ორწელიწადნახევრიანი უქმობის შემდეგ, ოთარ კორღალიძე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კორღალიძე 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდს 25-30 მაისს ხორვატიაში ელიტრაუნდში სათამაშოდ მოამზადებს. “მსოფლიო სპორტთან” საუბარში კორღალიძემ აღნიშნა, რომ მის გუნდს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვს, რომელიც უნდა გამოიყენონ.
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან შეთავაზება როდის მიიღეთ? რამდენად ელოდით ასეთ წინადადებას?
- ველოდი-მეთქი, ვერ ვიტყვი. შეთავაზება ორშაბათს მივიღე. ერთი დღე ვიფიქრე და დავთანხმდი. ვფიქრობ, ამ გუნდით წარმატების მიღწევა შეიძლება. მით უმეტეს, რომ 19-წლამდელებში ადრეც მიმუშავია.
- კარგად იცნობთ ამ ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრებს? მის თამაშს თვალს თუ ადევნებდით?
- ვადევნებდი და ფეხბურთელთა უმეტესობას ვიცნობ. ახლა მთავარია მათი უფრო ახლოს გაცნობა.
- როდის შეკრებთ გუნდს და ვისთან გეგმავთ ამხანაგური მატჩების ჩატარებას?
- ერთ კვირაში შეკრებაზე გადავალთ და შემდეგ კვიპროსზე გავემგზავრებით. იქ 19-დან 24 მარტამდე ვიქნებით და ადგილობრივ 19-წლამდელებთან ორ ამხანაგურ თამაშს ჩავატარებთ. გარდა ამისა, 11-15 აპრილს პორტუგალიაში მივიღებთ ტურნირში მონაწილეობას. მაისში, ვიდრე ელიტრაუნდში სათამაშოდ ხორვატიაში გავემგზავრებით, საქართველოში ერთკვირიან ან ათდღიან შეკრებას გავივლით.
- ელიტრაუნდში ჯგუფში ხორვატია, ბოსნია და ავსტრია გყავთ. მეტოქეებიდან გამომდინარე, რამდენად რეალურია 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა?
- ხელწამოსაკრავი გუნდი არ გვყავს და ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. მთავარია, დროზე გავაკეთო ყველაფერი, რაც ჩაფიქრებული მაქვს.
ლაშა თაბაგარი