“სოხუმის” საკალათბურთო კლუბის აღზრდილი ოთო ბულიავა ორჯერ 20 წლამდეთა შორის, ერთხელაც 18 წლამდელების საქართველოს ჩემპიონი გახდა. ახალგაზრდა კალათბურთელს საქართველოს სუპერლიგის არაერთ მატჩშიც მიუღია მონაწილეობა, შარშანდლიდან კი სპორტულ კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს. ზაფხულის დასაწყისში ოთო სამიოდე თვით სამშობლოში დაბრუნდა და 3X3-ზე კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დედაქალაქის შესარჩევი ტურის გამარჯვებულიც გახდა. ოთო ბულიავა რედაქციაში გვესტუმრა და პირველი კითხვაც სწორედ 3X3-ზე კალათბურთის ტურნირზე დავუსვით.
- ორიოდე კვირის წინათ “თბილისი მოლში” 3X3-ზე კალათბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დედაქალაქის შესარჩევი ტური ჩატარდა და თქვენმა გუნდმა “13” გამარჯვება არავის დაუთმო...
- “თბილისი მოლში” გამართული ტურნირით მეტად კმაყოფილი ვარ. შეჯიბრება კარგად იყო ორგანიზებული, მზე, ქარი თამაშისას ხელს არ გვიშლიდა, ქომაგობაც არ გვაკლდა. ჩემთან ერთად გუნდში რატი ბააკაშვილი, ვახტანგ ქადარია და ზაზა სვანიძე იყვნენ. ფინალში ოვერტაიმში ბექა ჩიკვილაძის, გივი ბაქრაძის, საბა ლობჟანიძისა და ილია ლონდარიძის გუნდს 20:18 მოვუგეთ და გამარჯვებულები გავხდით. მე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დამასახელეს და სპეციალური პრიზიც გადმომცეს.
- მოდით, თქვენი პირველი საკალათბურთო ნაბიჯები გავაცნოთ მკითხველს. როგორ მოხვდით კალათბურთში?
- ხუთიოდე წლის წინათ სენაკში საახალწლო დღეებში “სოხუმის” მოთამაშე ვახტანგ ქადარია შემხვდა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, დღესასწაული მივულოცეთ. ვახტანგმა ჩემ სიმაღლეს და ხელის მტევანს მიაქცია ყურადღება, ჩემი ფოტო სოხუმელთა დამრიგებელ ვაჟა კვარაცხელიას გაუგზავნა. მეორე დღესვე ბატონი ვაჟა დამიკავშირდა და თბილისში ჩასვლა შემომთავაზა. მაშინ 15 წლისა ვიყავი და კალათბურთი ნაკლებად მაინტერესებდა, ერთადერთი ზაზა ფაჩულიას შესახებ მსმენოდა და მისი გულშემატკივარი ვიყავი. ბავშვობაში უფრო მეტად ფეხბურთით ვიყავი დაკავებული. თავდაპირველად კალათბურთის თამაში არ მომეწონა. უაზროდ დავრბოდი და ყველა ბურთს მართმევდა. დაახლოებით ერთი წელიწადი მოვანდომე საკალათბურთო ანბანის შესწავლას. თბილისში ჩამოსვლიდან ცოტა ხანში “მართვეში” გამანათხოვრეს, სადაც 14 წლამდელებთან ერთად ხათუნა გაბედავა მავარჯიშებდა. იქ კალათბურთის თამაშს ალღო ავუღე და “სოხუმში” დაბრუნების შემდეგ საქართველოს 18 წლამდელ კალათბურთელთა ჩემპიონატში ჩავერთე. ლიკა ქაჯაიასა და დიმიტრი ჟაკობოვის მეთაურობით ამ ასაკობრივ ჯგუფში ქვეყნის ჩემპიონები გავხდით. რეზო როგავა, სანდრო მეგენეიშვილი, გიორგი ორმოცაძე და მე გუნდის ლიდერები ვიყავით, სხვებიც კარგი ასპარეზობით გამოირჩნენ. მომდევნო სეზონში 18 და 20 წლამდელთა პირველობაზე ერთდროულად ვითამაშე. ამასობაში “სოხუმის” მთავარ მწვრთნელად ლატვიელი აინარს ბაგატსკისი მოიწვიეს და მანაც პირველად მათამაშა ძირითად გუნდში. მომდევნო წელს კახა ჟინჭარაძესთან, დიტო დვალიშვილთან, რეზო როგავასთან პარტნიორობით კიდევ ერთხელ გავხდი 20 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი, ლიკა ქაჯაიასთან ერთად კი ჩვენ გუნდს თემურ კანკია ავარჯიშებდა.
- რამდენიმე მწვრთნელთან ერთად მოგიწიათ მუშაობა. რომელ მათგანს გამოარჩევთ?
- ყველა მათგანს ვემადლიერები. კვარაცხელიამ, ქაჯაიამ, გაბედავამ, ჟაკობოვმა ბევრი რამ მასწავლეს. ამპლუით მსუბუქი ფორვარდი ვარ (სიმაღლე 200 სმ-ავტ), დამრიგებლები კი პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე მათამაშებდნენ. ინდივიდუალურად თამაში ბაგატსკისის მეთვალყურეობით წვრთნის დროსაც საგრძნობლად დავხვეწე.
- 2013 წლიდან კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებთ...
- აშშ-ში გამგზავრებასა და იქ მოწყობაში ბატონი ვაჟა დამეხმარა. მან თავის ნაცნობ აგენტთან დამაკავშირა, ჩემი თამაშის ამსახველი ვიდეომასალა გაუგზავნა, სპეციალისტებს მოვეწონე და ასე მოვხვდი ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში. ჩვენი გუნდი “ვესტ ოუკსი” “ჰაი სქულის” ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამერიკის პირველობის პლეი ოფში გავედით. გუნდში წამყვანი გამთამაშებელი ამერიკელი ზაკ რამფი გვყავდა. ძლიერი მოთამაშეები არიან ფრანგი სიდი ნ’დირი და ეგვიპტელი მეფარე ანას ოსამა. იგი 217 სმ სიმაღლისაა და ახლახან კონტრაქტი ამერიკის კოლეჯების ჩემპიონ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი.
- პირადად შენი სამომავლო გეგმა რაა?
- რამდენიმე კოლეჯის გუნდთან ვაწარმოებ მოლაპარაკებას. არიზონას, ჩრდილო კაროლინას, ფლორიდის შტატის კლუბების წარმომადგენლები არიან ჩემით დაინტერესებული. აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკაშიც წავალ და საბოლოოდ მაშინ გადაწყდება, რომელ გუნდში გავაგრძელებ თამაშს. პირადად მე კაროლინაში გადასვლა მირჩევნია. “საუთ კაროლაინა სტეიტის” გუნდს ჩემ პოზიციაზე მოთამაშე ერთადერთი კალათბურთელი ჰყავს და ისიც სეზონის დასრულებისთანავე გუნდიდან წავა.
- პროფესიული ასპექტით რა შეგძინა ამერიკაში ცხოვრებამ, ვარჯიშმა და თამაშმა?
- ამერიკაში ყოფნისას ყველა მიმართულებით მოვუმატე. უფრო დისციპლინირებული გავხდი, სათამაშო მხრითაც დავიხვეწე და გამოცდილება შევიძინე. ვარჯიშზე ერთხელ დაგვიანების შემთხვევაში მკაცრად გაფრთხილებენ, განმეორების დროს კი სამშობლოში დაგაბრუნებენ. თავდაპირველად ამერიკაში ძალიან გამიჭირდა, უცხო გარემოსთან, ადამიანებთან ადაპტაცია ძნელია, ენაც არ ვიცოდი. დიდი დატვირთვების გამო საქართველოში დაბრუნებას ვფიქრობდი, მაგრამ თანდათან სიტუაციას გავუშინაურდი. დილით რთული, ხანგრძლივი, მომქანცველი ვარჯიში გვაქვს, ამასთან მწვრთნელმა საღამოს წამოწოლილი რომ გვნახოს, ლოგინიდან წამოგვაგდებს და დარბაზში გვიშვებს.
2 საკალათბურთო ოცნება მაქვს. პირველი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, მეორე კი საქართველოს ნაკრებში თამაშს უკავშირდება. გული მწყდება, 20 წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში რომ არ შემიყვანეს. არადა, ჩემ პოზიციაზე გუნდისთვის სარგებლობის მოტანა ნამდვილად შემიძლია. დიდი სურვილი მქონდა 20 წლამდელთა საქართველოს ნაკრებში B დივიზიონის მატჩებში მიმეღო მონაწილეობა და გუნდთან ერთად წარმატებისთვის მიმეღწია.
ოთო ბულიავას დახასიათება მის ერთ-ერთ მწვრთნელს ლიკა ქაჯაიას ვთხოვეთ: “ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ ოთოს სახით გამორჩეული კალათბურთელი გვყავს. ჩემი რწმენით, მას წინ დიდი პერსპექტივა ელის. ოთოს ინდივიდუალობით გამოვარჩევ. სათანადო მიდგომისა და სწორად შერჩეული ტაქტიკის შემთხვევაში გუნდის წარემატებაში ლომის წილის შეტანა შეეძლება. სამწუხაროა, სადღეისოდ ასაკობრივი ნაკრების მიღმა რომაა. ოთო მონდომებული, ბეჯითი მოთამაშეა, მას შემდგომ წინსვლას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, დიდი კალათბურთელი გახდება”.