა შორისაც საკმაოდ ადვილად გახდი ევროპის ჩემპიონი. 5 მეტოქე დაამარცხე. ყველაზე მეტად ვისთან გაგიჭირდა?
- მეოთხედფინალში სლოვენიელ მეტოქეს ბოლო წამებზე მოვუგე, მაგრამ იმ დაძაბულობის მიზეზი ჩემი მოდუნება უფრო იყო. საქმე ნაადრევად ჩავთვალე მომთავრებულად და კინაღამ დავისაჯე. ამის მიუხედავად, ის სლოვენიელი ყველაზე ძლიერი ნამდვილად არ იყო ჩემს მოწინააღმდეგეთაგან. ასეთად რუსეთის სახელით მოჭიდავე რობერტ მშვიდობაძეს და იტალიელ მსოფლიოს პრიზიორს, ელიო ვერდეს დავასახელებ.
- მშვიდობაძეს პირველად დაუპირისპირდი?
- ტატამზე პირველად შევხვდით ერთმანეთს. ისე კი, აქამდეც ვიცნობდი. 4 წლის წინათ, ბავშვთა ოლიმპიადაზე ერთად ვიყავით წასულები. მაშინ მშვიდობაძე საქართველოს სახელით ჭიდაობდა.
- 60 კილოგრამი წონითი კატეგორიისთვის საკმაოდ მაღალი ხარ. ზედმეტი წონის პრობლემაც ხომ არ გაქვს?
- ყველაფერი რიგზეა და უახლოეს წლებშიც აუცილებლად 60 კილოგრამში ვიჭიდავებ. სიმაღლე ჩემთვის დამატებითი უპირატესობაა, მით უმეტეს, ახალი წესებით.

- ასაკობრივ ნაკრებებში წარმატებების შემდეგ, ალბათ, უკვე ძირითად ნაკრებში დამკვიდრებაზეც ფიქრობ...
- რა თქმა უნდა. მომავალი წლიდან ასაკი ახალგაზრდებს შორის გამოსვლის უფლებას აღარ მომცემს და ვეცდები, ძირითადი ნაკრების სახელით ვიჭიდავო.
- კონკურენტებად ვის მიიჩნევ?

- ვერ გეტყვით, რადგან ამირან პაპინაშვილის გარდა, ჯერ არც ერთ მათგანს არ შევხვედრივარ. ისე კი, 60 კილოგრამში არაერთი კარგი ძიუდოისტია და ნაკრებში დამკვიდრება ადვილი ნამდვილად არ იქნება.
- საქართველოს ჩემპიონატზე იჭიდავებ?
- აუცილებლად. თურქეთიდან ახალი დაბრუნებული ვარ, მაგრამ უკვე ვვარჯიშობ. საქართველოს პირველობისთვის ვემზადები.

ოთარ მაღლაკელიძე



 

0.121326