“პორტუგალიაში გამართულმა ოთხთა ტურნირმა გვაჩვენა, რომ თამაში ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია. 17-წლამდელების მაგალითიც სახეზეა: ინგლისი, ესპანეთი და უკრაინა დატოვეს ჯგუფში. ღმერთმა ქნას, მათი წყალი გადაგვსხმოდეს და ჩვენც გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. იმედი გვაქვს, ელიტ-რაუნდზე მაქსიმუმს გავიღებთ” – ეს საქართველოს 19-წლამდე ნაკრების თავკაც ოთარ კორღალიძის სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა.
გეცოდინებათ, 19-წლამდელებმა პორტუში გამართულ ოთხთა ტურნირზე პორტუგალიასთან 0:5 წააგეს, მაგრამ შემდეგ საფრანგეთს 3:0 და სერბეთს 3:2 სძლიეს, საბოლოოდ კი, მეორე ადგილი დაიკავეს. ელიტ-რაუნდის ჯგუფის მატჩები კი 25-30 მაისს გაიმართება და ქართველთა მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, ბოსნია და ავსტრია იქნებიან. შეხსენებისთვის, მხოლოდ ჯგუფის პირველადგილოსანი გავა ფინალურ ეტაპზე.
ახლა კი, ინტერვიუ კორღალიძესთან:
- პორტუგალიასთან 0:5-ის შემდეგ, ფრანგებთან 3:0 გამარჯვება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. როგორ მოხდა ასეთი გადასხვაფერება?
- პორტუგალიასთან მატჩი მგზავრობისგან გადაქანცულებმა ჩავატარეთ. მარტო ეს არაა მიზეზი: ჩვენ გვაცნობეს, რომ ტურნირი 12 აპრილს უნდა დაწყებულიყო და პორტუგალიას, უნგრეთსა და რუსეთს უნდა ეთამაშათ. 10 აპრილისთვის ავიღეთ ბილეთები, თუმცა შემდეგ მოვიდა ფაქსი, რომ ტურნირი 11 აპრილს იწყებოდა და რუსეთისა და უნგრეთის ნაცვლად, საფრანგეთი და სერბეთი ჩამოდიოდნენ. ბილეთები უკვე აღებული იყო და ვეცადეთ, რომ გადაგვეცვალა. აქედან არაფერი გამოვიდა. 10-ში გამთენიისას თბილისის დროით 3 საათზე გავემგზავრეთ. თბილისიდან სტამბულში, სტამბულიდან პარიზში, პარიზიდან პორტუში – დამქანცველი მგზავრობა იყო, თანაც “პეგასუსით”. საჭმელიც არ იყო, კვების პრობლემამ უარეს დღეში ჩაგვაგდო. ფაქტობრივად, 21 საათი ვიყავით გზაში. წარმოიდგინეთ, თბილისის დროით ღამის 12 საათზე ჩავედით პორტუში და მეორე დღეს მასპინძელთა ნაკრებთან თამაში გველოდა.
- მძიმე დღეში ყოფილხართ. არც ადაპტაცია, არც ვარჯიში.
- ჩვენ არ გვქონდა იმის ფუფუნება, რომ რამდენიმე დღით ადრე ჩავსულიყავით პორტუგალიაში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ 0:5 ნამეტანი იყო. ასეთ მარცხს არ ვიმსახურებდით. ამ მატჩმა ბევრი უარყოფითი დაგვანახვა, ფეხბურთელებთან მკაცრი საუბარიც მქონდა და საფრანგეთთან იგივე შეცდომები აღარ განმეორდა. ფრანგებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და ანგარიშიც ლოგიკური იყო. სერბეთთან უკვე კარგ ფსიქოლოგიურ მდგონარეობაში იყო გუნდი. სერბებსაც ვაჯობეთ თამაშში.
- ფრანგებს რა რეაქცია ჰქონდათ 0:3 წაგების მერე?
- ჩვენ ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით. გაოგნებულები იყვნენ, არანაირად არ ელოდნენ მარცხს და თან, ასეთ ანგარიშს. საფრანგეთის ნაკრების 9 ფეხბურთელი უმაღლესი ლიგის კლუბში ირიცხება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ტურნირის საუკეთესო არბიტრად დავით ხარიტონაშვილი დაასახელეს, რომელიც თბილიდან გამოგვყვა პორტუგალიაში. ხარიტონაშვილისგან ვიგებდით, რა გამოხმაურება ჰქონდა ჩვენს თამაშს.
- ვაკო ყაზაიშვილზე ცალკე გკითხავთ. ფრანგებს სამივე გოლი მან გაუტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რომელ პოზიციაზე ათამაშებდით ყაზაიშვილს?
- ფრანგებთან რომ ჰეთ-თრიქს შეასრულებს, იმ ფეხბურთელზე კარგის მეტი რა უნდა ვთქვა. გარდა ამისა, ლაშა პარუნაშვილს ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი გადასცეს. ყაზაიშვილი პორტუგალიასთან მარცხენა შემტევ ნახევარმცველად დავაყენე, ხოლო საფრანგეთთან გამოკვეთილი თავდამსხმელის უკან. საერთოდაც, ტურნირზე 4-4-1-1 სქემა ავირჩიეთ. ჩემს მოსვლამდე, ნაკრები 4-3-3-ით თამაშობდა, მაგრამ შევცვალე და დავრწმუნდი, რომ 4-4-1-1 სჯობს.
- 4-3-3 რატომ იყო ცუდი?
- იმიტომ, რომ ერთი ფლანგელიც რომ ამოგვივარდეს სისტემიდან, ყველაფერი წყალში იყრება. ყაზაიშვილი და ჭანტურია ნიჭიერები არიან, მაგრამ სათამაშო დისციპლინის ხუთიანზე შესრულებისა რა გითხრათ... თითქმის ყველა ქართველს აქვს ეს პრობლემა, მაგრამ ყაზაიშვილსა და მითუმეტეს, ჭანტურიას - განსაკუთრებით.
- ჭანტურიას ადგილს რომელ პოზიციაზე ხედავთ?
- თავდამსხმელის უკან. იქ, სადაც ყაზაიშვილმა ითამაშა.
- და ყაზაიშვილს სად დააყენებთ?
- სადაც საჭირო იქნება. კარგ ფეხბურთელს შეტევის ხაზში შეუძლია ისე მოქმედება, რომ სათამაშო დისციპლინა არ დაარღვიოს. იმედია, ყაზაიშვილს სადაც დავაყენებთ, სასარგებლო იქნება გუნდისთვის.
- ეროვნული ნაკრები 4-4-1-1 სისტემით არ თამაშობს და ამ ფეხბურთელებს როცა იქ გადასვლა მოუწევთ, არ გაუჭირდებათ ახალ სქემასთან შეწყობა?
- ამაზე თემურ ქეცბაიასთან მქონდა საუბარი და კიდევ მექნება. სულ 3 მატჩი გვაქვს სათამაშო ელიტ-რაუნდზე და არაფერი დაშავდება.
- რომელ რგოლში უჭირს თქვენს ნაკრებს?
- დაცვის თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს. ისე გამოვიდა, რომ ყველა მატჩსი სხვადასხვა შემადგენლობა გვყავდა უკანა ხაზში. ასევე მეკარის პრობლემა გვაფიქრებდა და კარგია, რომ დავით ლეგაშვილს სათამაშო პრაქტიკა ექნება ელიტ-რაუნდის დაწყებამდე. აქამდე უთამაშებელი იყო.
- ავსტრია, ხორვატია, ბოსნია – მეტოქეებზე რას იტყვით? რომელიმე გუნდის თამაშის ვიდეოფირი თუ ნახეთ?
- ავსტრიელთა თამაშს ვუყურე და ძლიერი გუნდის შთაბეჭდილება ვერ დატოვა. ავსტრიელებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიასთან და ალბანეთთან ფრედ ითამაშეს, მხოლოდ მალტას მოუგეს. არა მგონია, მათთან გაგვიჭირდეს. ხორვატიის თამაშის კასეტა ჩამოგვივიდა და ხვალ ხელთ მექნება. დარჩა ბოსნია და იმედია, მათი თამაშის ნახვაც არ გახდება პრობლემა.
- ელიტ-რაუნდამდე სად შეიკრიბება ნაკრები?
- 13 მაისს შევიკრიბებით ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე”. სომხეთის ნაკრებმა, რომელიც ასევე გასულია ელიტ-რაუნდზე, ვენთან ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა. სავარაუდოდ, სომხებთან 16, 17, ან 18 მაისს გავმართავთ საკონტროლო მატჩს.
- ხორვატიაში როდის წახვალთ?
- 4 დღით ადრე გვაქვს დაგეგმილი, ანუ 21 მაისს.
ილია ნანობაშვილი