თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს 71-ე ჩემპიონატის პირველ ლიგაში ქალთა შორის მე-2 ტურის პარტიები გაიმართა.
შედეგად, ქულათა მაქსიმუმით წინ 4 მოჭადრაკე გაიჭრა: სოფიო ნიკოლაძე (2174), ნინო ხომერიკი (2063), ნანი უნაფქოშვილი (2061) და ალექსანდრა ვახანია (2187).
მე-3 ტურში ერთმანეთ სწორედ ლიდერები დაუპირისპირდებიან: ხომერიკი ვახანიას ეთამაშება, ხოლო ნიკოლაძე – უნაფქოშვილს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და მასში 25 მოჭადრაკე ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ I-V ადგილებზე გასული მონაწილეები საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებენ.
მომავალი პარტიები 22, 23, 24, 25, 26, 27 და 28 ნოემბერს ჩატარდება. თამაშები 15.00 საათზე დაიწყება, გამონაკლისი მხოლოდ ბოლო ტურია, რომელიც სტარტს 11.00 საათზე აიღებს.