სეზონის ბოლოს, ვეტერანი ინგლისელი ფორვარდი მაიკლ ოუენი კარიერას დაასრულებს. Sky Sports-ის ცნობით, “სტოკი” 33 წლის თავდამსხმელს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს, რამაც ფეხბურთელის გადაწყვეტილება მეტწილად განაპირობა.
მოგეხსენებათ, ოუენი “სტოკს” ზაფხულში, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ტრავმების გამო, “ლივერპულის” აღზრდილმა ფორვარდმა მხოლოდ რამდენიმე მატჩი ჩაატარა და იქაც თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა.
ოუენმა “ლივერპულსა” და ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კარიერა ბრწყინვალედ დაიწყო და 2001 წელს “ოქროს ბურთიც” მოიგო, მაგრამ მადრიდის “რეალში” გადასვლის შემდეგ, მისთვის უიღბლო პერიოდი დაიწყო. გახშირებული ტრავმების გამო, ინგლისელი თავის გამოჩენას ვერ ახერხებდა. სხვადასხვა წლებში, ოუენმა “ნიუკასლსა” და “მანჩესტერ იუნაიტედშიც” ითამაშა, კარიერას კი, “სტოკში” ასრულებს.