ჭიდაობა

23:20 | 22.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი წონის ოთხი პოდიუმი

 

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს შთამბეჭდავი შედეგი დააფიქსირა – დღეს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე ტურნირზე ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და ოთხივეში პოდიუმზე ქართველი მოჭიდავე ავიდა. მძიმეწონოსანი ბექა კანდელაკი ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო გიზო მელაძე (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) და ლაშა გობაძე (84 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

კანდელაკი პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ისე მივიდა, არც ერთი მეტოქისთვის არათუ პერიოდი, ერთი ქულაც კი არ დაუთმია. ამასთან, ყველას ნაადრევად მოუმთავრა საქმე. ბელარუს ვსევოლოდს ლაპსოვსს 8:0 სძლია, სლოვაკ ტამას სოოსს – 11:0, უკრაინელ ვლადისლავ ვორონინს 8:0. ფინალში კი ლიტველ მანტას კნისტაუტასს ფინალში 10 უპასუხო ქულა აუღო.

გიზო მელაძემ ძირითად ბადეში ფინელი ტოუფან აჰმადის ძლევის (6:1 6:0) შემდეგ, მეოთხედფინალში ლიტველ კრისტუპას სლეივასთან წააგო (4:7 0:4) და მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო, სადაც უნგრელ ბენც კოვაცს (6:0 1:1) და სლოვაკ ზოლტან ლევაის (6:0 2:0) აჯობა.

შმაგი ბოლქვაძეც მეოთხედფინალიდან გადავიდა ბრინჯაოს გზაზე, ოღონდ მელაძისგან განსხვავებით, იქამდე სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. სლოვაკი ლეოს დრამოლასა (4:0 4:0) და უნგრელი ზოლტან ლევაის (4:0 1:0) იოლად დამარცხების შემდეგ რუს ალექსეი ტადიკინთან დაძაბულ ბრძოლაში წააგო (0:1 1:1). დამამშვიდებელ ეტაპზე კი აზერბაიჯანელ ელმან მუხტაროვთან (0:0 3:2) და მოლდოველ დანიელ კატარაგასთან (4:1 1:0) იმარჯვა.

ლაშა გობაძე ნახევარფინალამდე ლამის ერთი ამოსუნთქვით მივიდა – მოლდოველ ვასილე გალუსკას (11:0), ხორვატ ვიეკოსლავ ლუბურიჩსა (8:0) და თურქ ფათიჰ ჩენგიზს (0:0 9:0) ჯამში 28 ქულა აუღო და ერთიც არ დაუკარგავს, მაგრამ გერმანელ დენის კუდლასთან ვეღარას გახდა (4:3 0:9) და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც შვედი ზაკარიას ბერგი დაამარცხა (5:0 2:1).

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების რვა წევრიდან ევროპირველობის პოდიუმზე ექვსი ავიდა. შეგახსენებთ, გუშინ გელა ბოლქვაძე (74 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო კუკური კირცხალიამ (96 კგ) მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. საერთო მონაგარი კი ასეთია: 2 ოქრო, 4 ბრინჯაო.

0.124653