“მსოფლიო სპორტში” უკვე წაიკითხავდით სარაევოს “სლავიას” 20 წლის ნახევარმცველ ლევან კუტალიას ინტერვიუს, სადაც იგი ნაწყენი ლაპარაკობს და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოუძახებლობის მიზეზებზე საუბრობს - ეჭვობს, იმის გამო არ დაუძახეს 3 მარტს ესტონეთთან სათამაშოდ, რომ ცოტა ხნის წინ ზუგდიდის “ბაიაში” თამაშზე თქვა უარი.
რა თქმა უნდა, მხოლოდ ფეხბურთელის ნააზრევით არ შემოვიფარგლებით და ახლა, მეორე მხარეს მოვუსმინოთ. კერძოდ, რას ამბობს კუტალიას ნაუბარზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია. მით უმეტეს, რომ ლევანი გაბელიაზეა ნაწყენი, ნოემბრის შესარჩევ მატჩებში (ირლანდიასთან და შვეიცარიასთან) გამომიძახა, ერთი წუთიც არ მათამაშა და არც მიზეზი აუხსნიაო.
ოთარ გაბელია: “ასეთი აბსურდული რამ აქამდე არასოდეს წამიკითხავს. რეებს ამბობს ეგ ბიჭი? სამი მატჩი ვათამაშე - ესტონეთთან და ირლანდიასთან გასვლებზე, ასევე, დანიასთან ამხანაგურში. არ მომეწონა, ვერ ითამაშა კარგად. მწვრთნელი ვარ და ჩემი შეხედულება მაქვს: კუტალიას თუ თავი მარადონა ჰგონია, მე მასე არ ვფიქრობ.
იანვარში, სანამ თურქეთის შეკრებაზე წავიდოდით, ზუგდიდში მის მწვრთნელ ელგუჯა ქომეთიანს დავურეკე, კუტალიას ამბავი ხომ არ იცი, რას აკეთებს, სადაა-მეთქი. ზუგდიდშიაო, მიპასუხა. გავიგე, რომ “სლავიაში” არ ჩასულა იმის გამო, რომ სხვაგან აპირებდა გასინჯვაზე წასვლას. უვარჯიშებელი და უთამაშებელი ფეხბურთელი რად მინდა? სულ არ მაინტერესებს, ვისთან ჰქონდა მოლაპარაკება. მე ფეხბურთელი მაინტერესებს. ისე, აქ არაფერ შუაშია, მაგრამ ჩემი მეუღლე გვარად კუტალიაა”.
- კუტალია ამბობს, გაბელიამ არც კი ამიხსნა ირლანდიასთან და შვეიცარიასთან უთამაშებლობის მიზეზებიო. თანაც, ლეგიონერი ვარ, მით უმეტეს, ვიმსახურებდი ახსნასო.
- ანუ, რადგან ლეგიონერია, მორჩა და გათავდა? ემილ კოსტადინოვმა 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანა ბულგარეთი, ბოლო წამებზე საფრანგეთს სტუმრად გაუტანა გოლი და ამით გავიდნენ, მაგრამ იმავე წელს, ბულგარეთი-საქართველო რომ გაიმართა, კოსტადინოვი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და შეცვლაზე შემოსულმა გაგვიტანა 2 გოლი. ახლა წარმოიდგინეთ, კოსტადინოვმა ამხელა საქმე გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და მაინც სკამზე დასვეს. კუტალიამ რა გააკეთა, პრეტენზიებს რომ აყენებს?
ვიცი, რომ ამ ბიჭმა ბოსნიას უარი უთხრა მოქალაქეობაზე. მე მაშინ ვუთხარი, გამოგიძახებ და გათამაშებ, მაგრამ მუდმივად ძირითადში თამაშს ვერ შეგპირდები-მეთქი. ან რომელი ჭკუათმყოფელი შეპირდება ამას ფეხბურთელს? სანამ პირველად გამოვიძახებდი, კუტალიას თამაშები ვიდეოკასეტებით ვნახე და მომეწონა. გამოვიძახე, მაგრამ ვერც უშუალოდ თამაშში და ვერც ვარჯიშებზე კარგად ვერ გამოიყურებოდა. ვის სჯობდა, ირაკლი კლიმიაშვილზე ან ჯანო ანანიძეზე უკეთესი რით იყო? ბოსნიის ჩემპიონატი კი ნამდვილად არაა ინგლისის პრემიერლიგა, იქ მოთამაშე ფეხბურთელს თვალდახუჭულმა რომ დავუჯავშნო 11 კაცში ადგილი. სხვა რაღაცეებიც შევატყვე კუტალიას.
- კონკრეტულად, რა შეატყვეთ?
- ნოემბერში, შვეიცარიასთან შესარჩევი ციკლის გასვლითი მატჩის წინა ღამეს შემთხვევით გავიგე, რომ არ ეძინა. ღამის 3 საათზე ოთახში სხვა ფეხბურთელს ესაუბრებოდა. წარმოიდგინეთ, ამხელა შვეიცარიასთან მეორე დღეს თამაში გვაქვს და ფეხბურთელს ღამის 3 საათზე არ სძინავს. იმ მეორე ფეხბურთელის გვარს არ ვიტყვი, არ იქნება ლამაზი. ახლა უთქვამს, ვნანობ, ბოსნიის მოქალაქეობა რომ არ მივიღეო. თუ თვითონ ჰგონია, რომ სხვა ქვეყნის სახელით თამაში მაგარი საქციელია, მიიღოს, ვინ უშლის.
გავიგე, კუტალიას ისიც უთქვამს, თუ გამომიძახებენ, უნდა ვითამაშო კიდეც, თუ არადა, ნუ გამომიძახებენო. ან საიდან მოიტანა - “ბაიაში” თამაშზე უარი რომ ვთქვი, ალბათ, მაგიტომ არ დამიძახეს ნაკრებშიო. სიჭინავა გაკვირვებულია. პირიქით, ეს კაცი იმას ამბობს, “ბაიადან” რომ ფეხბურთელებს იძახებთ, ცუდად არავინ გაიგოს, თავს უხერხულად ვგრძნობო.
- სხვა თემაზე გადავიდეთ: ესტონეთთან მატჩისთვის დასახელებულ შემადგენლობაში რაიმე ცვლილება ხომ არ მომხდარა?
- არა. ცვლილება ჯერ არა. ჯერჯერობით, არც ერთ ფეხბურთელზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ტრავმის გამო ვერ ჩამოდიოდეს. თუმცა, ამ დღეებში საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დავესწრები და ვნახოთ. საწყენია, რომ ლევან კაკუბავას თბილისის “დინამოში” სათამაშო პრაქტიკა არ აქვს. ასევე, მაინტერესებს “დიორის” გიორგი განუგრავას ამბები - ის გამოვიძახე, მაგრამ სრულყოფილ ფორმაში არის თუ არა, გავიგებთ. ზეგ 20 კაცამდე შევკვეცავთ სიას.
ილია ნანობაშვილი