ლეო მესიზე, როგორც დიდ ფენომენზე უკვე ძალიან... ცოტას საუბრობენ. ალბათ იმიტომ, რომ ამ ბიჭს დასამტკიცებელი არავისთვის აღარაფერი დარჩა. თუ ვთქვათ ერთი კვირაც კი გავიდა ისე, რომ მესიმ გოლის გატანა ან საგოლე პასების ჩამორიგება ვერ შეძლო, სკეპტიკოსები მაშინღა იწყებენ მჭმუნვარედ საუბარს: “ხომ არ დაეწყო დაღმასვლა?”, “მგონი რაღაც სჭირს ამ ბიჭს”, “არა, მარადონა მაინც სულ სხვა იყო!”... ფაქტი კი ისაა, რომ ლეო მესიმ უკვე თითქმის ყველაფერი მოიგო და იმდენი რეკორდი მოხსნა, ალბათ პლუტარქესაც კი გაუჭირდებოდა მისი ტიტულებისა და წარმატებების სრულად გამოჩხრეკა.
ცოტა ხნის წინათ, ლეო მესი ზედიზედ მეოთხედ დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად. ზედიზედ მეოთხედ! მსგავსი აღიარება არასოდეს არც ერთ ფეხბურთელს ღირსებია ჩვენს პლანეტაზე და ეს აღიარება იმდენად ღირსეული და ეჭვმიუტანელი გახლავთ, რომ გასულ წელს ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაც კი გადაიფარა.
ერთადერთი რაც ნეიტრალურ გულშემატკივარს ნამდვილად აღიზიანებს, ეს ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს მუდმივი და ხშირად არაფრისმომცემი “შეთანასწორებებია”. გულრწფელად მესმის პორტუგალიელი ფეხბურთელისა, რომელიც გამუდმებით იმეორებს, რომ ლეო მესის სიდიადეში ეჭვი არ შეაქვს და არც მასთან ქიშპს აპირებს. “მე მხოლოდ იმას ვაკეთებ და ისე ვთამაშობ, როგორც შემიძლია. მე და ლეო სრულიად განსხვავებული ტიპისა და სტილის ფეხბურთელები ვართ და ჩვენს შორის არანაირი შური არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, მესიც ზუსტად ასევე ფიქრობს” – ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე განაცხადა რონალდუმ. მაგრამ, გულშემატკივრები ცოტა კი არა, გვარიანად უცნაური ხალხი ვართ და შედარებებისა და მჯობნის-მჯობების ძიების გარეშე არ შეგვიძლია.
ზემოთ პლუტარქე ვახსენე და ცნობილი ისტორიული გმირების შედარება-შეთანასწორების ამ დიდ ოსტატსაც კი ალბათ არ გაუჭირდებოდა იმის თქმა, რომ შეთანასწორებები მთლიანობაში არაფრის მომტანია და ჰერაკლეს გმირობებით აქილევსის სიდიადე ნამდვილად არ დაკნინებულა.
ლეო მესიმ უკვე მეოთხედ მოიპოვა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, მაგრამ ეს ნამდვილად არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ფეხბურთელები არაფრის მაქნისები იყვნენ და ისინი არ იმსახურებდნენ მსგავს დაფასებასა და აღიარებას.
მხოლოდ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელების გვარების დასახელება რად ღირს... ამ ბიჭებმა ბოლო სამი დიდი სანაკრებო ჩემპიონატი მოიგეს და თან ისე, რომ აშკარად მაღლა იდგნენ პრაქტიკულად ყველა მეტოქეზე. განა ჩავი ან ინიესტა ნაკლებად ღირსნი იყვნენ მსოფლიოს საუკეთესოს წოდებისა?! განა “ფურია როხას” კარში ლამაზად ჩაბერებული იკერი არ იმსახურებდა თუნდაც ერთხელ მსოფლიოს საუკეთესოდ წარმოჩენას? ან კიდევ, მერე რა რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში იტალიიის ნაკრები ვერაფერს იგებს... ვინმე არის ისეთი, ვისაც ჯიჯი ბუფონისთვის დაენანება მსოფლიოს საუკეთესოს წოდება?! ან ურუგვაის ნაკრებში “სასწაულმოქმედ” დიეგო ფორლანს რას ვერჩით?!...
ერთი სიტყვით, ღირსეული თანამედროვე ფეხბურთში მართლაც ბევრია, მაგრამ ლეო მესი მათ შორის უდავოდ განსაკუთრებული და გამორჩეული იყო და ეს მხოლოდ იმით არ გამოიხატება, რომ გასულ წელს არგენტინელმა ფეხბურთელმა აურაცხელი რაოდენობის გოლი გაიტანა. ლეო მესიმ ბოლო ორი წელია, რაც შეძლო და დაამხო მითი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს იგი არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ვერ თამაშობს და კლასიკურ “კლუბის ფეხბურთელად” ჩამოყალიბდა. არგენტინის ნაკრების ახლანდელმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ გონებას ცოტა ძალა დაატანა და მიხვდა, რომ ლეო მესის გამოკვეთილ ფორვარდად დაყენება “ალბისელესტეს” აუცილებლად წაადგებოდა. დააყენეს შემტევად ნაკრებში ლეო მესი და კიდეც დაიწყო გოლების გატანა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის ფაქტი, რომ ლეო მესიმ შარშან ბრაზილიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა. პირადად მე ვერ ვიხსენებ ბოლოს რომელმა არგენტინელმა ფეხბურთელმა შეძლო ბრაზილიის ნაკრების კარში ჰეთ-თრიქის შესრულება.
სულ რაღაც წელიწადნახევარში ბრაზილიაში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება. არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო ჩემპიონატი უნდა იყოს. მჯერა, რომ ლეო მესი იქაც იტყვის თავის სათქმელს!
ლევან სეფისკვერაძე