საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი გამოცდილი წევრი ოთარ თუშიშვილი ერთწლიანი იძულებითი უქმობის შემდეგ ხალიჩას ერთი კვირის წინ, საქართველოს ჩემპიონატზე დაუბრუნდა - ყველა მეტოქე დაამარცხა და 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის შიდა კონკურენციაში თავისი პირველნომრობა უმალ დაამტკიცა, მაგრამ... ფინალში, ბოლო ილეთის შესრულებისას მორიგი ტრავმა მიიღო. ითქვა, რომ სავარაუდოდ, ნეკნი გაუტყდა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგების დასაზუსტებლად “მსოფლიო სპორტი” პეკინის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს დღეს შეეხმიანა:
- სიმართლე გითხრათ, მეგონა, ტრავმა უფრო მძიმე იქნებოდა. ერთი კვირის თავზე პროგრესი უკვე აშკარაა. ტკივილი ნაკლებად მაწუხებს, შეღავათს დღითიდღე ვგრძნობ და ვარჯიშს, სავარაუდოდ, ორიოდ კვირაში განვაახლებ. ახალი სეზონისთვის მზადება ისედაც ფიზიკური მომზადებით უნდა დამეწყო და სირბილსა და მთელ რიგ ფიზიკურ დატვირთვებში ეს ტრავმა ხელს არ შემიშლის. ხოლო როდესაც ტექნიკა-ტაქტიკაზე გადავალ, უკვე ბოლომდე მორჩენილი იქნება. ასე რომ, საგანგაშო მგონი არაფერია.
- კონკრეტულად რა სახის ტრავმა მიიღე? ფინალის დასრულების შემდეგ ამბობდნენ, რომ ნეკნი გქონდა გატეხილი...
- ეს ნეკნი ჯერ კიდევ 1996 წელს გავიტეხე. მას შემდეგ შეხორცდა და საერთოდ აღარ მაწუხებდა, განსხვავებით მეორე ნეკნისგან, რომელიც 2003 წელს დავიზიანე და მორჩენის მიუხედავად, დროდადრო მაინც მახსენებს ხოლმე თავს. როგორც მითხრეს, ამჯერად ამოვარდა, ქსოვილი დააზიანა და საშინელი ტკივილი გამოიწვია. ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, თავისით უნდა შეხორცდეს. ამ ეტაპზე მალამოებით ვმკურნალობ.
- კონკრეტულად რომელ შეხვედრაში იგრძენი ნეკნის ტკივილი?
- მესამე წრეში. ნახევარფინალში ტკივილი აშკარად გაძლიერდა. ფინალში, მეორე სეტის ბოლოს კი, უკვე მივხვდი, რომ არათუ ჭიდაობა, ფეხზე წამოდგომაც აღარ შემეძლო. საბედნიეროდ, შეხვედრის მოსაგები ილეთი უკვე შესრულებული მქონდა. ეს რომ არა, ბრძოლის გაგრძელებას ვეღარ მოვახერხებდი და ავტომატურად წავაგებდი.
- საქართველოს ჩემპიონატზე პირველივე წრიდან გამაყუჩებლით იჭიდავე. სხვა ტრავმაც გაწუხებდა?
- მოსამზადებელი პროცესის ბოლოს, სპარინგ შეხვედრებისას ხელის კუნთი დამეჭიმა და კონკრეტულ ეპიზოდებში ძალიან მზღუდავდა. მაგალითად, მასზე დაყრდნობას საერთოდ ვერ ვახერხებდი და ამიტომაც დააწვა ნეკნს ძალა.
- ხომ არ ჯობდა, არ გაგერისკა?
- არა, მდგომარეობა საგანგაშო ნამდვილად არ იყო. კუნთის გამიზეზების შანსი არ არსებობდა. აბა, წინასწარ იმას ვინ იტყოდა, რომ შეიძლებოდა სხვა ტრავმა გამოეწვია. სპორტია და ყველაფერი ხდება. ამ ეტაპზე ნეკნის გარდა სხვა პრობლემა არ არსებობს.
- ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები აპრილ-მაისში უნდა გაიმართოს...
- იქამდე სასურველ ფორმაში ჩადგომასაც აუცილებლად მოვასწრებ და ალბათ, სხვა საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობასაც. მთავარია სხვა ტრავმებმა არ შემიშალოს ხელი.
ოთარ მაღლაკელიძე