საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ესტონელ თანატოლებთან სამი მარტის შესარჩევი მატჩისთვის მზადებაშია. ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ გუშინ “ამერის” სტადიონზე ავარჯიშა გუნდი და უმეტესად, ტაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ვარჯიში საათნახევრიანი იყო.
აქვე ვთქვათ, რომ ქართველი 21-წლამდელები დღეს 16 საათზე თბილისში, “მიხეილ მესხის” სტადიონზე ივარჯიშებენ - იქ, სადაც ხვალ მატჩიც გაიმართება.
გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ გუნდი ისევ ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” (სადაც დაბინავებულნი არიან) დაბრუნდა და “მსოფლიო სპორტიც” გაბელიას იქ გაესაუბრა:
- უპირველესად, ვარჯიშის შესახებ გკითხავთ. კმაყოფილი ხართ ფეხბურთელების მომზადებით?
- როგორც ხედავთ, დღეს ტაქტიკური დავალებები შეასრულეს ბიჭებმა. მაგალითად, შეტევიდან დაცვაზე სწრაფად გადასვლა, დაზღვევები, სივრცეების დახურვა, შეტევით ფაზებში კომბინაციები. გვინდა, რომ ეს ყველაფერი სწრაფად შესრულდეს, მაგრამ მინდორი არ გვაძლევს ამის საშუალებას. მთლად ცუდი მინდორი არ იყო, მაგრამ მაღალ სიჩქარეებზე მოქმედებას მაინც აფერხებს.
- თენგიზ სულაქველიძის აკადემიის მინდორზე რატომ არ ივარჯიშეთ?
- ვერც იქ იყო კარგი მინდორი.
- შემადგენლობაზე რას იტყვით? კიდევ ხომ არ აპირებთ ვინმეს დამატებას?
- არა. გიორგი ივანიშვილის გარდა, ყველა ჩამოსულია და უკლებლივ ყველამ ივარჯიშა კიდეც. ივანიშვილს კი გუშინ შვეიცარიის ჩემპიონატის მატჩი ჰქონდა “ვოლენში” და წესით, დღეს აქ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ავია-რეისი შეფერხდაო. შესაძლოა, ღამე ან ხვალ დილით ჩამოვიდეს.
- რას იტყვით ფეხბურთელებზე - ყველანი ჯანზე და სრულ მზადყოფნაში არიან?
- ამ მხრივ საწუწუნო არაფერი მაქვს. ეგაა, დაღლილები არიან მგზავრობით. მაგალითად, ნიკა ძალამიძემ თქვა, მოსკოვიდან ჯერ სომხეთში ჩავედი და შემდეგ წამოვედი თბილისშიო.
- “ემპოლის” ფორვარდ ირაკლი შეყილაძეზე გკითხავთ. ამასწინათ გვითხარით, კლუბში რაღაც პრობლემები აქვს და ამიტომ ვერ ჩამოდისო. შეყილაძემ გუშინ “ემპოილის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა “პარმას” წინააღმდეგ.
- შეყილაძემ პრობლემები ახსენა. ფაქტია, ვერ ჩამოვალო, მითხრა.
- ამ ეტაპზე ვინ არიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ესტონელებთან მატჩში ისურვებდით, მაგრამ ვერ გეხმარებიან?
- უპირველესად, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე. პირველი ტრავმირებულია, მეორეს კი სათამაშო პრაქტიკა, კარგა ხანია, არ ჰქონია.
ილია ნანობაშვილი