ფეხბურთი

14:21 | 18.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოტმარ ჰიტცფელდი: “გერმანიის ნაკრების გაწვრთნა ჩემი აუხდენელი ოცნებაა”

მოთამაშობისას ოტმარ ჰიტცფელდი შვეიცარიისა და გერმანიის კლუბების ღირსებას იცავდა. ამპლუით ფორვარდი “ბაზელის” შემადგენლობაში შვეიცარიის ჩემპიონი ორჯერ გახდა, 1973-ში კი პირველობის საუკეთესო გოლეადორი გახდა. გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწია ჰიტცფელდმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში. მან 2 კლუბთან ერთად (“დორტმუნდი”, “ბაიერნი”) მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი, 1997 და 2001 წლებში პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს, დორტმუნდელები და მიუნხენელები კი ჯამში შვიდჯერ გახადა გერმანული ბუნდესლიგის გამარჯვებულები.

- ჰერ ოტმარ, კვირას 65 წელი შეგისრულდებათ. როგორ აპირებთ საიუბილეო თარიღის აღნიშვნას?

- როგორც ყოველთვის, ამჯერადაც განსაკუთრებულს არაფერს ვგეგმავ. დაბადების დღეს ტრადიციულად ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავ ხოლმე. ახლობელ ადამიანებთან ერთად შვეიცარიის ალპების კურორტ ენგელბერგში გავემგზავრები და რამდენიმე დღეს იქ დავყობ.

- კარგა ხნის განმავლობაში ეწევით სამწვრთნელო საქმიანობას. ახალგაზრდობაში დასახული მიზანი აისრულეთ?

- ყველა გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმიღია, საბოლოოდ გამართლებული აღმოჩნდა. ეს უფრო ღვთის წყალობაა, ვიდრე ჩემი ჭკუის, გამჭრიახობის და ანალიზის უნარის დამსახურება. ყოველთვის მიმართლებდა სადამრიგებლო გუნდების არჩევანში.

- დასანანი არაფერი გაქვთ?

- როგორ არა. ყოველთვის მინდოდა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმწვრთნელობა, მაგრამ 2004 წელს “ბუნდესმანშაფტი” ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიბარე. მაშინ სადამრიგებლო პაუზა ავიღე.

- სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად რომელმა ტიტულებმა გაგახარათ?

- “დორტმუნდსა” და “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლე, მაგრამ ყველაზე საამოდ ამ გუნდებთან ერთად ბუნდესლიგის მოგება მახსენდება. როდესაც 1995 წელს “დორტმუნდი” გერმანიის ჩემპიონი გავხადე, სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იყო, სიხარულისგან ტანში ჟრუანტელი მივლიდა. იგივე განმეორდა ბუნდესლიგის ბოლო ტურში, როცა “ბაიერნმა” “ჰამბურგს” ბოლო წამებზე გაუტანა და პირველობა გაინაღდა. მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ცრემლს ვერ ვიკავებდი.

- ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატი თქვენი ბოლო სამწვრთნელო ტურნირია. იოაჰიმ ლიოვის გუნდთან შეხვედრას თუ ისურვებდით?

- მეოთხედფინალამდე არა. ჩვენთვის ამ სტადიამდე გასვლა გმირობის ტოლფასი იქნება, გერმანიის ნაკრებს კი მხოლოდ ჩემპიონობა დააკმაყოფილებს.

- საბოლოოდ გადაწყვიტეთ, რომ მომავალი მუნდიალის დასრულებისთანავე სადამრიგებლო კარიერას შეწყვეტთ?

- დიახ, ასეა. დარჩენა რომ მსურდეს, შვეიცარიის ნაკრებთან მუშაობას გავაგრძელებდი. მაგრამ დროა წერტილი დავსვა – ჩემი სამწვრთნელო დრო ამოიწურა.

- მიუნხენის “ბაიერნთან” ერთად მიღწეული ფენომენალური შედეგის შემდეგ იუპ ჰაინკესი ჩრდილში მოექცა. თქვენ თუ გააგრძელებთ მეტნაკლებად აქტიურ საფეხბურთო ცხოვრებას?

- საფეხბურთო ანალიტიკოსის რანგში Sky-ზე ვმუშაობ და როგორც მეუბნებიან, მიმომხილველის რანგშიც ბევრი თაყვანისმცემელი მყავს. ისე კი, 65-ს მივუკაკუნე და დროა ჯანმრთელობაზე, მეუღლესა და შვილზე მეტი ვიფიქრო და ვიზრუნო. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთით ხომ არ შემოიფარგლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120363