რუსეთის პრემიერლიგის დებიუტანტ ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგას” ვიცე-კაპიტანმა ოთარ მარცვალაძემ, სეზონის დაწყებამდე კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა, რომელშიც მოსამზადებელ პერიოდზე ისაუბრა და ახალწვეულების თემასაც შეეხო.
- წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი როგორ მიმდინარეობს?
- გუნდი ძალიან სერიოზულად ემზადება. ცხადია, მომზადების დონე იმისგან განსხვავდება, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იყო. თითოეულ მწვრთნელს, ხომ თავისი შეხედულება აქვს. გარდა ამისა, ამჟამად, გუნდში მყოფ მოთამაშეებს გვესმის, რომ დებიუტი ახალ დონეზე მოგვიწევს. შესაბამისად, აუცილებელი იქნება, უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუძლოთ. მისთვის მზად ახლავე უნდა ვიყოთ. დღესდღეობით, კისლოვოდსკში მომზადების დამამთავრებელი ეტაპი მიმდინარეობს. ჩვენ პირველი მატჩისთვის ვემზადებით, გვსურს ლამაზი ფეხბურთი ვაჩვენოთ და ქომაგები გავახაროთ. პროგნოზების გაკეთება არ მსურს. უბრალოდ ვიტყვი, რომ “ტომთან” მატჩს მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა შევხვდეთ.
- ის ფაქტი, რომ სამი შეკრება ჩაატარეთ და არცერთი მატჩი არ წააგეთ, არ გაშინებთ?
- რატომ უნდა გვაშინებდეს? რა აზრი აქვს? ვთვლი, რომ შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში არ ღირს. ვფიქრობ, შეკრებებზე ყველა თამაში რომ წაგვეგო, ნაკლებად თუ ვინმე ჩათვლიდა ამას კეთილისმომასწავებელ ნიშნად. მოსამზადებელ პერიოდში ჩატარებული თამაშებისთვის დიდი ყურადღების მიქცევა არ ღირს, მაგრამ მათი შეუფასებლობაც არ იქნება.
- კლუბი 16-მა ახალწვეულმა შეავსო. ისინი გუნდს როგორ შეეგუენ?
- უპირველესყოვლისა, ვიტყვი, რომ ახალწვეულებმა უდავოდ გაგვაძლიერეს. ბევრ მათგანს რუსეთის პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, რაც ძალიან გამოგვადგება. ამასთანავე, აღვნიშნავ, რომ ისინი შეუერთდნენ კოლექტივს, რომელიც კვლავ ერთ მუშტად შეკრული რჩება. კლუბის ერთ-ერთი ბოლო შენაძენი მარკ კროსასია, რომელიც საუცხოო ბიჭია. რა თქმა უნდა, მან ჯერ რუსული არ იცის, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც ინგლისურად საუბრობენ მარკს რუსეთში ადაპტაციის გავლაში ეხმარებიან.
- მოსამზადებელმა პერიოდმა თუ გაჩვენათ თქვენთვის ვისთან უფრო მოსახერხებელია შემტევი ტანდემის შექმნა?
- ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ალბათ, არაკორექტულია. ვარჯიშებზე ყველა ფეხბურთელი შრომობს და მხოლოდ სამწვრთნელო შტაბი განსაზღვრავს გუნდის შემადგენლობას. ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მოედანზე ვისთან ერთად გავალ. მითუმეტეს, რომ ყველა მოთამაშე კარგ სათამაშო ფორმაშია.
- ის ფაქტი, რომ ახლა ნიჟნი ნოვგოროდში ყინვაა, რომელიც სავარაუდოდ, 14 მარტისთვისაც იქნება, “ვოლგას” ტომსკის “ტომთან” სადებიუტო შეხვედრაში პრობლემას არ შეუქმნის?
- ცხადია, როდესაც ცივა, თამაში კომფორტული არაა. თუმცა, ამან წინააღმდეგობა არ უნდა შეგვიქმნას. ჩვენ ნებისმიერ ამინდში სათამაშოდ მზად ვართ. ამასთანავე, უდავოდ, პლუსია, რომ ბალახისსაფარიან მოედანზე ვითამაშებთ. ჩემთვის ხელოვნურსაფარიანი მოედანი ოპტიმალურ ვარიანტს არ წარმოადგენს.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა