ინტერვიუები

10:05 | 20.11.2009 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ გაბელია: “ვისაც ნაკრებში გამოსვლა არ უნდა, წინასწარ თქვას”

საქართველოს 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია დარწმუნებულია, რომ შვეიცარიასთან ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის შეხვედრაში ლევან ყენიასა და ჯანო ანანიძეს რომ მიეღოთ მონაწილეობა, მისი გუნდი გამარჯვებას შეძლებდა.
“ჩვენთან ნაჩვენები თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ნამდვილად მიკვირს შვეიცარია ჯგუფში პირველ ადგილზე როგორ იმყოფება. ირლანდიამ გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. ყენია და ანანიძე რომ გვყოლოდა, დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებდით. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მეტოქემ არ შეგვაფასა, რადგან პროფესიონალები არიან. თან მასპინძლებს შემადგენლობაში, ორის გარდა, სულ 1988 წელს დაბადებული ფეხბურთელები ჰყავდათ. რამდენიმე ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, ბურთს სულ ჩვენ ვაკონტროლებდით. შვეიცარიელებმა, ორი-სამი ნახევრადმომენტი შექმნეს. პირველი ტაიმის მიწურულს დასანანი გოლი გავუშვით. საყრდენმა ნახევარმცველებმა - დაუშვილმა და ნემსაძემ ზონაში მეტოქის შეხვედრა დააგვიანეს, ხოლო კაკუბავამ, იმის მაგივრად, რომ წინ ამოწეულიყო, უკან დაიხია და შვეიცარიელს დაარტყმევინა. მოწინააღმდეგეზე ინფორმაცია საკმაოდ გვქონდა, ვინაიდან სამი მატჩის ვიდეოჩანაწერი ვნახეთ. გარდა ამისა, შოთა არველაძე ესაუბრა თურქეთის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რომელმაც უთხრა ასეთი კარგი გუნდი არ მინახავსო. მისი თქმით, შვეიცარიელებს სივრცეები დავუთმეთ და “გაგვაბრუესო”. მოწინააღმდეგეს ძალიან ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავდათ, მაგრამ ბურთსაც კარგად აკონტროლებენ. ამიტომ, ჩვენ მოთამაშეებს დავალება მივეცი, რომ მეტოქეს “ფეხზე დაჯდომოდნენ” და როდესაც ერთი ბურთისთის იბრძოდა, მეორეს დაეზღვია. სხვათა შორის, ამან გაამართლა და მასპინძლებს გოლის გატანის შანსი ფაქტობრივად არ ჰქონიათ. თუმცა, წინა ხაზში გამწვავება სათანადოდ ვერც ჩვენ შევძელით. ივანიშვილმა ბოლო წუთზე უხერხულად დაარტყა, არადა, ვინმე რომ გახსნილიყო, შეიძლებოდა პასის მიცემა და ანგარიშის გათანაბრება. თამაში ვერ გაამწვავა შეცვლაზე შემოსულმა კვარაცხელიამაც. ნორმალურად გამოიყურებოდა ოქრიაშვილი, რომელმაც ბევრი იმუშავა, თუმცა დაღლა დაეტყო და ამიტომ შევცვალეთ. საერთო ჯამში, მოთამაშეთა 50 პროცენტით უკმაყოფილო ვარ. წასაგები თამაში არ იყო და გული ამან უფრო დამწყვიტა, თორემ, რომ “გადაევლოთ”...” - განაცხადა “მსოფლიო სპორტთან” საუბარისას გაბელიამ, როდესაც შვეიცარიაში დავუკავშირდით.
- მიმდინარე წელს გუნდს მეტი თამაში აღარ აქვს და ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნიდან დღემდე განვლილ პერიოდს, როგორ შეაფასებდით?
- ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა მიზნად არავის დაუსახავს, მაგრამ ჩემი კრედო მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება და თითოელ მატჩში მოედანზე საბრძოლველად გასვლაა. მინუსები თითოეულ სათამაშო რგოლში გვქონდა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ნახევარდაცვა უფრო მობილური უნდა იყოს. იგივე, შვეიცარიასთან თამაშმა საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონე გამოაჩინა. იქ მოასპარეზე ფეხბურთელებს საერთაშორისო მატჩებისთვის ოსტატობა ნამდვილად არ ჰყოფნით. ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მოედანზე იბრძოლებენ, მაგრამ “ბურთიც ეცოდინებათ”. ამიტომ, სელექციას გავაგრძელებთ. საერთოდ, ვისაც ახალგაზრდულ ნაკრებში გამოსვლა არ უნდა, წინასწარ თქვას. თუმცა, ასეთებს, გზა პირველ ნაკრებშიც გადაეკეტებათ, ვინაიდან თემურ ქეცბაიას, მსგავსი მენტალიტეტის ხალხი არ მოსწონს. ამიტომ, ბევრი უნდა დაფიქრდეს, მომავალში ახალგაზრდულში გამოძახებას რამდენად იმსახურებს”.
- გასული შეხვედრებიდან გამომდინარე, თვლით თუ არა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან ტოლ-სწორად თამაში და ჯგუფში მაღალი ადგილის დასაკავებლად ბრძოლა შეიძლება?
- ვიდრე შანსი გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩემი აზრით, გადამწყვეტი, მომავალ წელს ესტონეთთან და შვეიცარიასთან საშინაო შეხვედრები იქნება, რომლებიც, შესაბამისად, 3 მარტსა და 30 მაისს შედგება. სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს რა მოხდა ერევანში და როგორ შეძლეს სომხებმა ირლანდიელების დიდი ანგარიშით დამარცხება. ამ მატჩის ვიდეოჩანაწერს აუცილებლად ვნახავ. მომხდარი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ჩვენ ჯგუფში ხელწამოსაკრავი გუნდი არაა.

ლაშა თაბაგარი    
 

0.124197