ჭიდაობა

21:34 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი სამეული ქართველების გარეშე შეივსო

 

ფინეთის ქალაქ ვანტააში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავიდნენ და ნახევარი საქმეც მოამთავრეს – რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინეს. საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიდან კი პოდიუმზე ასვლა ერთმაც ვერ შეძლო.

მიზანთან ყველაზე ახლოს 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე რევაზ ლაშხი იყო, მაგრამ სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტს ამჯერად ოქრო-ვერცხლისკენ მიმავალი გზა პირველსავე წრეში ჩაეკეტა, რუსეთის ნაკრების წევრ ადამ კურაკთან წაგებით. ქართველმა მოჭიდავემ მეტოქეს რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს – 0:9. თანაბარ ბრძოლაში მხოლოდ ერთი წუთი გაილია. შემდეგ კი რუსმა ჯერ ოთხქულიანი ილეთი შეასრულა, შემდეგ ზედ ორი ქულაც წაამატა და პერიოდი 6:0 მოიგო.

რევაზ ლაშხს შეხვედრის გადარჩენის შანსი მეხუთე წუთის დაწყებისას მიეცა, როდესაც მსაჯმა კურაკი ჩოქბჯენში ჩააყენა, მაგრამ რამდენიმე წამში ჭიდაობის დგომში გაგრძელება ბრძანა, აქაოდა საქართველოს ნაკრების წევრმა წესი დაარღვიაო, თან რუსს ერთი ქულაც წაუმატა. ამ უკანასკნელმაც კიდევ უფრო გაილაღა და დარჩენილ დროში ანგარიშში სხვაობა უფრო გაზარდა.

კურაკმა დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრა და ფინალში გავიდა. შესაბამისად, მისგან ძლეული მოჭიდავეები რეპეშაჟში გადაერთნენ.

ლაშხი დამამშვიდებელ ეტაპზე საქმეში პირველივე წრიდან ჩაერთო და ავსტრიელ ბენედიქტ პუფერს ზედმეტი ნერვიულობის გარეშე, 6:0 მოუგო. უკრაინელ დენის დემიანკოვთან შეხვედრაში მეოთხე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო. შემდეგ კი გაილაღა და წუთნახევრიან მონაკვეთში 7:1 დაწინაურდა.

რეპეშაჟის ფინალში რევაზ ლაშხმა სლოვაკ იშტვან ლევაისთან 0:3 წააგო. შეხვედრის მეხუთე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო. შემდეგ კი ქართველმა მოჭიდავემ ჩოქბჯენის უპირატესობა ვერ გამოიყენა. მეტიც, მოწინააღმდეგის დატრიალების მცდელობისას ქვემოდან მოჰყვა და ორი ქულით ჩამორჩა. შემდეგ კი ერთი ქულა გაფრთხილებითაც დაკარგა და ჩამორჩენის სათავისოდ შესატრიალებლად არც ძალა ეყო და აღარც დრო.

ლაშა გოგიტაძე (59 კგ) და გურამ ფერსელიძეც (130 კგ) პირველსავე წრეში დამარცხდნენ, ოღონდ მათმა მძლეველებმა: სერბმა კრისტიან ფრისმა და ლიტველმა მინდაუგას მიზგაიტისმა ფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი წევრი პირველი პერიოდის შემდეგ 2:0-ს იგებდა. ბოლო წუთის დაწყებამდე კი 3:1 მიჰყავდა, მაგრამ მოულოდნელად მოდუნდა და საფინალო სირენამდე 7 ქულის დაკარგვა მოასწრო - 3:8. მძიმეწონოსანმა გურამ ფერსელიძემ კი ტურნირზე თავისი პირველი და უკანასკნელი ბრძოლა მინიმალური ანგარიშით წააგო.

დღესვე ფინურ ხალიჩაზე 98 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვასილ იმერლიშვილიც გავიდა. მშვენივრადაც დაიწყო – მერვედფინალში იტალიელ დაიგორო ტიმონჩინის სამწუთნახევარში 10:0 სძლია. მეოთხედფინალში კი თურქ ჩენკ ილდემთან შეხვედრის მეხუთე წუთზე, მაშინ, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, მსაჯმა სამი გაფრთხილების გამო მოხსნა. აშკარა იყო, ილდემი ქართველი მოჭიდავის პროვოკაციაზე წამოკიდებას ცდილობდა და შეძლო კიდეც. გადამწყვეტი შენიშვნა მსაჯმა საქართველოს ნაკრების წევრს უხეშობის გამო მისცა.

ილდემი ფინალშიც გავიდა და იმერლიშვილს ბრინჯაოს გზა გაუხსნა, მაგრამ ვასილი რეპეშაჟის ნახევარფინალშიც უხეშობის გამო მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა - შვედ ფრედრიკ შონთან 0:7-ს აგებდა, საფინალო სირენამდე კი 17 წამი რჩებოდა, როდესაც მსაჯმა ბრძოლა შეყწვიტა და გამარჯვებულად შვედი გამოაცხადა.

ხვალ მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს დროშის ქვეშ კი მანუჩარ ცხადაია (71 კგ), ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ) და რობერტ ქობლიაშვილი (85 კგ) იჭიდავებენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი

ვანტაა. ფინეთი

5 აპრილი

 

59 კგ

1 ალექსანდარ კოსტადინოვი (ბულგარეთი)

2 ვიქტორ ჩიობანუ (მოლდოვა)

3 კამრან მამადოვი (აზერბაიჯანი)

3 ივან კუილაკოვი (რუსეთი)

 

66 კგ

1 ადამ კურაკი (რუსეთი)

2 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

3 იშტვან ლევაი (სლოვაკეთი)

3 ფრანკ შტაბლერი (გერმანია)

 

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

3 ფრედრიკ შონი (შვედეთი)

3 მარტინ ჰამლეტ ნილსენი (ნორვეგია)

 

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 ლიუბომირ დიმიტროვი (ბულგარეთი)

3 იოჰან ეურენი (შვედეთი)

3 ვასილი პარშინი (რუსეთი)

0.104111