ინტერვიუები

9:56 | 21.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ქართველი “სპარტაკში”

მოსკოვის “სპარტაკში”, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” ოთხი ფეხბურთელი: მცველი აჩიკო ტვილდიანი, ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, თავდამსხმელები - დავით ხოჭოლავა და ლევან კოშაძე ისინჯება.
ამის შესახებ, “მსოფლიო სპორტს”, ფეხბურთელებთან ერთად მოსკოვში მყოფმა საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” გენერალურმა მდივანმა კახა ჭუმბურიძემ განუცხადა.
“ამ ფეხბურთელების სინჯებზე მიწვევის სურვილი “სპარტაკმა” ზაფხულში გამოთქვა, როდესაც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში პალანგის ტურნირი მოიგო. თუმცა, მაშინ მოსკოველებს ვუთხარით, რომ შოტლანდიაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი მატჩები გველოდა და ფეხბურთელებსაც მათი დასრულების შემდეგ ჩავიყვანდით “სპარტაკში”. ახლა პირობა შევასრულეთ”.
- რუსულ მხარესთან ვინ დაგაკავშირათ?
- ფიფას ლიცენზირებულმა მენეჯერმა რეზო ჩელებაძემ. “სპარტაკიდან” რუსეთის ვიზები გამოგვიგზავნეს და არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. 15 ნოემბერს ჩამოვედით და ძალიან კარგად მიგვიღეს. ფეხბურთლები გუნდის ბაზაზე, ტარასოვკაში დააბინავეს და ისინი დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობენ.
- ქართულ ოთხეულს ამხანაგურ შეხვედრაში ხომ არ მიუღია მონაწილეობა?
- “დუბლებმა” ორმხრივი მატჩი ჩაატარა - პირველსა და მეორე შემადგენლობას შორის. პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები მეორე შემადგენლობაში იყვნენ და 2:0 იგებდნენ, აქედან ერთი გოლი კოშაძემ გაიტანა. მეორე ტაიმში ყაზაიშვილი და ხოჭოლავა პირველ შემადგენლობაში გადაიყვანეს. 25 ნოემბერს ამხანაგური შეხვედრა შედგება, 26-ში კი თბილისში დავბრუნდებით და “სპარტაკელთა” გადაწყვეტილებას დაველოდებით.
- თამაშს გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი თუ დაესწრო?
- კარპინი არ ყოფილა, მაგრამ სავარაუდოდ, 25 ნოემბერს დანიშნულ შეხვედრას დაესწრება.
- ფეხბურთელები ახალ გარემოს რამდენად შეეგუენ?
- პირველ დღეს, მგზავრობისგან გადაღლილები იყვნენ და ცოტა გაუჭირდათ, რადგან აქ უფრო მაღალი სისწრაფეებია. თუმცა, ისინი კარგად არიან მომზადებულნი და მომდევნო ვარჯიშებზე პრობლემა არ შეჰქმნიათ.

ლაშა თაბაგარი


    
 
 

0.12156